საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი 5-6 მაისს სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა. ორდღიანი ვიზიტი ელჩმა გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეში” სტუმრობით დაასრულა.
სამცხე-ჯავახეთამდე ჯონ ბასი საქართველოს სხვა რეგიონებსაც სტუმრობდა. ელჩმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტების მიზანი საქართველოში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების ადგილზე გაცნობაა.
ჯონ
ბასი გაზეთის მუშაობითა და პრობლემებით დაინტერესდა. ელჩმა საქართველოში მედიის მდგომარეობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიის განვითარებაში მედია გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იყოს ცხადი და გამჭვირვალე ტელევიზიების მფლობელების საკითხი. ჯონ ბასმა საკუთარ ჟურნალისტურ გამოცდილებაზეც ისაუბრა და შეხვედრის დასასრულს “სამხრეთის კარიბჭეს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- რას ისახავს მიზნად სამცხე-ჯავახეთში თქვენი ვიზიტი? ემსახურება თუ არა ეს ვიზიტი საქართველოს ერთ-ერთი პრობლემური, მრავალეროვანი რეგიონის კარგად გაცნობას და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას?
- რასაკვირველია, ეს ეხება რეგიონის შესწავლას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო მოსაზრებები რეგიონის მდგომარეობის შესახებ უშუალოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც აქ ცხოვრობენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან დიდი დახმარების პროგრამები საქართველოში. გარდა ამისა, არის სხვადასხვა სფერო, რომელშიც ჩვენ რეკომენდაციებს ან რჩევებს ვაძლევთ საქართველოს მთავრობას. ვინაიდან მე ჩართული ვარ
ამ ორივე საქმიანობაში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებ, ან ის საუბრები, რომელსაც ვაწარმოებ, ეყრდნობოდეს პირველწყაროსგან მიღებულ ინფორმაციას.
ჩვენი სტუმრობა ამ ორი დღის განმავლობაში, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებსაც ვესაუბრებოდი - ყველაფერი მეხმარება უკეთესად გავიგო, თუ რა ხდება საქართველოში. მაძლევს მე კონტექსტს, რომ დავარქვა სახელი სამცხე-ჯავახეთში არსებულ მდგომარეობას.
- საქართველოს პრეზიდენტი გრძელვადიანი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში. თუმცა პრეზიდენტ ობამასთან ოფიციალური შეხვედრის ორგანიზება არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა დსთ-ის ქვეყნების რამდენიმე ლიდერთან. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ამერიკა ცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ხარჯზე?
- მოკლე პასუხი იქნება - ნამდვილად არა! გრძელი პასუხი კი იქნება, რომ ზოგჯერ ხალხი ცდილობს, ძალიან დიდი ყურადღება მიანიჭოს რაიმე კონკრეტულ შეხვედრას, კონკრეტულ პერიოდში.
ამ პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტ სააკაშვილს ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან; გარდა ამისა, ბირთვული კონფერენციის მსვლელობის პერიოდში მას ხანმოკლე საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ობამასთან. ასევე, ამ სამიტამდე დაახლოებით ათი დღით ადრე, მას ჰქონდა სატელოფონო საუბარი ბარაქ ობამასთან.
მას
ჰქონდა საკმაოდ ინტენსიური, დატვირთული შეხვედრები სხვა სახელმწიფო მოღვაწეებთან ამერიკაში. ყველა შეხვედრა და საუბარი ეხებოდა იმ მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და აუცილებლობას, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.
მე მგონი, ის ფაქტი, რომ საქართველო გახლავთ ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარების მიმღები შეერთებული შტატებიდან, კარგად ასახავს ამ ურთიერთობებს.
- პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად საუბრობს იმ საფრთხეზე, რომელიც არსებობს რუსეთის მხრიდან. ამას ემატება ოკუპირებული ტერიტორიები და ყველაფერი ეს ქმნის მუდმივ დაძაბულობას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე, მოქალაქეთა ნორმალურ ცხოვრებაზე. თქვენი აზრით, როგორ და რა საშუალებებით უნდა შეძლოს საქართველომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა?
- საქართველომ ყველაზე დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ საკითხებზე, რომლებიც ამჟამად მისი კონტროლის ქვეშაა. ეს ნიშნავს ყურადღების გამახვილებას იმ 80 პროცენტ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა აკონტროლებს.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს რჩევას ვაძლევ, დათმოს ტერიტორია, ან აღიაროს რაიმე ფორმით ისინი, როგორც სახელმწიფოები. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ტერიტორიები გადაწყვეტენ მშვიდობიანად დაბრუნდნენ, მოახდინონ მშვიდობიანი რეინტეგრაცია საქართველოსთან, ეს უნდა იყოს მათი კეთილი ნებით მიღებული გადაწყვეტილება და ეფუძნებოდეს იმას, რომ ისინი უკეთეს მომავალს დაინახავენ საქართველოში.
უფრო ფართოდ რომ
ვისაუბროთ, ალბათ, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს, განამტკიცოს თავისი უსაფრთხოება უფრო დემოკრატიული განვითარებით და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკით. და აქვე მინდა ვთქვა, რომ
უსაფრთხოების საკითხები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვარდეს რუსეთის დელეგაციისათვის დათმობით. ეს არის მიზეზი, რომ
ჩვენ და ჩვენი სხვა მეგობრები ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის მთავრობაზე, რომ მათ შესარულონ ის ვალდებულებები, რომლებიც იკისრეს 2008 წლის ომის შემდეგ.
- ძნელია, გვერდი ავუაროთ ნატო-ს თემას. რა შანსები აქვს საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად? რატომ ჭიანურდება ეს პროცესი? რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს მუშაობა ქართულმა დიპლომატიამ?
- მე არ ვიტყოდი, რომ გაწევრიანება გაჭიანურდა. საქართველომ ნატო-სგან მიიღო ისეთი დაპირება, რომელიც სხვა არცერთ ქვეყანას არ მიუღია. ეს გამოიხატა იმ დეკლარაციაში, რომ ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
რასაკვირველია, ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტები, რომელიც ნატოს პოტენციური წევრისთვის არის დადგენილი. ჩვენ არ დაგვიდგენია, გაწევრიანების თარიღი. ზუსატად ისე, როგორც ჩვენ არასოდეს დაგვიდგენია რაიმე მოგონილი თარიღი იმისათვის, რომ რომელიმე კონკრეტულმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს პირობები, ვიდრე გახდება წევრი. ეს თავად საქართველოზეა დამოკიდებული. მან უნდა გააძლიეროს დემოკრატია, გახადოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამჭვირვალე და მიღებული იმ კონსულტაციის საფუძველზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში.
ტექნიკური სტანდარტის დაკმაყოფილება შედარებით მარტივია და შეიძლება ძალზედ სწრაფად მოხდეს, ზოგიერთის კი დრო სჭირდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, რომ დროთა განმავლობაში ეს სტანდარტები დააკმაყოფილოს.
- ასევე ძნელია, არ შევეხოთ არჩევნების თემას. 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ადგილობრივ არჩევნებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ბიუროდან 400-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, რაც უპრეცენდენტო ფაქტია. როგორ ახსნით ამას?
_ თქვენ ალბათ გულისხმობთ, რატომ ხარჯავს ეუთო-ს ხსენებული ინსტიტუტი ამხელა რესურსს.
ჩვენი ინტერესი არის ის,
რომ
დროთა განმავლობაში საქართველოს დემოკრატია ძლიერდებოდეს და უფრო მტკიცე ხდებოდეს. ეს ასახავს შეშფოთებას, რომ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ პოლიტიკა პოლარიზებული გახდა.
პრინციპში, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობა. ეს იქნება გადამწყვეტი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ ვცდილობთ, დაიხვეწოს ის საკითხები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესს. ეს გულისხმობს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასა და უფრო სრულყოფას, ასევე, გასაჩივრების პროცესის გაუმჯობესებასა და კონკურენტული გარემოს შექმნას.
ამდენად, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დიდი ინტერესის მიზეზი.
- და ბოლოს, როგორც ყოფილ ჟურნალისტს, მედიაზეც მინდა გკითხოთ. როგორია თქვენი მოსაზრება “მოდელირებულ ქრონიკასთან” დაკავშირებით? იყო თუ არა ეს ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა და რა რეაგირება უნდა მოჰყოლოდა მას?
- მე ვერ გეტყვით, რა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს.
მიმაჩნია, რომ
ეს იყო უაღრესად უპასუხისმგებლო და სცდებოდა პროფესიული ჟურნალისტიკის საზღვრებს. თუ ვინმეს უნდოდა, რომ ეს კარგი გასართობი გამოსულიყო, კარგად უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ეს არის გართობა და არ ყოფილიყო ისე მიწოდებული, როგორც ჟურნალისტური ინფორმაცია.
მე ვფიქრობ, რომ ამ ეპიზოდს აქვს სერიოზული გავლენა ქართული საზოგადოების მიერ ჟურნალისტიკის ხედვასა და აღქმაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი ნაბიჯი მოსალოდნელი მომავლის პრევენციის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ, ჩვეულებრივ, ადამიანები არ იღებენ კარგ გადაწყვეტილებას, როდესაც შიშის ქვეშ იმყოფებიან.
ნინო ნარიმანიშვილი. ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი