შეწყვეტილი რესტავრაცია

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრიდან, რომელიც ერთ დროს საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა და საქართველოს ტაძრებს შორის უდიდესი იყო, ახლა მხოლოდ კედლებია დარჩენილი. როდის დაიწყება ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია არავინ იცის.

ნათია
მარტინენკო, ახალციხე
ტაძრის გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია. უგუმბათო ტაძარში გადახურული ერთი მცირე სამლოცველოა, სადაც წირვა-ლოცვა ყოველ შაბათს აღევლინება.

 საუკუნეების განმავლობაში აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. თუმცა ჟამთა სვლამ თავისი კვალი მაინც დაამჩნია.

 2006 წელს აწყურელი ბიზნესმენის ტარიელ ფერაძის დაფინანსებით ტაძრის აღდგენა დაიწყო, მაგრამ სამუშაოები მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ყოფილი მოძღვარი, დეკანოზი იოანე გელაშვილი ამბობს, რომ მაშინ შესაფერი სამშენებლო მასალა ვერ გამოიძებნა.

 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული აწყურის თემში, გელა მუმლაძე გვიხსნის, რომ საეპისკოპოსოსთან უთანხმოებაში მოვიდნენ და  აღდგენა ამიტომ შეჩერდა.

 ტაძრის რესტავრაცია-აღდგენა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დავობს. ადგილობრივები ტაძრის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ითხოვენ, რომ კარგი იქნება, ახალი ტაძრების მშენებლობასთან ერთად საქართველოში ძველი ტაძრების აღდგენაზეც ზრუნავდნენ. 

ამ ტაძარს უდიდესი და მნიშვნელოვანი ისტორია აქვს, იქნებ ყურადღება მოაქციონ”, - ამბობს აწყურში მცხოვრები თამილა თოთაძე. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში რევაზ ანდღულაძე ამბობს, რომ ხელახალი რესტავრაციის დასაწყებად საპატრიარქოს, ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ნებართვაა საჭირო: ,,ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი: დაწოლა, ქვის  დაწყობა. სასურველია ამ ტაძარს კონსერვაცია ჩაუტარდეს, სადაც დუღაბებია სიმაღლემდე მივიდეს და გაჩერდეს, რომ დუღაბი, რაც არის, არ ჩამოირეცხოს”. 

იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ტაძრის კედლები მთლიანად ჩამოინგრეს: ,,ქარია, წვიმაა, დღეს და ხვალ შეიძლება არ დაინგრეს, მაგრამ  მასალათა ტექნოლოგიაში არის დაღლილობის მომენტი, დაიღალა და ჩამოინგრევა”.

 გელა მუმლაძე გვაიმედებს, რომ ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია აუცილებლად დაიწყება: ისეთი მნიშვნელობის ტაძარია, ყველა მონდომებულია მის აღსადგენად”. თუმცა, ვადებზე საუბარი უჭირს.

 დეკანოზი იოანე გელაშვილიც ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ტაძრის აღდგენა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს: “მაგრამ, სანამ შედეგს არ ვნახავთ, წინასწარ ვვერაფერს ვიტყვით”. აწყურთან და მის შემოგარენთან დაკავშირებული ისტორია, დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საქართველოში დაასვენა ანდრია მოციქულმა, არის აწყურის ღვთისმშობლის ხატი. პირველ საუკუნეში აწყური სამცხის ცენტრს წარმოადგენდა, აქ იყო საეპისკოპოსო ცენტრი.

 აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოხსენიებულია ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის დროს VIII-IX საუკუნეებში. გრიგოლის ერთ-ერთი მოწაფე აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა. 

მემატიანე მოგვითხრობს, რომ XII საუკუნის მიწურულში, ძლიერი მიწისძვრის დროს, როდესაც სამცხეში არცერთი ტაძარი და ეკლესია აღარ დარჩა, აწყურის ღვთისმშობლის ხატი ეკლესიის შუაში ესვენა, ჩამოქცეულა უზარმაზარი გუმბათი, მაგრამ ხატი ოდნავადაც არ დაზიანებულა.

ტაძრის ჩრდილოეთით ჩატარებული გათხრების შედეგად გაირკვა, რომ აქ არსებობდა უფრო ძველი VI-IX საუკუნის მცირე ზომის ეკლესია.

არქეოლოგებმა ორი ათასი წლის წინანდელი თიხის ჭურჭლის ნატეხებიც აღმოაჩინეს. ეს იყო ანდრია მოციქულის დროინდელი ქალაქის ნატეხები.

გარდა ამისა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აწყურის ტაძრის ეზოში ღვთისმშობლის უნიკალური ხატი აღმოაჩინეს. ხატი ტიხრულ მინანქარშია შესრულებული და მას საქართველოში აქამდე აღმოჩენილ უნიკლურ ნივთებს შორის ანალოგი არ მოეპოვება. ხატთან ერთად მაშინ სამარხებიც აღმოაჩინეს, რომლებიც მე-12 – მე-13 საუკუნეებით თარიღდება და, სავარაუდოდ, იმდროინდელ დიდგვაროვნებს ეკუთვნოდათ.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი