ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი გაზიფიცირებულია, თუმცა უსახსრობის გამო ადგილობრივების ნაწილი გაზის სახლებში შეყვანას ვერ ახერხებს.
შპს “ბორჯომ-გაზის” მთავარი ინჟინრის ნუგზარ ბაკურაძის განმარტებით, პრეზიდენტის ბრძანებით 2009 წელს “იტერა-საქართველოს” გადაეცა რველი-ვარდგინეთისა და წაღვერი-მზეთამზიას გაზსადენი, რის სანაცვლოდაც მას უნდა აეშენებინა 12-კილომეტრიანი გაზსადენი ახალდაბაში: “გაზსადენი გავიყვანეთ სოფლებში - ტბასა და სადგერში, სადაც უკვე დასრულდა დაქსელვითი სამუშაოები. ამჟამად ცემსა და ტაბაწყურში იგეგმება მშენებლობა”.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სოფლებიცაა, სადაც გაზი არც ყოფილა და ვერც ამჟამად ხერხდება მათი გაზიფიცირება. მაგალითად: საკირე, დვირი და ჭობისხევი.
“ბორჯომში გაზსადენის მილი მოძველებულია. გაზის წნევა რომ გავზარდოთ, ან დანაკარგი გვექნება, ან უბედური შემთხვევა მოხდება. ამჟამად ახალციხის გაზიფიცირება მიმდინარეობს. აწყურის დაქსელვა რომ დაიწყება, მერე შესაძლებელი იქნება, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბორჯომის სოფლები ახალციხიდან მომარაგდეს”, - ამბობს ბაკურაძე.
მიუხედავად იმისა, რომ რიგ სოფლებში დაქსელვითი სამუშაოები დასრულდა, მოსახლეობის ნაწილმა გაზის ოჯახებში შეყვანა ვერ მოახერხა. გაზსადენთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებს გაზის შეყვანა 350 ლარი უჯდებათ. გაცილებით მეტის გადახდა უწევს შორს მცხოვრებ მოსახლეობას. განსხვავებულია ტარიფი იმ შემთხვევაშიც, თუ აბონენტს რამდენიმე წერტილის დამონტაჟება ესაჭიროება.
სოფელ ტბის მკვიდრი ნინო ოთანაძე ამბობს, რომ სოფელში ბუნებრივი აირით მხოლოდ სამი ოჯახი სარგებლობს: “გაზის შეყვანა 500 ლარი გვიჯდება, ამის შესაძლებლობა სოფლის მოსახლეობას არ გვაქვს”.
თამარ გელაშვილი მზეთამზიაში ცხოვრობს. მისი სახლი გაზსადენის მილისგან 15 მეტრითაა დაშორებული და ამიტომ გაზის შეყვანა 350 ლარი დაუჯდება: “აქამდე თანხა ვერ გამოვნახე, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ გაზის შეყვანას.
გაზის ბალონის ყიდვა გაცილებით ძვირი მიჯდება”.
სოფლებში - რველსა და ვარდგინეთში ბუნებრივი გაზით მხოლოდ 100 ოჯახი სარგებლობს. იგივე მდგომარეობაა წაღვერსა და მზეთამზიაშიც.
აქამდე “იტერა-საქართველოს” შუამდგომლობით, აბონენტებს გაზის შეყვანა სესხის საშუალებით შეეძლოთ. ამჟამად კი გაზის შეყვანის მსურველებმა პირველ ეტაპზე ღირებულების 50 პროცენტი უნდა გადაიხადონ, დანარჩენი თანხა კი ეტაპობრივად უნდა დაფარონ: “ასე ბანკში პროცენტების გადახდა აღარ მოუწევთ”, - გვიხსნის არსებულ მდგომარეობას ბაკურაძე.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი