ყოფილი ¹62 რუსული
სამხედრო ბაზის 158 ბინა პრივატიზებულია.
დანარჩენი ბინებისა და მათი მცხოვრებლების ბედი კი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.
რუსეთსა და საქართველოს შორის 2007 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ახალქალაქის ¹62-ე რუსული სამხედრო ბაზა დაიხურა. სამხედრო დასახლების კუთვნილი სახლები დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული და არავინ იცოდა, ამ ბინებისა და მათი მკვიდრების ბედი როდის და როგორ გადაწყდებოდა.
საბინაო ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
ბალანსზე დაირიცხა. დანარჩენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე დარჩა. თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა. სამხედრო დასახლების ბინების პრივატიზება რამდენჯერმე გადაიდო. ამის მიზეზი ხან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იყო, ხან კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის შეცვლა. თუმცა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ
ამის შემდეგაც არ იცოდა, როგორ გადაეწყვიტა ცარიელი ბინების დასახლებისა და ახალი, არალეგალური მკვიდრების საკითხი. ბოლოს და ბოლოს, 2009 წლის 4 ნოემბერს პრივატიზაციის პროცესი დაიწყო და გადაწყდა, ვინ უნდა დასახლდეს ცარიელ და დაკავებულ ბინებში.
პრივატიზაცია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვიტალი ტოროსიანის განმარტებით, ამ ეტაპზე პრივატიზებულია 158 ბინა ლეგალური ორდერებით.
“როგორც კი პრივატიზების პროცესი დასრულდება, სია უნდა გავუგზავნოთ პრეზიდენტს. გვითხრეს, რომ პირველ რიგში ბინები უნდა მივცეთ უბინაო ინვალიდობის მქონეებს, ვინც ქირით ცხოვრობს. შემდეგ მარტოხელებს სამუდამო უზუფრუქტით (ქონებით სამუდამო სარგებლობის უფლება). ეს პირობა აუცილებელია, რათა მათი გარდაცვალების შემდეგ თავიდან ავიცილოთ უცხო პირთა განცხადებები, გარდაცვლილებთან ნათესაობისა და ბინების მათზე მიკუთვნების შესახებ”, - გვიხსნის ვიტალი ტოროსიანი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ბინებით დიდი სამამულო ომისა და აფხაზეთის ომის მონაწილეებს და დევნილებს უზრუნველყოფენ: “ყველა, ვისაც რუსული ან სომხური მოქალაქეობა აქვს, დაკავებულ ბინას დატოვებს. ასევე, ბინებს გამოვუყოფთ მათ, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებში სამუშაოდ შორიდან ჩამოდის. მათაც, ასევე უზუფრუქტის პირობით. შინაგან საქმეთა ეროვნული კომიტეტისთვისაც, იგივე პირობით, 12 ბინა გამოვყავით”.
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები
პრივატიზაციის დაწყების მიუხედავად, ამ ბინებთან დაკავშირებით მაინც ბევრი პრობლემა რჩება. რა ბედი ეწევა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების მცხოვრებლებს, არავინ იცის. “ისე გამოვიდა, რომ არ გაგიმართლათ”, - ასეთი განმარტება მისცა ერთ-ერთი ესეთი სახლის მკვიდრ ქალბატონს “სახლმმართველობის” ხელმძღვანელმა.
“სახლმმართველობის” ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ ჩვენი სახლი მუნიციპალიტეტისთვის საპრივატიზაციოდ გადაცემული არ არის. შესაძლოა, რაღაც დროის შემდეგ ამ შენობების პრივატიზაციაც მოხდეს, თუმცა, გამორიცხული არაფერია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღემდე კომპენსაციისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გარეშე გამოსახლების შემთხვევა არ ყოფილა. როცა ვიკითხე, რა მოხდება, თუ ბინებს გამოსახლებამდე დაინაწილებენ და ვის გაასახლებენ ჩემთვის ბინის გადმოსაცემად, მიპასუხეს, რომ ეს მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული რომელიმე სახლი იქნება”, - ამბობს ყოფილი სამხედრო დასახლების მცხოვრები აშუშა აკოფიანი.
იმ ბინის კეთილმოწყობის საშუალება, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ, აშუშა აკოფიანის ოჯახს არ გააჩნია. მათ ისიც არ იციან, კიდევ რამდენ ხანს შეეძლებათ აქ ცხოვრება: “ხვალ რა იქნება, არ ვიცი. საკითხი ასე დავსვი, შემიძლია თუ არა ბინით სრულად ვისარგებლო, გაზი გავიყვანო, რაღაც გარანტია ხომ უნდა მქონდეს, რომ ეს ყველაფერი ჩემია. მითხრეს, რომ არ მირჩევენ. მეორე მხრივ, მეუბნებიან, რომ მე უბრალოდ არ გამიმართლა. კონკრეტულ პასუხს არავინ მაძლევს”.
ბრძოლა საკუთრებისთვის
ყოფილი სამხედრო დასახლების მცხოვრებთა ნაწილისთვის, ამ ბინებში ცხოვრება კონფლიქტებთანაა დაკავშირებული. ქიშმიშ სარუხანიანი ამბობს, რომ ხშირად ემუქრებიან კიდეც. კითხვაზე, ვინ ემუქრებათ, გვპასუხობს: “რობინზონ ყავრელიშვილი. მან მითხრა, რომ ბინიდან გამომასახლებს. როცა ვკითხე, რატომ, მიპასუხა, რომ ასე უნდა”.
ყველაფრის მიზეზი კი მაღაზიაა, რომელშიც ქიშმიშ სარუხანიანი ვაჭრობს.
“ეს მაღაზია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. თავი რომ ვირჩინოთ, მე და ჩემი ვაჟი, რომელიც საავტომობილო კატასტროფაში დაინვალიდდა, იქ ვვაჭრობთ. კითხვაზე, შემიძლია თუ არა ამ მაღაზიის პრივატიზება, ვერავინ მპასუხობს. სამხედრო ბაზაში სამსახურის დროს არც რუსეთის მოქალაქეობა მიმიღია და არც სერთიფიკატი საცხოვრებელ ფართზე. ნუთუ 30 წლიანი მუშაობის შემდეგ აქ ცხოვრებისა და მაღაზიის მეშვეობით ოჯახის რჩენის უფლება არ მაქვს?” - აღშფოთებულია ქიშმიშ სარუხანიანი.
აღმოჩნდა, რომ სამხედრო ქონებაზე დავაში იგი გამგეობის თანამშრომელთან
რობინზონ ყავრელიშვილთან
ჩაება.
“ამ მაღაზიისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. რობინზონ ყავრელიშვილმა მომთხოვა ამ მაღაზიიდან “გავთრეულიყავი”, რადგან მისი საკუთრებაა. როცა ვუთხარი, რომ ეს ფართი სახელმწიფოს საკუთრებაა, ის მაინც ამტკიცებდა რომ მისია და დამემუქრა, რომ ვერც ბინას მივიღებ და ვერც მაღაზიას”, - ამბობს ქიშმიშ სარუხანიანი.
დასახლების ახალი მკვიდრები
დასახლებაში, სახლის წინ მდებარე ჯიხურთან ახალგაზრდა წყვილი ზის. კითხვაზე - რამდენი ხანია ამ სახლში ცხოვრობენ, გვპასუხობენ, რომ ორი წელია. თუმცა პრივატიზაცია ჯერ არ გაუკეთებიათ.
“გვითხრეს, რომ გაგვიკეთებენ, საბუთებიც ჩაბარებული გვაქვს. მხოლოდ ნახაზის გაკეთებაა დარჩენილი. ორდერი გვაქვს. ბინა ვისგანაც ვიყიდეთ, ორდერიც მან მოგვცა”, - გვითხრეს
მათ, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო არც ვინაობა გაგვიმხილეს და არ ის, ვისგან და რა თანხად იყიდეს ბინა.
სირუნ აკოფიანის ოჯახი ახალი შექმნილია, მისი მეუღლე ინვალიდობის მქონეა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ოროთახიანი ბინა გამოუყო.
“ბინა გასული წლის სექტემბერში მოგვცეს. პრეზიდენტისგან მოვიდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ სამხედრო დასახლების საცხოვრებელი ფართების დანაწილებისას ერთი ბინა ჩვენც უნდა შეგვხვედროდა. ბინა გამოგვიყვეს და გვითხრეს, რომ მადლობელი უნდა ვიყოთ. მე შემომთავაზეს, რომ თუ მეუღლეს გავეყრები, როგორც მარტოხელა დედას, უფრო დიდ ბინას გამომიყოფენ”, - ამბობს სირუნ აკოფიანი.
დანგრევის პირას
სამი წლის განმავლობაში უპატრონოდ მიტოვებული სახლები, ფაქტობრივად, ნახევრადდანგრეულ
მდგომარეობაშია. ზოგ ბინას კარ-ფანჯარაც აღარ აქვს.
“სამხედრო ბაზაზე ვმუშაობდი და აქ ვცხოვრობ. ბინის პრივატიზაცია ჯერ არ გამიკეთებია. რამდენჯერმე იყვნენ მოსული, საბუთები შეაგროვეს, გვითხრეს, რომ არჩევნების შემდეგ გააკეთებენ. თუმცა სახლები, როგორც ხედავთ, ავარიულ მდგომარეობაშია, მათ ვინმემ უნდა მიხედოს. წვიმის დროს ჩვენთან წყალდიდობაა. მეოთხე სართულის ბინაში ცელოფნის დაფარება მოგვიხდა, რომ წყალი მესამე სართულზე არ ჩამოსულიყო. აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა”, - ამბობს არამაის ვართანიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვიტალი ტოროსიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე მუშაობენ: “ჯერ შემოწმდება რომელ შენობებს სჭირდება შეკეთება, ამის შემდეგ ავირჩევთ დანგრევის პირას მყოფ სახლებს და შევეკეთებთ. გარდა ამისა, ჩვენ მოვახსენეთ, რომ ბევრი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ხალხს კი მათი შეკეთების საშუალება არ გააჩნია. ველოდებით პასუხს, რამდენის საშუალებას მოგვცემენ, რომ შენობები გავარემონტოთ”.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი