ათეულ წელზე მეტია, რაც ზარზმელის ქუჩიდან ჩამომდინარე ფეკალური მასა რუსთაველის ქუჩაზე მოედინება, ავტოფარეხებს ტბორავს და ქუჩებს აბინძურებს.
ეგრეთ წოდებული აძინაცეტების (ზარზმელი ქუჩა) დასახლებიდან წამოსული კანალიზაცია რუსთაველის ქუჩაზე ჩამოდის. ზამთარში ბავშვები გაყინულ ფეკალურ მასაზე სრიალებენ, ხოლო ზაფხულში აქ მუდამ გუბეები და ტალახია.
“დილა-საღამოს, წყალი რომ მოდის, ვერ გაივლი. რამდენჯერმე ვითომ გაგვიკეთეს, მაგრამ დრო გადის და ისევ ფუჭდება. ზაფხულში შადრევანივით ასხამს, ზამთარში იყინება”, - ამბობს რუსთაველის ¹101-ში მცხოვრები გურამ ხითარიშვილი.
ავტოფარეხები, სადაც მოსახლეობა ზამთრის ნობათსაც ინახავს, დატბორილია. აქ მანქანის გაჩერება შეუძლებელია.
“გარაჟებშიც ჩვეულებრივად წვიმს, რა უნდა შევინახოთ? შეშა ვერ დაგვილაგებია, სველდება და ობდება. მანქანასაც აფუჭებს ეს მარილიანი წყალი”, - წუხს ამავე კორპუსში მცხოვრები გურამ კაპანაძე.
“საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის” ახალციხის სერვისცენტრში პირად საუბარში ამბობენ, რომ “აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარეს”.
“ოფიციალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ პრესსამსახურს არ შევუთანხმდი, ისე ვერაფერს გეტყვით”, - ამბობს სერვისცენტრის მენეჯერი ზურაბ სადათიერაშვილი.
გასულ კვირას დაზიანებული საკანალიზაციო არხი მოსახლეობამ საკუთარი ძალებითა და ახალციხის სერვისცენტრის წარმომადგენლების დახმარებით გაწმინდა. თუმცა, წვიმიანი ამინდების შემთხვევაში, შესაძლოა, არხი ისევ დაზიანდეს.
სერვისცენტრში ამბობენ, რომ აღნიშნული საკანალიზაციო ჭების შესაკეთებლად დაახლოებით 30-40 მეტრის თიხის მილია საჭირო. თუმცა, კონკრეტულად რა თანხა დასჭირდება, ამას სერვისცენტრის ინჟინერი დაითვლის.
ქალაქში ანტისანიტარიასა და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს, მხოლოდ ზარმელის ქუჩიდან წამოსული კანალიზაცია როდი ქმნის. თითქმის კვირა არ გავა, რომ ფეკალური მასებით სხვა ქუჩებიც არ დაიტბოროს. ორ თვეზე მეტ ხანს იყო დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ყოფილი ოფიცერთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრობლემა დროებით მოგვარდა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ იგივე ისევ განმეორდეს.
სასმელი წყლის მილი იყო დაზიანებული ორბელიანის ქუჩაზეც.
სერვისცენტრში ამბობენ, რომ ექვსი თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ავარიების მოგვარებაზე მუშაობს, საკმარისი არ არის. მათ შეკეთებას ხშირად ორი და სამი დღეც კი სჭირდება, ამდენად, ერთდროულად რამდენიმე ავარიაზე მუშაობა შეუძლებელია.
გასულ წლამდე ქალაქის წყალმომარაგებასა და საკანალიზაციო სისტემას შპს “წყალკანალი” უზრუნველყოფდა. შარშან “წყალკანალი” გაუქმდა და აღნიშნული საკითხზე ზრუნვა შპს “აღმოსავლეთის წყლებს” დაევალა, ანუ საქართველოს რამდენიმე რეგიონზე პასუხისმგებლობა ერთ კომპანიას დაეკისრა. მიმდინარე წლის 14 იანვრის შემდეგ კომპანიას სახელი და უფლება-მოვალეობები კვლავ შეეცვალა. ამჟამად “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანია ჰქვია და თბილისისა და აჭარის რეგიონის გარდა, მთელ საქართველოს აერთიანებს.
როდის მოგვარდება ახალციხეში საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, არავინ იცის. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ათუნაშვილის განმარტებით ქალაქის წყალ-კანალიზაციის სისტემის გამოსაცვლელად “საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიას” 10 მილიონი ლარი გადმოერიცხა: “ეს 10 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ახალციხის სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გასაკეთებლად. სამუშაოები როდის დაიწყება, ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული, თუმცა პროექტის თანახმად ორ წელიწადში უნდა დასრულდეს”.
ახალციხის სერვისცენტრში კი ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული კომპანია არსებობს. ამიტომ ჯერ მხოლოდ გეგმა არსებობს, ხოლო როდის დაიწყება სამუშაოები, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
თამარ თოთაძე, ახალციხე
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი