შესაძლოა საჯარო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალოს. განათლების სამინისტრო ამ საკითხის დარეგულირებას ეთიკის კოდექსით გეგმავს.
მობილურ ტელეფონს სკოლებში, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, თითქმის ყველა მოსწავლე ატარებს. შესაბამისად, გაკვეთილის მსვლელობისას მობილურზე თამაში, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და ხანდახან საუბარიც კი ჩვეულებრივი მოვლენაა.
სკოლების ნაწილმა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი თავად მოძებნა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქცევის კოდექსში მსგავსი აკრძალვა უკვე არსებობს.
“ჩვენთან ეს სამი წლის წინ დაწესდა. 2007 წელს მოსწავლეთა ქცევის კოდექსში ერთ-ერთ პუნქტად შევიტანეთ და მას ხელი მშობლებმა და მოსწავლეებმა მოაწერეს”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.
თუმცა, სკოლაში მობილურ ტელეფონებს მაინც იყენებენ. მოსწავლეები სკოლაში ტელეფონის ტარების აუცილებლობას მარტივი მიზეზით ხსნიან.
“ხშირად მშობელი მობილურის საშუალებით გებულობს თავისი შვილის ადგილსამყოფელს, ან თუ რამე პრობლემა აქვს ბავშვს, მშობელს ტელეფონით უკავშირდება”, - ამბობს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თეონა ზედგინიძე.
მაკა ჯანაშვილის თქმით, მოსწავლეები ვალდებული არიან, მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმში ჰქონდეთ და გაკვეთილზე არ გამოიყენონ: “დაუშვებელია, რომ მობილურმა ტელეფონმა ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს.
თუკი ვინმე დაარღვევს წესრიგს, სეიფი სავსე გვაქვს მობილური ტელეფონებით”.
ყველა საჯარო სკოლას ჰყავს დირექცია და მეთვალყურე მასწავლებლები, რომლებიც თავად აკონტროლებენ მოსწავლეებს. ამიტომ პედაგოგები მობილურის ტარების აუცილებლობას ვერ ხედავენ.
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქცევის კოდექში მსგავსი აკრძალვა არ არსებობს. თუმცა სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის თქმით, თუ ეს აუცილებელი გახდა, მსგავსი პუნქტი ქცევის კოდექსში აუცილებლად შევა: “ხანდახან მობილური ტელეფონის გამოყენება ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ამიტომ, ყოფილა შემთხვევები, რომ მასწავლებელს მობილური ჩამოურთმევია, შემდეგ მშობელს ან მოსწავლეს უბრუნებენ”.
განათლების სამინისტრო ეთიკის ახალ კოდექსზე მუშაობს, სადაც მობილურების აკრძალვაა გათვალისწინებული. არ გამორიცხავენ, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება ყველა სკოლაში აიკრძალოს.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი