ახალგაზრდების ინფორმირებისა
და არჩევნებისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციამ ,,ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” 4 მაისს ახალციხეში საინფორმაციო კამპანია
,,ჩემი პირველი არჩევნები” ჩაატარა.
შოთა ქვრივიშვილი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მან მოქალაქებრივი პოზიცია პირველად უნდა დააფიქსიროს.
,,ვფიქრობ, რომ არჩევნები თითოეულ მოქალაქეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს”, - ამბობს იგი.
,,ახალი თაობა –ახალი ინიციატივის” მიერ ჩატარებული კამპანია - ,,ჩემი პირველი არჩევნები”, რომელიც ხმის მიცემის პროცედურის იმიტაციას ითვალისწინებდა, მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა: ,,მომეწონა იმიტირებული არჩევნები, თანამიმდევრობით გავიარე ყველა ის პროცედურა, რაც არჩევნების დროს უნდა გავიარო”.
მის
მსგავსად, იმიტირებულ არჩევნებში დაახლოებით ორასამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
,,ახალი თაობა –ახალი ინიციატივის” კამპანია საქართველოს სამ რეგიონში დაიგეგმა და სამცხე-ჯავახეთის შემდეგ შიდა და ქვემო ქართლში უნდა გაიმართოს.
,,ვფიქრობთ, რომ ამ აქციის შემდეგ ახალგაზრდები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან არჩევნებში”, - ამბობს ,,ახალი თაობა-ახალი ინიციატივის” თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანი.
ღონისძიება ,,ჩემი პირველი არჩევნები” საერთაშორისო რესპუბლიკური
ინსტიტუტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
,,მიმაჩნია, რომ მნიშვნლოვანი ღონისძიებაა, ახალგაზრდებს ეძლევათ მიმართულება, რჩევა, პროცედურულად როგორ შეიძლება მისცენ ხმა. გამახსენდა ჩემი წარსული და გავიაზრე, რომ ზრდასრული ვიყავი და მეორე ის, რომ გარკვეული და მნიშვნელოვანი წვლილი შემქონდა ჩემი ქვეყნის განვითარებაში”, - გვითხრა ამერიკის საელჩოს განათლების, კულტურის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა სინტია უიტლისმა.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი