20 აპრილს ბორჯომში ეგრეთ წოდებული “ფეზეოს” კორპუსის ეზოში დავით ნებიერიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 43 წლის კახა გუმბერიძეს, რომელიც თავში მიყენებული ტრამვის შედეგად მეორე დღეს გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზეMმიმდინარეობს გამოძიება.
კახა გუმბერიძე ქალაქ ბორჯომში კოკინაკის დასახლებაში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
ჩხუბის თვითმხილველები ამბობენ, რომ უსიამოვნება მკვლელობაში ეჭვმიტანილ დავით ნებიერიძესა და მის მეზობელს, ავტომანქანის ხელოსან გიორგი ქურდოღლიანს შორის შელაპარაკებით დაიწყო. ქურდოღლიანი მანქანას მინებს ბურავდა, ნებიერიძემ კი სხვა ადგილას გადაყვანა მოსთხოვა იმ მოტივით, რომ მისი ადგილი ჰქონდა დაკავებული.
“ნებიერიძე ნასვამი იყო, რადგან მის ნათქვამზე ავტომანქანა არ გაიყვანეს, ცული აიღო და მანქანის დაზიანება დაიწყო, შემდეგ კი ქურდოღლიანს დაედევნა”, - გვიამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი და დასძენს, რომ ავტომანქანის შემკეთებელი იძულებული გახდა, მომხდარის შესახებ მანქანის მეპატრონისთვის, კახა გუმბერიძისთვის ეცნობებინა.
როგორც ირკვევა, ჩხუბის ფაქტს “ფეზეოს” კორპუსში მცხოვრები მამაკაცებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათი გაშველება არავის უცდია.
“მკვლელობაში ეჭვმიტანილი გასულ წლებში ბორჯომის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა. გარდაცვლილს მისთვის არ დაურტყამს, ალბათ შეეშინდა, პოლიციაში არ მიჩივლოსო, თვითონ კი უმოწყალოდ ურტყამდა თავში ქვას. ეზოში სისხლის გუბე იდგა”, - ამბობს თვითმხილველი.
ჩხუბის დამთავრების შემდეგ გუმბერიძე სახლში წავიდა, დილით კი ოჯახის წევრებმა იგი საწოლში გარდაცვლილი ნახეს.
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დირექტორის მაია ტიტვინიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარებას გუმბერიძეების ოჯახმა 21 აპრილის დილას, ცხრის ნახევარზე მიმართა: “სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე რომ მივიდა, იქ უკვე გვამი დახვდათ. როგორც ვიცი, ექსპერტიზის პასუხი ახლო მომავალში გახდება ცნობილი”.
აღნიშნული ჩხუბის შესახებ ბორჯომის პოლიციის სამმართველოსთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც გუმბერიძე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიცია იძიებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა).
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი