თამარაშვილის #5-ში მცხოვრები მოსახლეობის ვარაუდით, მათი საცხოვრებელი ბინის წინ მდებარე პარკში ბენზინგასამართი სადგურისა და ძალოვანი უწყების შენობის გაშენება იგეგმება. უკმაყოფილო ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და ქუჩის გადაკეტვითა და აქციებით იმუქრებიან.
აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები გაუგებრობაში არიან. რამდენიმე დღის წინ, მათ პარკში ფოტოგრაფი შეამჩნიეს, რომელიც იმ ტერიტორიას სურათებს უღებდა. ისინი ამბობენ, რომ
როგორც გაიგეს ეს ტერიტორია კომპანია “ვისოლმა” შეისყიდა და ბენზინგასამართი სადგურის აშენებას აპირებს. ცხადია, ამისთვის ხეების გაჩეხვა და კარუსელების აღება იქნება საჭირო.
“როგორ შეიძლება კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის გაკეთება?! კორპუსში 54 ოჯახი ვცხოვრობთ და ამას ყველა გავაპროტესტებთ. ერთადერთი ადგილია ამ დასახლებაში, სადაც შეიძლება ბავშვები გაერთნონ. პირიქით, გამწვანებას უნდა ცდილობდნენ და ესენი კი ჩეხავენ”, - ამბობს თამარაშვილის ¹5-ში მცხოვრები მზექალა ნოზაძე.
თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთი კვირაა პარკში სხვადასხვა სამუშაოებს აწარმოებენ. თუმცა მათთვის ჯერ არავის უთქვამს, რისი გეკეთება იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
“საქმის კურსში არავის ჩავუყენებივართ, ისევ ჩვენ მივხვდით, რომ პარკის გაჩეხვას და რაღაც შენობის აშენებას გეგმავენ. მთელი კორპუსი საჩივარს შევიტანთ და არ მივცემთ უფლებას პარკი გაგვინადგურონ”, - ამბობს ამავე კორპუსის მცხოვრები ლია ბლიაძე.
რამდენიმე დღის წინ
პარკში გეოლოგიც მივიდა, რომელმაც ნიადაგი რამდენიმე ადგილას გაჭრა. იგი
ამბობს, რომ
ზუსტად არ იცის ეს რისთვის გახდა საჭირო, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე შენობის აშენებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს.
“დამავალეს გეოლოგიური თვალსაზრისით შემესწავლა ნიადაგი. ნიადაგის ასეთი შემოწმება მაშინ ხდება, როც იმ ადგილას რაიმე შენობის აშენება იგეგმება. უნდა გავიგო რა მდგომარეობაა მიწის ქვეშ, წყალი ხომ არ გადის, ნიადაგი მდგრადია თუ არა და ასე შემდეგ”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მომსახურე გეოლოგი ალექსი ბერიძე.
გეოლოგის თქმით, სამუშაოების დროს მასთან ერთად რამდენიმე პიროვნება იმყოფებოდა. თუმცა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ათუნაშვილის გარდა იგი არავის იცნობს: “10-15 კაცი იყვნენ ჩამოსული, მაგრამ გამგებლის გარდა ვერავინ ვიცანი. რის გაკეთებას აპირებენ ზუსტად არ ვიცი, ხომ არ ვკითხავდი?! ჩემი რა საქმეა! რაც მითხრეს, ის გავაკეთე”.
მისი განმარტებით, ნიადაგი იძლევა საშუალებას, რომ რაიმე შენობა აშენდეს: “საერთოდ დასკვნები რომ გავაკეთო, მინიმუმ ოთხ ადგილზე უნდა გავჭრა ნიადაგი. ამ ეტაპზე, სამუშაოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნიადაგი წესრიგშია და შენობის გაშენება შესაძლებელია”.
ახალციხის გამგებელი დავით ათუნაშვილი, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ფოტოგრაფისა და გეოლოგის შესახებ იცის რაიმე.
“საქმის კურსში არ ვარ, არ ვიცი რა ხდება”, - ამბობს იგი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ჯერ-ჯერობით ამ ტერიტორიაზე არაფრის გაკეთება არ იგეგმება, - “სამომავლოდ თუ რამე დაიგეგმება, მოსახლეობას წინასწარ აუცილებლად ვაცნობებთ”.
რაც
შეეხება აღნიშნულ ტერიტორიასთან კომპანია “ვისოლის” კავშირს, იგი ამბობს, რომ კომპანიამ მხოლოდ ყოფილი კინოს შენობა შეისყიდა, თუმცა რის გაკეთებას გეგმავენ, მისთვის ცნობილი ესეც არ არის.
თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგეობაში განცხადების შეტანას აპირებენ. მათი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, მაშინ გზების გადაკეტვითა და აქციების გამართვით იმუქრებიან: “ამ ტერიტორიაზე არც ბენზინგასამართ სადგურის და არც სხვა რაიმე შენობის გაშენების საშუალებას არ მივცემთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ წავალთ არჩევნებში, არ მივიღებთ მონაწილეობას, ამ მთავრობას ხმას არ მივცემთ”.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი