წვიმიანი ამინდების გამო ადიდებული მდინარე სასმელი წყლის სათაო ნაგებობას შეერია და კვირაზე მეტია ქალაქს გაუფილტრავი, სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
კვირაზე მეტია ქალაქში დაბინძურებული წყალი მოდის, ამიტომ მოსახლეობა სასმელ წყალს ახალციხის გარე უბნებიდან ეზიდება. რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ, სათაო ნაგებობას, საიდანაც ქალაქს სასმელი წყალი მიეწოდება, ადიდებული მდინარე შეერია.
“სასმელ წყალს ურაველიდან ვეზიდებით. ოჯახში პატარა ბავშვი გვყავს და ამ წყალს საჭმლისთვისაც არ ვიყენებთ”, - ამბობს ცხრა აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ანა ბარძიმაძე.
დაბინძურებული წყალი ქალაქის ყველა ქუჩის მოსახლეობის პრობლემაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი ყვითელი ფერისაა და უსიამოვნო სუნი აქვს.
“სარეცხი ვეღარ დამირეცხია, ისეთი ჭუჭყიანი წყალია. ამით სადილი რომ გააკეთო, მოიწამლები კიდეც”, - წუხს იაძის ქუჩაზე მცხოვრები ნონა მანჩხაშვილი.
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ამბობენ, რომ დაბინძურებული წყლით მოწამლულ პაციენტი არ ჰყავთ.
პრობლემის მიზეზების გასარკვევად შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სამსახურს” მივაკითხეთ. აღნიშნული სამსახური ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა და შესაბამისად, საკითხში გარკვეული არავინაა.
“სამი დღის წინ დავინიშნე და ჯერ ვითარებაში გარკვეული არ ვარ, ამდენად ვერაფერს გეტყვით. თუმცა, გპირდებით, რომ სამომავლოდ არანაირი პრობლემა არ იქნება და ჩვენგან ყველანაირ ინფორმაციას მიიღებთ”, - გვითხრა შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სამსახურის” უფროსმა ზურაბ სადათერაშვილმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი გვაიმედებენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა მალე მოგვარდება.
“ამაზე უკვე მუშაობენ და წყალი მალე გასუფთავდება. სათაო ნაგებობებში წყალი უცებ შევარდა, გადაკეტვა ვერ მოასწრეს და ამიტომ აიმღვრა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.
გასულ წელს ახალციხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში რაბათის დასახლებისთვის წყლის თვითდინებით მიწოდება, საბარგო სადგურის შიდა ქსელის მოწესრიგება, 14 სოფლისთვის წყლის მიწოდება და ქალაქის გამრიცხველიანება შედიოდა. “თანხის ნაწილი ადგილობრივი ბუჯეტიდან, ხოლო ნაწილი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯა”, - განმარტავს გამგებელი.
სასმელ წყალზე ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება 2009 წლის ივლისიდან დაიწყო. დახარჯული წყლის საფასურის მრიცხველის მონაცემების მიხედვით გადახდა იანვრიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა დღემდე წყლის გადასახადს მრიცხველის მიხედვით არავინ იხდის.
“გამრიცხველიანება უკვე დამთავრდა, მაგრამ მრიცხველის მიხედვით საფასურის გადახდა მთელი საქართველოს მასშტაბით გადაიდო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ტარიფი დადგენილი არ აქვს”, - განმარტავს დავით ათუნაშვილი.
“აღმოსავლეთის წყლის სამცხე-ჯავახეთის ფილიალში”, რომელიც ახლა შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” გახდა, მაშინ ამბობდნენ, რომ წყალი ყველა სართულზე თვითდინებით ავიდოდა და ელექტრო-საქაჩები საჭირო აღარ იქნებოდა. ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და მოსახლეობას თვითდინებით წყალი უკვე მიეწოდება.
“მეოთხე სართულზე წყალი თავისუფლად მოდის, მაგრამ თუ სუფთა არ არის, რაში გამოვიყენებ?” - ამბობს რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლია ზედგინიძე.
მაშინ, როდესაც მრიცხველებს ამონტჟებდნენ, მოსახლეობას აიმედებდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში სუფთა წყალს მიიღებდნენ: “წყალი სუფთა რომ არ იყოს, მრიცხველი არ იმუშავებს”.
წვიმები შეწყდა, წყალი ჯერ არ გასუფთავებულა. მრიცხველი ტრიალებს, არც წყლის ხარისხი აფერხებს მის მუშაობას და არც არავინ აქცევს ყურადღებას მის მონაცემებს. სამაგიეროდ, ბოლო ერთი კვირაა რიგებია ქალაქგარეთ და დიდი მოთხოვნილება მაღაზიაში სასმელ წყალზე. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მარტიდან მაინც გასუფთავდება ონკანებში წყალი და საფრთხე აღარ შეექმნება მათ ჯანმრთელობას.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი