თვითმმართველობა – კანონი და რეალობა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში და ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და იცის თუ არა მოსახლეობამ, რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას.

მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში ქალაქების მართვა თვითმმართველობის ფორმით ხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობა - “საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად”, - განმარტებულია საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ. (თავი I, მუხლი I, პუნქტი ა).

თვითმმართველი ერთეული - დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, “ადგილობრივი თვითმმართველობის” ორგანული კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა\მერი) ორგანოები.

საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ: აირჩიონ და არჩეული იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან და თანამდებობის პირებისაგან; წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა; მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირებს; განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობას სამი სახის უფლებამოსილება აქვს: ექსკლუზიური (უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობა და მასზე კონტროლი ან ჩარევა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით); დელეგირებული (უფლება, რომლის მინიჭებაც ხდება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სახელმწიფო ორგანოების მიერ შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური ბაზის უზრუნველყოფით, მეთოდური ხელმძღვანელობით და ზედამხედველობით) და ნებაყოფლობითი (უფლებამოსილება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს საკუთარი ინიციატივით).

ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. სხვა საკითხია რა ხდება რეალურად და რამდენად იცის მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დანიშნულების შესახებ.

როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ ამომრჩეველმა კარგად იცის, რა არჩევნებია და რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას. ასევე, ისინი კარგად იცნობენ მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს და საარჩევნო პროგრამებს, რადგან  ხშირად მართავენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. თუმცა, სხვა სურათი იხატება მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად.  

ადიგენის მოსახლეობა ამბობს, რომ კანდიდატების ვინაობისა და მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათ ვერც იმ კითხვაზე გვიპასუხეს, რა არის თვითმმართველობა და რა უფლება-მოვალეობები გააჩნია. თუმცა, ამომრჩევლები თამამად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რადგან მხოლოდ ამ პერიოდში ახსოვს ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობა.

“ჯერ კანდიდატი არ შემირჩევია, რადგან მათი ვინაობა არ ვიცი. ისეთი პიროვნება უნდა ავირჩიოთ, ვინც პრობლემებს მოგვიგვარებს, თუმცა პრობლემები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ”, - გვითხრა შოთა გედენიძემ.

სასურველი კანდიდატი არც 42 წლის ელგუჯა შავაძეს შეურჩევია: “კანდიდატების ვინაობას რომ გავიგებ, მერე გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადიგენის რაიონული შტაბის თავმჯდომარე თამაზ კიკაბიძე კი გვარწმუნებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობა ინფორმირებულია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობაა, იზრუნოს რაიონზე, სოფელსა და ქალაქზე. უნდა შექმნან სამუშაო ადგილები და მოაგვარონ ყველა ის პრობლემა, რაც ადგილობრივ მოსახლეობს აწუხებს. მაგრამ, რეალურად ასე არ არის. არაფერს არ აკეთებენ, ზიან კაბინეტებში 22-23 წლის ბიჭები და თვის ბოლოს ელოდებიან, რომ ხელფასები აიღონ”, - გვითხრა გედენიძემ. მან იქვე დასძინა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუმცა დიდი იმედი არ აქვს, რომ ყველაფერი დემოკრატიულად ჩაივლის: “საერთოდ არ უნდა იყოს არჩევნები! ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გამოგზავნოს კაცი, რომელიც რაიონს უხელმძღვანელებს. ხალხის აზრს მაინც არ ითვალისწინებენ და არჩევნები ტყუილი ფულის ხარჯვაა”.

არჩევნებისადმი ნიჰილისტური განწყობის მიზეზად მოსახლეობა იმედგაცრუებასაც ასახელებს. ისინი, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობა კარგად იციან, ამბობენ რომ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობა დანიშნულებას არ ასრულებს.

“ვინც არ იცის ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა, იმას პროტესტი არაფერზე უჩნდება და სჯერა, რასაც ეუბნებიან. ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა ადგილობრივი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს და მხოლოდ გზების და ხიდების მშენებლობა არაა მათი საქმე”, - გვითხრა დავით ბერიძემ, რომელიც არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს. მან აქვე დასძინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საპარლამენტო, ვინაიდან ამ არჩევნებზე კონკრეტულად მუნიციპალიტეტის ბედი და აქ მცხოვრებთა კეთილდღეობაა დამოკიდებული.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი