27 ოჯახს სახლი ენგრევა


უზენაესმა სასამართლომ ბი-პი- წინააღმდეგ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისას მინაძეში დაზიანებული სახლები ნგრევის პირასაა. ოთხი წელია, მინაძელების საქმე ინსტანციიდან ინსტანციაში ინაცვლებს, საბოლოოდ კი უზენაესმა სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. 

ოთხი წლის წინ, მილსადენის დერეფნის მშენებლობისას, მძიმეწონიანი ტექნიკის მოძრაობით გამოწვეულმა ვიბრაციამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში 27 სახლი დააზიანა.

ნგრევის პირასაა ნელი ქორიძის ბინა, დაწეულია სახლის მარჯვენა კედელი, ფანჯარას კი ნელ-ნელა გარშემო აგური ეცლება.  

აუდიტი იყო მოსული, 20 ათას ლარად შეაფასა ზარალი. საშუალება არ გვაქვს, რომ შევაკეთოთ. ღობეც მორღვეულია მთლიანად, ქვა დაყარეს და დაანგრიეს”, - გვიხსნის 35 წლის ნელი ქორიძე. 

დაბზარული კედლებიდან მზის სხივები და ქარი ერთნაირად შედის ეთერ მაისურაძის ბინაშიც. შერემონტება ვერც მაისურაძეებმა შეძლეს, თუმცა სულ რომ არ გადახსნილიყო, სახლს რკინის სარტყელი გაუკეთეს.

ნახევრად დანგრეული სახლი, დღემდე, ვერ შეაკეთეს მელიქიძეებმაც. სპეციალურმა კომისიამ ზიანი 5 160 ლარად შეაფასა. შვიდსულიანი ოჯახი სამ ოთახში ცხოვრობს და შესაძლოა, მალე, უბინაოდაც დარჩეს.  

მაშინ ცემენტი 5 ლარი ღირდა, ახლა 14 ლარია, ოთხი წლის წინ ხელოსანი მეტრს თუ ორ ლარად ააშენებდა, დღეს სამი ლარი უნდა. ბინაზე ზიანის ოდენობა 8-10 ათას ლარამდე გაიზარდა”, - გვიამბობს 60 წლის კობა მელიქიძე.  

უზენაეს სასამართლოში საჩივარი რომ შეეტანათ, მელიქიძეებმა პირუტყვი (ხბოები) გაყიდეს.

მოგვატყუა სასამართლომ! საქმის განსახილველად ფული დაამატეთო,Oშემოგვითვალა და მერე განხილვაზე უარი განაცხადა. უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ”, - აცხადებს კობა მელიქიძე.

ახალციხის რაიონული სასამართლოდან უზენაესში გასაჩივრებამდე მინაძელების საქმეს არაერთი ადვოკატი იცავდა. ავთანდილ თელიაშვილი საქმეში ბოლო ეტაპზე, სააპელაციო გასაჩივრებისას ჩაერთო.

ახლა დადგენილია, რომ გასაჩივრება მხოლოდ ორ ინსტანციაშია შესაძლებელი. უზენაესი სასამართლო ზოგჯერ შერჩევით იხილავს ისეთ საქმეებს, რომლებიც სამეცნიერო თვალსაზრისით აინტერესებს, ან ქვეყანაში ერთიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად სჭირდება. ამ პროექტის წინააღმდეგ მილიონობით საქმე გვავქს განხილული და არ გვაინტერესებსო”, - გვიხსნის თელიაშვილი.

კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საბოლოოა. ამდენად, მინაძელებს გასაჩივრებისათვის სხვა ინსტანცია აღარ აქვთ.

სამ-ოთხტომიანი საქმეა, ამას ინგლისურად ვინ თარგმნის?! სტრასბურგის სასამართლოს რომ წარმოებაში მიაღებინო საქმე, საკმაოდ დიდი ბაჟია გადასახდელი. ამის საშუალება ხალხს არ აქვს”, - ამბობს ადვოკატი.  

მისი თქმით, მინაძელებს უზენაეს სასამართლოში გადახდილი ბაჟი უკან დაუბრუნდებათ: საქმეში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვერ ვადგენთ ეს ბზარები როდის წარმოიქმნა - პროექტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, თუ ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის სამინისტროს მიერ გზის ექსპლუატაციის დროს”.

მისივე განმარტებით, იმ ქვეყნებთან, სადაც მილმა გაიარა, მშენებარე კომპანიებს საერთაშორისო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. დოკუმენტის თანახმად, ბი-პი ვალდებული იყო საქართველოს მოქალაქეებთან წინასწარ გაერკვია ტექნიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები. ასევე, ნეიტრალური ექსპერტების მეშვეობით დაეწერა დასკვნები, თუ რა მდგომარეობა შეექმნებოდა მსუბუქ ქანებზე გაშენებლ ბინებს: ეს არ გაუკეთებიათ, კვლევა დაიწყეს მაშინ, როცა ხალხი აყვირდა სახლები დაგვენგრაო. მერე მოიტანეს მცირე გაბარიტიანი ტესტები და განაცხადეს, საფრთხეს ჩვენ არ ვქმნითო. ორგანიზაციამ ტესტირება თავად ჩაატარა და დასკვნაც თავის სასარგებლოდ დაწერა”.

თელიაშვილის განცხადებით, მინაძელების შესახებ ობიექტური დასკვნები თავიდანვე არ დაიწერა. ეს კი ბი-პიმ და სასამართლომ მოსახლეობის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენა: გამოვიკვლიე გრაფიკი და დავადგინე, რომ 2005 წლამდე თავდაცვის სამინისტროს ამ გზაზე მძიმე ტექნიკა არ გაუტარებია, მაშინ სამინისტროს ამგვარი ტექნიკა არც ჰყავდა. ამდენად, აშკარაა, რომ ბინების ნგრევა პროექტის მშენებლობისას დაიწყო”.

თელიაშვილი ამბობს, რომ არ უნდა კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ცხადია, საქმე თავიდანვე არაკვალიფიციურად იყო დაწყებული.   

ადვოკატის თქმით, მაშინ მინაძელების წინააღმდეგ წავიდა ადგილობრივი თვითმმართველობაც: საკრებულომ მოსახლეობის დაუკითხავად მისცა ბი-პი- თანხმობა, მძიმეწონიანი ტექნიკა გაეტარებინათ, ოღონდ კი სოფლის გზა მოეხრეშათ. იმის ნაცვლად, რომ გზაზე დაფქვილი ქვა დაეყარათ, დიდი ლოდები მოიტანეს და სოფელში ამტვრევდნენ. ამან დაბზარულ სახლებს უარესი უქნა”.

კომპანია ბი-პი- პრესცენტრის წარმომადგენელის თამილა ჩანტლაძის განცხადებით, კომპანია ურთიერთობას კვლავ აგრძელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთ კავკასიური გაზსადენისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მარშრუტების ახლომდებარე დასახლებების მოსახლეობასთან: მოსახლეობის პრობლემებზე ქმედითი რეაგირებისათვის ყველა ვიზიტის შედეგები დოკუმენტურად აღირიცხება. ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას კომპანია ბი-პი-სა და მისი საქმიანობის შესახებ”.

მისივე განცხადებით, მილსადენების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების დაცვაზე კომპანია ყურადღებას ამახვილებს. გარდა ამისა, იგი გვარწმუნებს, რომ განხილული და მოგვარებულია მშენებლობის  პერიოდში დაწერილი საჩივრები.

მშენებლობის პერიოდთან დაკავშირებულ ყველა დარჩენილ საჩივარზე ბი-პი- 2008 წელსდაასრულა რეაგირება”. უზენაესი სასამართლო კი მინაძელების საქმით არ დაინტერესდა. 27 ოჯახი უბინაოდ დარჩენის საფრთხის ქვეშაა.

 თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი