ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები სულავების ოჯახი ყოველი დღის გათენებას შიშით ელოდება. მათი ავარიული სახლის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
2004 წლის თებერვალში, მეწყერისა და დიდთოვლობის გამო, ჯემალ და ნანული სულავებს ორსართულიანი ბინის კედლები ჩამოენგრათ. ოჯახის უფროსმა ჩამომტვრეული სახურავის ნარჩენებით ერთი ოთახის გადახურვა მოახერხა, თუმცა წვიმისა და თოვლის დროს წყალი მაინც ჩადის.
1961 წელს აშენებული ორსართულიანი სახლი რომ სავალალო მდგომარეობაშია, ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა. მეორე სართულზე მხოლოდ კედლებია დარჩენილი, ფანჯრებზე დახეული ცელოფნები ფრიალებს, მორყეულია კიბე, იქვე ყრია ჩამონგრეული კედლებისგან დარჩენილი ნაგავიც.
,,ფრთხილად, შვილო, ფეხი არ ჩაგივარდეს”, - გვაფრთხილებს დიასახლისი და ერთ ოთახში შევყავართ, რომელიც ერთდროულად მისაღებიცაა, საძინებელიც და სამზარეულოც.
იატაკს ემჩნევა, რომ ნესტისგანაა დამპალი, ჭერი წვიმისგანაა გაყვითლებული, შპალერი მხოლოდ ადგილ-ადგილ შერჩენია კედლებს. ოთახში ძველი ნივთებია, ორი რკინის საწოლი, ძველებური მრგვალი მაგიდა სკამებით და ნესტისგან გაფუჭებული გარდერობი და “სერვანდი”.
,,კედლების ჩამონგრევის დროს ბევრი ჭურჭელი დაიმსხვრა. ღია ცის ქვეშ დარჩენილებს ლოგინები დაგვისველდა. სახლის საქმეს გარეთ ვაკეთებ. ღამეც შიშით გვძინავს, კედლები არ ჩამოგვენგრეს”, - გვიამბობს ნანული სულავა.
სულავები ამბობენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. დახმარების ხელი მხოლოდ მეგობრებმა გაუწოდეს.
,,ორი წელი თანასოფლელ ნარგიზა ჭაღიაშვილთან ვცხოვრობდით. მერე წელიწად-ნახევარი პავლე ფეიქრიშვილის სახლში ვიყავით. შემდეგ სახლი თავად დასჭირდა და ისევ ჩვენს სახლში დავბრუნდით”, - გვიხსნის ოჯახის უფროსი.
ჯემალ და ნანული სულავებს სამი შვილი ჰყავთ და სამივე მათგანი თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
,,ნინო და გრიგოლი დაოჯახებულები არიან, ვალოდია დასაოჯახებელია. გრიგოლის შვილი, ექვსი წლის თორნიკე ავადაა. თუ რაიმე საშუალება აქვთ, და-ძმა გრიგოლს ეხმარებიან”, - ამბობს ჯემალ სულავა.
70 წლის ჯემალ სულავა სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში სამი წელი დარაჯად მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ახლა პენსიაა. დაახლოებით შვიდი მეასედი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად არც ჯანმრთელობა უწყობთ ხელს და არც საჭირო სახსრები აქვთ: ,,ფული არ გვაქვს, რომ ტრაქტორი დავიქირავოთ და მიწა მოვხნათ. არც ფიზიკური მუშაობა შემიძლია, ინფარქტი ორჯერ მაქვს გადატანილი”.
მისგან განსხვავებით, გაცილებით რთული მდგომარეობა აქვს 65 წლის მეუღლეს. წელიწადნახევარია ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს: “ეს რომ გავიგე, საკუთარი თავი გამოვიგლოვე. ვამბობდი, რომ მოვკვდები ამ დანგრეულ სახლში არ დამასვენოთ, ბაღდადში წამიყვანეთ, მამიდას სახლში-მეთქი”.
ნანული სულავა თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობს. ქიმიოთერაპიის ორი კურსი უკვე ჩაიტარა, უახლესი ვიზიტი ექიმთან უსახსრობის გამო უვადოდ გადადო: “მთელი ზამთარი ვმკურნალობდი. შვილებთან ვიყავი, ნაქირავებ ბინაში. მაშინ 200 ლარით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დამეხმარა”.
სულავებს სოციალური და სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერი არ აქვთ.
“სოციალური აგენტი რომ მოვიდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით და იმ სახლის ავეჯი აღწერეს. მაღალი ქულები მოგვივიდა და დახმარება არ გვაქვს”, - ამბობს ნანული სულავა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ სულავების ოჯახის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ აქვს და არ იცის, იღებენ თუ არა ისინი რაიმე ტიპის დახმარებას. სახლის შეკეთებას რაც შეეხება, მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან მუნიციპალიტეტში 80 პროცენტი ავარიული სახლებია: “ზოგს სახლი აქვს შესაკეთებელი, ზოგს საქონლის სადგომი, ყველას დახმარება უნდა. გამგეობა ასეთ ოჯახებს ხუთ კუბურ მეტრ საშენ მასალას აძლევს. ამისათვის სულავებმა განცხადება უნდა შემოიტანონ”.
მისივე განმარტებით, განცხადების შეტანის შემთხვევაში იგი სულავებს ვაუჩერის აღებაშიც გაუწევს შუამდგომლობას: “შემოწმებიდან. ერთი წელი თუ არ არის გასული, ვუშუამდგომლებ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან რომ კიდევ ერთხელ გადაამოწმონ. თუ გასულია, ისინი თვითონ გადაამოწმებენ”.
ვიდრე სულავები გამგეობაში განცხადებას შეიტანენ, კომისია მათ ბინას გადაამოწმებს, დახმარების საჭიროება-არსაჭიროებაზე დასკვნას დაწერს და მერე ხუთი კუბური მეტრი საშენი მასალის მიღებაზე ნებართვას მისცემს, საკმაო დრო გავა. სულავების ავარიული სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ხანდაზმული ცოლ-ქმარი კი ყოველი გაწვიმებისას ცას შიშით ახედავს და იმ იმედით იძინებს, რომ მათი ერთადერთი ოთახის კედლები “ბუნების შემოტევას” გაუძლებს.
ნათია პარუნაშვილი, ადიგენი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი