20 მაისს ახალციხეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტუმრობდა. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ახალციხელ ამომრჩევლებს მშენებარე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა.
შეხვედრას სამხარეო ადმინსიტრაციის, ახალცხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვალის საავადმყოფოს და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” ლოზუნგით დაიწყო: “ყველაგნ დაწყებულია რაღაცის კეთება, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება”, - და აქვე დაამატა, რომ
მთავარი პრობლემა დასაქმება და სამუშაო ადგილებია: “საპარლამენტო არჩვენებზეც უმუშევრობაზე ვსაუბრობდით. ორ წელიწადში ვერ მოგვარდა ეს პრობლემა, რადგან არჩევნების შემდეგ იყო ომი და აგრესია, ეკონომიკური კრიზისი, შიდაპოლიტიკური პრობლემები”.
პარლამენტის თავმჯდომარემ იცის, რომ ახალციხეში წყალმომარაგების
პრობლემაა: “არის უბნები სადაც წყალი კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა, ახლა დაწყებულია მათი გაკეთება. მიმდინარეობს გაზიფიცირება, სკოლების რეაბილტაცია”.
ბაქრაძის განცხადებით, ახალციხის რაინული საავადმყოფო სხვა რაიონების საავადმყოფოებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია: “ახალი ჯანდაცვის პროგრამით, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, უკეთეს საავადმყოფოს გპირდებით. სადაზღვეო სისტემა აქამდე სულ არ არსებობდა, ახლა ბევრია დაზღვეული. გავაუმჯობესებთ სოციალურ დახმარებებსაც”.
მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან: “ბოლო წლების განმავლობაში ბავრი რამ გაკეთდა ამ ყველაფერის გამოსასწორებლად”.
ახალციხელმა ამომრჩეველმა მმართველი პარტიის წარმომადგენელს ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელი გზის შეკეთება, ადიგენელებმა კი ზანავის სკოლის რეაბილიტაცია და ინვენტარი სთხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარეს “პრობლემის მოგვარება ვერ სთხოვა” კლდიელმა ვალოდია ბურნუსუზიანმა: “მინდოდა მეთქვა, რომ 500 ჰექტარი მიწა აქვს სოფელს და ვერ ვთესავთ, სარწყავი არხი არ გვაქს და იმიტომ. მშიერია სოფელი ამის გამო”.
პარლამენტის თავმჯდომარეს ამომრჩევლებისგან მოსმენილი პრობლემები არსად მოუნიშნია, თუმცა “საკითხის დადებითად გადაწყვეტას” ყველას დაჰპირდა. ვისი გადასაჭრელი იქნება მოსახლეობის პრობლემები უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, 30 მაისის შემდეგ გაირკვევა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი