ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზები


გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ხასიათის ფსიქიკური აშლილობები; დაავადებულთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მათი ზრდის ტემპი და გამომწვევი მიზეზები.

ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას ხუთი მუნიციპალიტეტის (ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი) ქრონიკულ ფსიქიკურ ავადმყოფებს უწევს. დისპანსერი 1986 წლიდან ფუნქციონირებს. აქ სტაციონალურ აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა რიცხვი ყოველწელს იზრდება. დღეისათვის აღრიცხვაზე 1 900-მდე პაციენტია. ყოველწლიურად დისპანსერში საშუალოდ 50-დან 80-მდე ავადმყოფი რეგისტრირდება.

“პაცინეტების რაოდენობის ზრდა გასაკვირი არ არის. ყველამ ვიცით 1986 წლიდან 2010 წლამდე ქვეყანაში რა პოლიტიკური და სოციალური ვითარება იყო. ბოლო დროს დეპრესიულმა ფონმა განვითარებულ ქვეყნებშიც კი იმატა”, - ამბობს ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის დირექტორი ლამარა კიკნაძე.

მისი განმარტებით, დისპანსიურ აღრიცხავზე მყოფი ავადმყოფების რაოდენობიდან 42 პროცენტი გონებრივად ჩამორჩენილია. შიზოფრენიით და შიზოფრენიული ფსიქოზებით დაავადებულთა რაოდენობა 25 პროცენტია. 18 პროცენტი ჭკუასუსტობით და ეპილეფსიით ხასიათდება, 5 პროცენტზე ნაკლები კი ნევროზებზე, აფექტურ და პერსონოლოგიურ აშლილობებზე მოდის.

რაიონების მიხედვით რეგისტრირებული ავადმყოფებიდან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გონებრივ ჩამორჩენილობებზე ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებშია. ახალციხეში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ეს რიცხვი თითქმის თანაბარია და 40 პროცენტს აღწევს. რაც შეეხება შიზოფრენიულ ფსიქოზებს და ორგანული ბუნების აშლილობებს, მეტია ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. აფექტური აშლილობები ბევრია ახალციხეში.

“შარშან პირველადი ავადმყოფების რიცხვმა იმატა. 34 სტაციონარში,  სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. წელს რვა პაციენტი მოვათავსეთ სტაციონარში”, - გვიხსნის კიკნაძე.

მისი თქმით, თუ აქამდე სახელმწიფო პროგრამა 8 ნუზულოგიით შემოიფარგლებოდა, ანუ ავადმყოფთა მხოლოდ 25 პროცენტს აფინანსებდა, დროთა განმავლობაში დაფინანსება გაიზარდა: “სახელმწიფომ თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღო სოციალურად მნიშვნელოვანი ფსიქიკური აშლილობის ამბულატორიული და სტაციონარული დახმარება. ასე რომ არ ყოფილიყო, მათი უმრავლესობა დღეს ცოცხალი არ იქნებოდა”.  

სახელმწიფო პროგრამის ზრდის გამო დისპანსერში პაციენტთა ვიზიტები გაიზარდა: “არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტი დისპანსერს 2009 წელს ჰქონდა, 5 000-ს გადააჭარბა”.

დისპანსერის დირექტორის თქმით, ფსიქიატრთან ვიზიტი რომ სირცხვილად არ ითვლებოდეს, დაავადებულთა რაოდენობა ბევრად უფრო მცირე იქნებოდა: “ჩვენთან მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდიან, როცა დაავადება აღარ იფარება”.

კიკნაძე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე საუბარს მემკვიდრეობითი განწყობით იწყებს: “ხშირია, როცა პირდაპირი გზით კი არა, დაავადება გვერდითი შტოებით ფიქსირდება. შეიძლება მუცლად ყოფნის პერიოდშიც მოხდეს დაზიანება. მნიშვნელოვანია ფსიქო-ემოციური სტრესიც”.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში სამი ძირითადი ეტიმოლოგიური ფაქტორი გამოიკვეთა – თავა-ქალის ტრამვები, ალკოჰოლიზაცია და ნარკომანია: “შეიძლება ნარკოტიკი ერთხელ გასინჯოს ცნობისმოყვარეობით და ყევლაფერი ამნეზირებული ჰქონდეს. ამის შემდეგ აშლილობები ხშირად ეწყებათ”.

ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევვოლოგიურ დისპანსერს სამი ფსიქიატრი, სამი მედდა, მოწვეული ნევროპათოლოგი და ფსიქოლოგი ემსახურება.  დისპანსერის დაფინანსება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ხდება და მისი რაოდენობა თვეში ფიქსირებულ 6 137 ლარს შეადგენს.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი