პრობლემები არის, მაგრამ ენთუზიაზმი არ ქრება


ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 22 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში თეატრში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, აპარატურაც მოძველდა, თუმცა პრობლემების მიუხედავად, პატარა მაყურებლის რაოდენობა არ იკლებს.

 ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა ფუნქციონირება 1987 წლის 1 იანვარს დაიწყო. თეატრის პირველი ხელმძღვანელი ზურაბ ქალიაშვილი იყო. სპექტაკლებს ძირითადად მოწვეული რეჟისორები დგამდნენ. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

22 წლის განმავლობაში ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში არა ერთი სპექტაკლი დაიდგა. ესენი იყო: ,,წითელქუდა”, ,,კაცია ადამიანი”, ,,მზისა და მთვარის ზღაპარი”, ,,პირიმზე”, ,,ბატის ჭუკი”, ,,კალოობა”, ,,მგელი და შვიდი თიკანი”, ,,პეპი გრძელი წინდა”, ,,მეფე, ვეზირი და პეპელა”, ,,სურპრიზი”, ,,ღორმუცელა ჟირაფი”, ,,კარუსელი”, ,,ბუტია”, ,,ბუ და პატარა ობობა”, ,,პირიმზე”, ,,ოქროს წიწილა”, ,,პატარა ფერია”, ,,ბერიკაობა”, ,,შაითან ხიხოდა ასე შემდეგ.

არსებობის განმავლობაში თოჯინების თეატრმა არაერთ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. იყო ბევრი წარმატებაც.

“1996 წელს ქუთაისში პირველად გაიმართა თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ბორჯომის თეატრმა ფესტივალის სპეციალური დიპლომი დაიმსახურა. 2001 წელს, თოჯინების თეატრების მაყურებელთა ბორჯომის ფესტივალზე, ბრწყინვალე მასპინძლის როლში მოგვევლინა და ლომის წილი გაიღო ფესტივალის დაუვიწყარ ზეიმად ქცევაში. ბორჯომის თოჯინების თეატრი გურჯაანის ფესტივალის საპატიო სტუმარიც იყო”, - მბობს ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორი ხათუნა თედორაძე.

მისივე განმარტებით, 2005, 2006 და 2007 წლებში თოჯინების თეატრმა გაიმარჯვა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,თეატრალური ხელოვნების განვითარება რეგიონებში”: “ამის შემდეგ კულტურის სამინისტრომ დააფინანსა პროექტები, ,,ჩვენი ხმა ბორჯომის მაღალ მთიანეთში”, ,,აქედანა და შენამდედა ,,ექო”. 2009 წელს დაფინანსება ერთმა სპექტაკლმა ,,ფისუნიამაცმოიპოვა”.  

ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაარსების შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. სარემონტოა სცენა და დარბაზი, მწყობრიდანაა გამოსული აპარატურა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტიდან თოჯინების თეატრში გათბობის დასამონტაჟებლად 30 000 ლარი გამოიყო.

ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს თეატრში რემონტსაც გაგვიკეთებენ”, - ამბობს ხათუნა თედორაძე.

მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში მსახიობები ანაზღაურებას ვერ იღებდნენ და ენთუზიაზმზე მუშაობდნენ, თუმცა თეატრი არასოდეს დაკეტილა.  დღეისათვის ხელფასების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

თეატრს მძიმე პერიოდი აქვს გავლილი. აქამდე რომ მოვედით, მსახობების დამსახურება, რადგან თვითეულ მათგანს ძალიან უყვარს თეატრი”, - ამბობს დირექტორი.

ამჟამად ბორჯომის თოჯინების თეატრში 19 საშტატო ერთეულია. ამათგან შვიდი მსახიობია. თოჯინების თეატრი პროგრამულ დაფინანსებაზეა. ყოველ წელს ოთხი ახალი სპექტაკლი  იდგმება და ამისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტი თეატრს 50 000 ათასი ლარით აფინანსებს. ხდება ძველი რეპერტუარის აღდგენაც.

ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი მაყურებელთა სიმცირეს არ უჩივის.

,,სკოლებში და საბავშო ბაღებში ხდება ბილეთების რეალიზაცია. 150-კაციან დარბაზში ცარიელი ადგილები თითქმის არ რჩება”, - ამბობს დირექტორი და იმედი აქვს, რომ მძიმე პერიოდ გამოვლილი და გადარჩენილი თოჯინების თეატრი ფუნქციონირებას არც მომავალში შეწყვეტს.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი