წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლას 437 მოსწავლე ამთავრებს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კი რეგისტრაცია მხოლოდ 228 აბიტურიენტმა გაიარა.
,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში სომხურენოვანი სკოლაა, აქედან მხოლოდ ორმა მოსწავლემ გაიარა რეგისტრაცია სოფელ ბალანთაში კი ქართულ-სომხური სკოლაა და უმაღლეს სასწავლებელში ერთი კურსდამთავრებული აბარებს,” - გვიხსნის ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი მარინა ხაჩიძე.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა რეგისტრაცია სკოლებში გაიარეს, ხოლო კურსდამთავრებულებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრში. (ასეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში 19 მოსწავლეა).
სკოლაში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მოსწავლეებმა მიიღეს ცნობარი, სადაც მოცემულია სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად ყველა საჭირო ინფორმაცია.
მეთორმეტეკლასელმა ნარი რევაზიშვილმა 15 მარტს გაიარა რეგისტრაცია. ამბობს, რომ უპირატესობა ბიზნესის და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტს მიანიჭა: ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტს მივანიჭე პრიორიტეტი. თუმცა, სარეგისტრაციო ანკეტაში ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც მივუთითე. როგორც ვიცი, სწავლის ხარისხი მაღალია და თან ტერიტორიულადაც ახლოსაა”.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ისეთი მოსწავლეებიც არიან, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ფინანსების არქონის გამო ვერ აბარებენ.
“რეპეტიტორთან არ მივლია, თანხის გადახდის საშუალება არ მაქვს. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვარ, მაგრამ რომც ჩავაბარო, ჩემს ოჯახს სწავლის ქირის გადახდის საშუალება არ აქვს”, - გვითხრა მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, რომელმაც ვინაობის გამხელისგან გასაგები მიზეზების გამო თავი შეიკავა.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი