ყველა სპორტის იმ სახეობას დაეუფლება, რომელსაც სკოლის დირექცია გადაწყვეტს
ბორჯომის მესამე საჯარო სკოლაში სპორტული გაკვეთილების პილოტირება იწყება. თუმცა, მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ახალი ინიციატივის წინააღმდეგია.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2010-2011
წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის. უახლოეს მომავალში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლება.
პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით საპილოტედ 48 საჯარო სკოლა შეირჩა, მათ შორისა ბორჯომის მესამე საჯარო სკოლაც. უპირატესობა იმ სკოლებს მიენიჭა, რომელთაც გარკვეული სპორტული ბაზა გააჩნიათ. სკოლამ თავად უნდა აირჩიოს სპორტის ის სახეობა, რომელსაც ასწავლის.
მესამე საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ვალერი ჟადანის განმარტებით, სპორტული გაკვეთილების ჩატარება მათ სკოლაში უახლოეს მომავალში დაიწყება: “ჩვენი სკოლა საპილოტე სკოლებს შორის იმიტომ მოხვდა, რომ შესაბამისი სპორტული მოწყობილობა გვაქვს. მძლეოსნობა და ფრენბურთი ავირჩიეთ, მეშვიდე-მეცხრე და მეათე-მეთორმეტე კლასებისგან ფრენბურთის ორი გუნდი ჩამოვაყალიბეთ”.
მისივე თქმით, პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს კვლავ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ჩაუტარდებათ. ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია განსაზღვრო, უმცროსი ასაკის მოსწავლეებიდან ვინ რომელი სახეობის სპორტში შეძლებს ვარჯიშს: “ეს გადაწყვეტილება მე და სკოლის დირექტორმა მივიღეთ. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამინისტრო ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული სწავლების მეთოდზე”.
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მაია შავიშვილის განმარტებით, პროგრამა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და 2010-2011 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.
“სკოლას ექნება შესაძლებლობა, სპორტის ორი სახეობა აირჩიოს. სკოლა მაშინ ჩაერთვება ახალ გეგმაში, როდესაც დარბაზები გარემონტდება”, - გვიხსნის შავიშვილი და ამატებს, რომ ცხადია, კადრების ნაკლებობა იქნება, თუმცა პარალელურად მათი გადამზადებაც დაიწყება.
არასაპილოტე საჯარო სკოლის დირექტორები აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებულები არ არიან.
“სკოლაში დებულება არ მიგვიღია, ამის შესახებ ტელევიზიით მოვისმინე. ვარჯიშის შესაბამის ბაზას თუ შეუქმნიან, შემდეგ სკოლა თავად აირჩევს სპორტის სახეობას”,
- ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხაჩიძე.
ნუგზარ წიქარიშვილი მეორე საჯარო სკოლის დირექტორია. მისი აზრით, ფიზკულტურის გაკვეთილები გაცილებით ეფექტურია: “ინვალიდობის მქონე მოსწავლეებისთვის მსუბუქი ვარჯიში სტიმულის მიმცემია. რა ქნან მათ სპორტის გაკვეთილებზე?!”
ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას ეწინააღმდეგება პირველი საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ლეილა სამხარაძეც.
“თუ ბავშვმა საგნობრივად, რიგითობით არ გაიარა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, ჯანმრთელობა შეერყევა. ყველა სპორტსმენი ვერ გახდება, არასპორტსმენმა ბავშვებმა რა გააკეთონ?! ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ გაუუარესდებათ?!” - ამბობს იგი და დასძენს, რომ მათ სკოლაში დარბაზიც სარემონტოა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარი მოწესრიგდა და ბაზა მომზადდა, სავარაუდოდ, ფრენბურთს, მინი-ფეხბურთს, კალათბურთსა და მძლეოსნობას აირჩევენ.
სკოლებში სპორტული გაკვეთილების შემოღებას სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლებიც აპროტესტებენ.
“სკოლამ ჩემთვის არასასურველი სპორტის სახეობა თუ აირჩია, რა გავაკეთო ამ დროს, გარეთ ვიარო?!” - კითხულობს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ვაჟა კობერიძე.
ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს ირინა კუჭუხიძეს მიაჩნია, რომ განათლების სამინისტრო დიდ შეცდომას უშვებს: “თუ ვინმეს აქვს სურვილი, სპორტის კონკრეტულ სახეობას დაეუფლოს, ამისთვის სპოტსკოლები არსებობს. სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს”.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი