1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის 65-ე იუბილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 75 ვეტერანი შეხვდა.
ზუსტად ერთი წლის წინ
ვეტერანები 89-ნი იყვნენ, წელს მათი რიცხვი 14 ადამიანით შემცირდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 1941 წელს ომში 62 ათასი ადამიანი წავიდა და მეოთხედი უკან არ დაბრუნებულა. წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან იყო ოთხი გენერალი, საბჭოთა კავშირის ორი გმირი, სამი ადამიანი კი დაჯილდოვებულია პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით. თუმცა ახალქალაქში ძეგლი, სადაც დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულთა ნათესავები და თანამებრძოლები მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიდიოდნენ, დიდი ხანია აღარ არსებობს.
“დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ძეგლი გვქონდა, მაგრამ დღეს მის ადგილას კულტურის სახლია. მემორიალი მშენებლობას ხელს უშლიდა და 1969 წელს აიღეს, იმ დროს პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ძეგლი ძალიან მძიმე იყო, სამხედრო დასახლებიდან ორი ტანკი მოიყვანეს და ისე აიღეს. ახლა ქალაქის ციხე-სიმაგრესთან დევს”, - ამბობს დიდი სამამულო ომის ვეტერანი მკრტიჩ კტოიანი.
მემორიალი თითქოსდა არქიტექტურული მოსაზრებებით აიღეს, შემდეგ კი იმავე ადგილას ლენინის ძეგლი დაიდგა. საბოლოოდ, ეს უკანასკნელიც მოხსნეს და დღეს ორივე ძეგლის ნარჩენები ციხე-სიმაგრის შესასვლელთან აწყვია. ძეგლების ნამსხვრევებს ბრინჯაო და სხვა ლითონები მოხსნეს და თურქეთში წაიღეს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ იგივე ბედი ეწია სამამულო ომის გმირების დარბინიანისა და ოვანოღლიანის ძეგლებსაც, თუმცა ქურდებმა მათი მთლიანად გატანა ვერ შეძლეს.
მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების დაცვა მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს ევალება, თუმცა, ამ საქმისათვის მათ არც სახსრები და არც
კადრები არ გააჩნიათ.
“ძველი ძეგლების დაცვა ჩვენს მოვალეობაში შედის, თუმცა, ახლების აშენების ან რესტავრაციის უფლება არ გვაქვს. რესტავრაციის გაკეთება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, ჩვენ უბრალოდ თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ ძეგლები არავინ დააზიანოს, მათ ტერიტორიაზე არავინ შევიდეს და არაფერი გათხაროს. ყოველ ძეგლთან დაცვას ხომ ვერ დავაყენებთ. თუ ჩვენთან სიგნალი შემოდის, რეაგირებას აუცილებლად ვახდენთ. ამ ძეგლების დასაცავად თანხა გამოყოფილი არ გვაქვს”, - ამბობს კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი.
საბჭოთა კავშირის გმირის, ვაჩაგან ვანციანის ძეგლს ყველაზე მეტი “მცველი” ჰყავს. ქანდაკება ქალაქის ფოსტის ეზოში დგას. ეს ტერიტორია კი ბაზრობაზე მომუშავე მოქალაქეებს აქვთ არენდით აღებული. ყოველ
დილას “მცველები” ძეგლის კვარცხლბეკთან გასაყიდი ფეხსაცმელების დალაგებას იწყებენ. ამ ძეგლის ნაწილ-ნაწილ თურქეთში გატანაც ალბათ სწორედ ამიტომ ვერ
შეძლეს.
ვაჩაგან ვანციანის ძეგლის მდგომარეობა დიდი სამამულო ომის ვეტერანს აშიკ აკოფიანს განსაკუთრებით აშფოთებს. ორივენი წარმოშობით სოფელ ზაკვიდან არიან. აშიკ აკოფიანი ახლა 86 წლისაა, იგი შავი ზღვის საზღვაო ფლოტში იბრძოდა.
“ვაჩაგან ვანციანის ძეგლზე სულ ჩიტები სხედან და ისე გააფუჭეს, რომ სახის ცნობა შეუძლებელი გახდა. ძეგლი მთლიანად გათეთრდა, მის ირგვლივ კი იმდენი ფეხსაცმელი ალაგია, რომ ძეგლთან მისვლაც კი აღარ შეიძლება. ეს არაადამიანობაა. ერთი წლის წინ მივმართე მათ, ვთხოვე შეეღებათ მაინც და შეღებეს. ძალიან გამიხარდა, როცა ეს ვნახე”, - ამბობს აშიკ აკოფიანი.
“მცველები” წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 9 მაისის დილას ორ საათზე ცოტა მეტხანს ისვენებენ, როდესაც ვეტერანებს, წარმომადგენლობით პირებს და სხვა მსურველებს ძეგლთან ყვავილები მიაქვთ. გამარჯვების 65 წლის იუბილე ვეტერანებმა ჩვეული წესით აღნიშნეს, ჯერ მემორიალთან ყვავილები მიიტანეს, შემდეგ კი მათ პატივსაცემად ბანკეტი გაიმართა. დარიგდა საჩუქრები 100 ლარის ოდენობით.
შუშან შირიანიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი