ადიგენი ყურადღების მოლოდინში
რა განსაზღვრავს პრობლემის პრიორიტეტულობას? რატომ არ გვარდება საკითხები, რომელთა შესახებაც იციან და რა არ იციან მათ, რომელთაც პრობლემების გადაჭრა ხელეწიფებათ?
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის გზის ის მონაკვეთი, სადაც ავტოსადგურია განთავსებული, სავალალო მდგომარეობაშია. სახელმწიფო მნიშვნელობის გზა სახიფათოა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვისაც, რადგან ამორტიზებულია გზის ტროტუარები და მონგრეულია მოაჯირი.
ადიგენის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მდინარეც უქმნის საფრთხეს. ხიდი აღარ არსებობს, მის მოვალეობას ხის მორი ასრულებს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე კი ცენტრალურ გზაზე გადმოდის და მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს.
“წყალი ადიდდა, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ნარჩენების გატანა თავად მომიწია. გამგეობას მივმართე თხოვნით, რომ წინასწარ მიეღოთ ზომები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ უშედეგოდ”, - ამბობს ადგილობრივი ციალა ფაილოძე-ზაზაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართვის შესახებ იცის. იგი გვარწმუნებს, რომ პრობლემები მოგვარდება.
“იმ დღეს წყალი ჩადუნელის ქუჩაზე გადმოვარდა. ქალბატონის თხოვნის შემდეგ სადგურზეც გავედით, მაგრამ წყლის დონე დაბალი იყო და ტრაქტორი ჩადუნელზე გავუშვით. გარწმუნებთ, საგზაო დეპარტამენტი ჩაატარებს სამუშაოებს, იზრუნებს ადგილობრივი ხელისუფლებაც”, - აცხადებს არსენ ბალახაშვილი.
გოდერძი სხირტლაძე ამ საკითხს ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგების პერსპექტიულ გეგმას უკავშირებს. სად არის და რას გულისხმობს ეს გეგმა, ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
“ადიგენი ტრანსფერზეა დამოკიდებული. ელოდება, რომ სერიოზული საქმიანობების საწარმოებლად სახელმწიფომ მისცეს რამე. მუნიციპალიტეტის შემოსავალი მწირია და ადგილობრივი ბიუჯეტი ყველაფერს არ ჰყოფნის”, - ამბობს გოდერძი სხირტლაძე.
პრობლემაა სველი წერტილის არარსებობაც სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალაშენებული სადგურის შენობის მეპატრონე სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მგზავრებისთვის სველი წერტილის ასაგებად ფართი არ გამოუყვეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ გიგაშვილი კი მიიჩნევს, რომ არამარტო სადგურის ტერიტორიაზე, არამედ მთელ მუნიციპალიტეტშია მოსაგვარებელი ის პრობლემები, რომელთაც კომუნალური სამსახური უნდა წყვეტდეს: “მართალია, კომუნალური სამსახური გორში გადავიდა, მაგრამ ჩარევით, შესაძლოა ბევრი რამ გაკეთდეს”.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გელა აღლემაშვილისთვის უცნობია, რომ სადგურის მიმდებარე გზა სახიფათოა. მას არც იქ მომხდარი შემთხვევების შესახებ სმენია. თუმცა გამგებლის მოადგილემ იცის ლიმონათის ქარხანაში დაზიანებული კანალიზაციის შესახებ.
საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილიც. იგი ამბობს, რომ კარგად ესმის ადამიანების გაჭირვება და მათ დაჯარიმებას ერიდება. დაჯარიმებით კი შესაძლოა ქარხნის მეპატრონე ნიურა ფარცახაშვილი დაზარალდეს.
“ქარხნიდან წყლის მილი მოაჯირზე გადმოდის, რაც პირველ რიგში მე მიქმნის პრობლემებს. ნაყიდი მაქვს მილი, მაგრამ ჩემი ხარჯებით რომ გავაკეთო კანალიზაცია, მუშაობის ჩატარების ნებართვა არა მაქვს”, - ამბობს ნიურა ფარცახაშვილი.
მსგავსი პრობლემების გადაწყვეტას თავის მოვალეობად მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ არაფერი სმენია.
“არ, ვიცი, ჩემთან არავინ მოსულა. გავეცნობი, უახლოეს მომავალში პირადად ვნახავ”, - აცხადებს გრიგოლ გიგაშვილი.
სიმონ პარუნაშვილი გვარწმუნებს, რომ მუნიციპალიტეტის ორმოცდათხუტმეტივე სოფელი მოვლილი აქვს, მაგრამ სადგურის ტერიტორიაზე ერთი წლის წინ, სტიქიის შემდეგ დაგროვილი “ნაგვის მთა” არ შეუნიშნავს.
ნაგვის გროვის შესახებ იცის გელა აღლემაშვილმა. “სადგურზე განთავსებული მაღაზიების მესაკუთრეებს შეეძლოთ, თითო ლარი შეეგროვებინათ და ნაგავი გაეტანათ”, - აღნიშნავს იგი.
ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ნელი აბულაძე მზად არის, აუცილებლობის შემთხვევაში ერთი ლარი გაიღოს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამისთვის ხარჯები გამოიყოფა. ადგილობრივი ხელისუფლების იმედი აქვს ადიგენელ ნონა გიგოლაშვილსაც.
“ჩვენი სამსახური მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს, რამდენიმე შენობას ასუფთავებს. კარგი იქნება, თუ დასუფთავების სამსახური მთელ მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, - მიაჩნია გამგეობის დაცვა-დასუფთავების სამსახურის უფროსს რუსუდან ლობჯანიძეს.
“ძალიან კარგი ხელისუფლება გვყავს. ყველაფერი მოგვარდება. ვიცი, რა უშველის სადგურის ტერიტორიაზე წყლის უწესრიგო დინებას. “ფანტანის” დადგმაა საჭირო და მზად ვარ, ამ საქმისთვის ორასი ლარიც გავიღო,” - ამბობს ადიგენელი ნიკო ზაზაძე.
მუნიციპალიტეტში სხვაც ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. მოსახლეობა ელოდება მათ, რომლებმაც პრობლემების შესახებ იციან და მათი გადაჭრაც შეუძლიათ.
ლალი ლობჯანიძე, ადიგენი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი