ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა ოთხი წლის წინ დასრულდა. პროექტმა სოფლებში არაერთი პრობლემა დატოვა.
1770 კილომეტრი სიგრძის ნავთობსადენი აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მის მშენებლობაზე სულ 4,4 მილიარდ ევრომდე დაიხარჯა. საქართველოში ნავთობსადენის სიგრძე 248 კილომეტრია. გადის გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის რაიონებში, ასევე რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
პროექტის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და
2006-ში დასრულდა. მილმა 3 000 კერძო და იჯარით აღებული ნაკვეთი გადაკვეთა. ზემოქმედება ჰქონდა 72 დასახლებაზე.
კლლდე, მინაძე, აწყური, ვალე, წნისი – იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც მილსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ არაერთი პრობლემა დარჩა.
სარწყავი არხები
კლდე
კლდის 14-კილომეტრიანი სარწყავი არხი, რომლითაც 375 კომლი მრავალი ათეული წლის განმავლობაში სარგებლობდა, მილმა სამ ადგილზე გადაკვეთა და შვიდგან დააზიანა. მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესები, რომლის საერთო ფართი 330 ჰექტარია, სარწყავი არხის გარეშე დარჩა. კლდის მცხოვრებლების განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სოფელში მოსავლიანობამ 90 პროცენტით იკლო.
“ყანები სიცხისაგან გადამწვარია. აქამდე რაც მოგვყავდა, ახლა იმის ნახევარიც არ მოდის”, - ამბობს კლდის მკვიდრი ბესიკ ზუმბაძე.
ბადრი კურტანიძის თქმით, კლდეში მიწების დიდი ნაწილი მიტოვებულია:
“აღარაფერი ირწყვება. რაც დავთესეთ, ვერაფერი მივიღეთ, პირიქით, ზარალი ვნახეთ. ბაღები იყო სოფელში და ისიც აღარ არის, უწყლობით დახმა ყველაფერი. სოფელში სხვა თავის სარჩენი კი არაფერი გვაქვს”.
უშედეგო საპროტესტო აქციების შემდეგ, კლდეში ცხრაკაციანი კომისია შედგა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. სამწლიანი ლოდინის შემდეგ კლდიელებმა სასამართლოდან უარყოფითი პასუხი მიიღეს.
“სათანადოდ არ იყო მიწოდებული მასალები აქედან”, - ასე
ხსნის სასამართლოში წაგებულ საქმეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული კლდეში ზვიად კურტანიძე.
წნისი
წყალმიმწოდებელი არხი გადაკვეთა სამშენებლო დერეფანმა წნისშიც.
“რაღაც გააკეთეს, მაგრამ დღეს სოფელს სარწყავი წყალი თითქმის არ მიეწოდება”, - აცხადებს წნისის მკვიდრი და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” რეგიონული ოფისის კოორდინატორი მურად გოგოლაძე.
სოფელში წყლის უქონლობის გამო ტუმბო ვერ
მუშაობს. წნისელებმა ნაჟური წყლების შესაკრებად აუზი გაჭრეს. მაგრამ ეს წყალი სოფელს სამი საათის განმავლობაშიც არ ჰყოფნის.
“ჩვენს რეგიონში თუ არ მორწყე, ვერაფერს მიიღებ. ამ წყალმიმწოდებელი არხით 600 ჰექტარი ირწყვებოდა. გაიტანჯა მთელი სოფელი, რასაც დათესავ, იმასაც ვერ მიიღებ”, - ამბობს გოგოლაძე.
ვალე
დაზიანებულმა ღია არხმა ვალეში განსაკუთრებული პრობლემები ამ გაზაფხულზე შექმნა. არხიდან გადმოსულმა წყალმა 20-ზე მეტი ოჯახის ბაღი დატბორა, მათ შორის ხუთი ოჯახის 100 პროცენტით განადგურდა.
“ეს არხი კერძო საკუთრებაა. ბი-პი-ს არხის ჩამკეტი მესაკუთრისთვის მიუცია. არხის გაღება კი, სანამ წყალდიდობების საშიშროება არ ჩაივლიდა, არ შეიძლებოდა. ამდენად, კომპანიამ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა”, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული ვალეში ლერი ხითარიშვილი.
დანგრეული ბინები
მილსადენის მშენებლობის დროს მძიმეწონიანი ტრანსპორტის მოძრაობამ მინაძეში 27 საცხოვრებელ სახლს ნგრევის საფრთხე შეუქმნა.
ნუნუ ანტონიანის ხუთსულიან ოჯახს დერეფანის მშნებლობამ სახლი დაუბზარა, საქონლის სადგომის ერთი კედელი კი მთლიანად დაუნგრია. როგორც გარეთ, ისე წვიმს ლიზა ზედგინიძის სამზარეულოშიც, აქ ჯერ კედლები გადაიხსნა და შედეგ სახურავიც ჩამოინგრა. მზე და ქარი ერთნაირად აღწევს თამარ ზედგინიძის სახლის დახეთქილ კედლებშიც: “ყოველ წუთს ველოდები, რომ შეიძლება ჩამოინგრეს”, - ამბობს იგი.
მინაძელების ბინების საქმე უზენაეს სასამართლომდეც მივიდა. ამისათვის სოფელში თითო ოჯახმა 300 ლარი შეკრიბა.
“საქმე დახურეს, არ განიხილეს. ბი-პი-ზე ბევრი საჩივრები შემოდის და დავიღალეთო”, - გვიხსნის ნუნუ ანტონიანი.
74 წლის ლიზა ზედგინიძის ინფორმაციით, სოფელში აკრეფილი თანხიდან 70 პროცენტი უზენაეს სასამართლოს უნდა დაეტოვებინა: “თუ საქმე დახურეს, რისთვის უნდა აიღონ ფული?! მერე გვითხრეს, ეს თანხა უკან დაგიბრუნდებათო, მაგრამ ჯერ ჩვენამდე არავის მოუტანია”.
გაჩეხილი ჭალა
წნისის გაჩეხილი ჭალის ამბავი სასამართლომდე არ მისულა, თუმცა დადებული პირობა, ბი-პი-ს არც ისე შეუსრულებია. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაჩეხილი ჭალის ნაცვლად, კომპანიას წყალთბილის ტერიტორიაზე ნაძვი და ფიჭვი უნდა გაეშენებინა. ეს იმიტომ, რომ მრავალწლიანი ნარგავების ნავთობსადენთან გაშენება დაუშვებელია.
2005-2006
წლებში ახალციხის რაიონული გამგეობის გარემოს დაცვის განყოფილების გამგემ ნუგზარ თათეშვილმა ბი-პი-ს ნარგავების გაშენების შესახებ არაერთხელ მისწერა.
“დღემდე ერთი ნერგი არ დარგულა”, - აცხადებს თათეშვილი.
გამქრალი ფუტკრები
პროექტმა მეფუტკრეებიც დააზიანა. 2006 წელს სამცხე-ჯავახეთში ფუტკრის ძირების თითქმის ნახევარი გაქრა. თაფლის წარმოება კი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, 80 პროცენტით შემცირდა. მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად გამოწვეულმა ხმაურმა, მტვერმა და ვიბრაციამ არა მხოლოდ სამშენებლო დერეფნის 300-მეტრიან ზოლში, არამედ ამ ფართობის მიღმა არსებულ ტერიტორიებზეც მნიშვნელოვნად დააზიანა ფუტკარი.
“საშოვარზე გასული ფუტკარი უკან ვეღარ ბრუნდებოდა. სკამდე მოღწეულებს კი ნექტარი ვერ მოჰქონდათ. ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებამდე თუ ერთი ოჯახი 15 კილოგრამ თაფლს გვაძლევდა, მერე ექვს კილოგრამსაც ვერ ვღებულობდით”, - ამბობს მინაძელი მეფუტკრე, 73 წლის არსენ ზედგინიძე.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ფუტკრების არათუ მატება, არამედ ყოველწლიური კლება შეინიშნება: “ასეა ყველა მეფუტკრე, არა მხოლოდ ჩვენს სოფელში, არამედ ჩვენს მხარეში”.
კულტურული მემკვიდრეობა
პროექტმა პრობლემები მხოლოდ გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით როდი შექმნა. მილსადენის მშენებლობამ მნიშვნელოვნად დააზიანა კულტურული მემკვიდრეობაც. განსაკუთრებით დააჩქარა აწყურის ციხისა და აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ნახევრად დანგრეული ტაძრის ნგრევის პროცესი.
“თავიდან 50 კულტურული ძეგლი, შემდეგ კი ათი უნდა აღედგინათ. თუმცა მათ შორის მხოლოდ ვირქის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შეკეთდა, გადაიხურა და გზა მივიდა ტაძრამდე. თანხა არქეოლოგიურ გათხრებზე გახარჯეს, მაგრამ ისიც მცირე ნაწილი”, - გვიამბობს მხატვარი და კავშირ “მწვანე ჯვრის” თავმჯდომარე რამაზ კორშია.
მოსალოდნელი საფრთხე
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე მილსადენით გამოწვეულ მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს: “ინგლისელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ იმ ტექნოლოგიით შეფუთული მილები, რომლითაც ეს ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა, 6-7 წლის მერე კოროზიას განიცდიან”.
ამდენად, მისი განცხადებით, 2012 წლისთვის შესაძლებელია, კოროზიულმა პროცესებმა იჩინოს თავი: “ეს დიდი უბედურება იქნება ქვეყნისთვის, რადგან ჩვენთან ზედაპირული წყლები ძალიან ახლოსაა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ წყლებით სარგებლობს”.
***
საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მაღრაძე, პროექტის მიმდინარეობას 2006 წლამდე აკვირდებოდა: “არაერთ ადგილზე ნერგები დარგეს და არ გაიხარა, მაგრამ ყურადღებას აღარავინ აქცევდა. მას შედეგ წლები გავიდა, ვფიქრობ, მონიტორინგის ჩასატარებლად კარგი დროა”.
ახალციხის მუნიციპალიტეტში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. საკრებულოს თავმჯდომარის ვასილ ბერიძის განცხადებით, სოფლებში “წვრილ-წვრილი პრობლემები იყო”, მაგრამ ოფიციალური მომართვის სახე არცერთს არ ჰქონია: “რაც შეეხება გარემოს დაცვის საკითხებს, ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ”.
როგორც “სამხრეთის კარიბჭემ” გაარკვია, დღემდე პროექტის მონიტორინგით არცერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია არ დაინტერესებულა. გაშენდება თუ რა გაჩეხილი ჭალა, ან ვინ აღადგენს სოფლებში დაზიანებულ არხებს, არავინ იცის. ნგრევას განაგრძობს კულტურული ძეგლები და იმ ხელმოკლე ოჯახების სახლები, რომლებმაც საკუთარი სახსრებით ბინების გამაგრება დღემდე ვერ შეძლეს. ქრება ფუტკარიც. მილი კი დღეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით ერთი მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი