27-28 თებერვალს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ესტუმრა.
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 27 თებერვალს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას ბათუმი და ამ ქალაქში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
სომხეთისა და საქართველოს ლიდერებმა შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის გამყარების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის “ზემო ლარსის” გახსნის თემა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
მეზობელ ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ბათუმში “წმინდა მხსნელის” სახელობის სომხურ ეკლესიაში საკვირაო მესას დაესწრო, შემდეგ კი ეკლესიის ეზოში აღმართულ მემორიალთან ყვავილები მიიტანა. სომხეთის ლიდერი საკვირაო ღვთისმსახურებაში მონაწილე აჭარის სომხური თემის წარმომადგენლებს ესაუბრა.
სტუმრობის დასასრულს სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ვიზიტის შედეგები შეაჯამეს. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სომხეთის პრეზიდენტთან გამართულ არაოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.
“მოვილაპარაკეთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის ინტეგრირებაზე. ასევე, გადავწყვიტეთ ურთიერთობა გავაღრმავოთ და მეტი ძალისხმევა მივმართოთ ჩვენი ხალხების მაქსიმალური დაახლოებისთვის, იმის მიუხედავად, რომ ეს ურთიერთობები თავისთავადაც ძალზე მჭიდროა. სამომავლოდ ასეთი შეხვედრები უფრო ინტენსიური გახდება. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ და ერთმანეთს ვჭირდებით. ერთმანეთზე დამოკიდებული ვართ და ეს ურთიერთკავშირი კეთილი საქმის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სერჟ სარგსიანმა კი განაცხადა, რომ სერიოზულად უნდა იფიქრონ ინტეგრაციის საკითხებზეც: “დარწმუნებული ვარ, წლევანდელი წელიწადი ჩვენს ურთიერთობებში გარდამტეხი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობები მუდამ კარგი იყო და დღესაც შესანიშნავია. თუმცა ერთ ადგილას ყოფნას მიჩვეული არ ვართ და ჩვენთვის წინსვლა აუცილებელი პირობაა”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი