ოპოზიციური პარტიების ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიას ბოლო დღეებში დაიწყებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვსი დღე დარჩა. რამდენად აქტიურობენ პოლიტიკური პარტიები, ხვდებიან თუ არა მოსახლეობას და როგორ ცდილობენ ამომრჩეველთა ხმების მოზიდვას?
ახალციხის მუნიციპალიტეტში ექვსი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული: “ალიანსი საქართველოსთვის”, “თოფაძე-მრეწველები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ეროვნული საბჭო”, “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” და “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”.
წინასაარჩევნო სამზადისი თითქმის ყველა პარტიამ დაიწყო. გამოჩნდა საარჩევნო პლაკატები და ბუკლეტებიც. თუმცა, ყველაზე მეტად მმართველი პარტია აქტიურობს. გასულ კვირას ახალციხეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე ეწვია. შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამეობის, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ახალციხის მოსახლეობა ესწრებოდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობასთანაც მართავს. ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი კი ახალციხის მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.
“მოსახლეობას ძირითადად მაჟორიტარები და პარტიის თავჯდომარე ხვდებიან. ვეცნობით მათ პრობლემებს და შესაძლებლობის ფარგლებში ვსახავთ მათი მოგვარების გზებს”, - ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინე სუდაძე.
პარტიაში ამბობენ, რომ
მოსახლეობასთან შეხვედრებს მანამადე გააგრძელებენ, ვიდრე ეს საარჩევნო კოდექსით იქნება შესაძლებელი.
“არჩევნების წინა დღეს ყველანაირი სააგიტაციო კამპანია შეწყდება”, - ამბობს მარინე სუდაძე.
შედარებით პასიურობენ ოპოზიციური პარტიები. საარჩევნო ბლოკ “ეროვნული საბჭოს” წარმომადგენელი ახალციხეში ოლეგ სადროშვილი ამ ფაქტს ფინანსური სიმწირით ხსნის. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს ჯერ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ და არც სააგიტაციო მასალები აქვთ მიღებული.
“ჩვენი აქტივობა იმით შემოიფარგლა, რომ თავიდანვე მაქსიმალურად ვეცადეთ დაგვეკომპლექტებინა საარჩევნო კომისიები, რადგან თუ იმ ვადებში ვერ ჩავჯდებოდით, საოლქო დააკომლექტებდა, ანუ ჩვენ ამის უფლებას დავკარგავდით”, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.
“ალიანსი საქართველოსთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის თამარ გოგოლაძის თქმით, ფინანსურად არც მათ პარტიას ულხინს. თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრებს მაინც მართავენ: “ჩამოსულები იყვნენ დავით ბერძენიშვილი და სოზარ სუბარი. შევხვდით სოფელ აგარის მოსახლეობას, თუმცა, ხალხი ახლოს მდებარე სოფლებიდანაც იყვნენ მოსული. ასევე შევხვდით სოფელ მუსხის, ხეოთის და ქალაქის მოსახლეობასაც”.
მისივე თქმით, მათთან შეხვედრის სურვილი უფრო მეტ ამომრჩეველს ჰქონდა. თუმცა, მოსახლეობა სიფრთხილის გამო თავს იკავებს, რადგან შემდეგ პრობლემები არ შეექმნათ.
“აგარაში მაშინვე მოვიდა პოლიცია და იქ იდგა. ამიტომ, მათ დანახვაზე ხალხის ნაწილი დაიფანტა, ასევე მოხდა ახალციხეში, ბავშვებიც კი შეშინებულები იყვნენ”, - ამბობს თამარ გოგოლაძე და დასძენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენებენ არჩევნებამდე დარჩენილ დროს და გააგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს: “პირველ რიგში იმ ოლქებს შემოვივლით, სადაც მაჟორიტარები გვყავს”.
მათ უკვე დაიწყეს საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ბუკლეტების დარიგებაც.
“ქრისტიან დემოკრატიულმა” პარტიამ წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრები გასულ კვირას დაიწყო.
“ახლა ვიწყებთ სოფლებში გასვლას. შევხვდებით ღრელის, ჭაჭარაქის, წყრუთის, წყალთბილის, ზიკილიის და აგარის მოსახლეობას. ვცდილობთ, რომ ყველა ოლქში მივიდეთ”, - ამბობს “ქრისტიან დემოკრატიული” პარტიის წევრი ზაზა ჩიტაძე.
რაც
შეეხება დანარჩენ ორ პარტიას, მათ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყიათ. როგორი ჩაივლის არჩევნები “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატებით აჭრელებულ ქალაქში, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ამომრჩევლები ამბობენ, რომ არჩევანს იმ პარტიისა და კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთებენ, ვისი ხედვაც მათთვის მისაღები იქნება, თუმცა საეჭვოა, ჯერ ისევ პასიურად მყოფმა პარტიებმა, ექვს დღეში ამომრჩევლის ინფორმირება შეძლონ.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი