ჯავახეთი სომხურ-ქართულ ურთიერთობებში ახალ მნიშვნელობას იძენს

“სამხრეთის კარიბჭე” “ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებათა დაცვის კავშირის” წევრს, ანალიტიკური ცენტრ “მიტკის” თავმჯდომარეს გრანტ მელიქ-შახნაზარიანს ესაუბრა. 

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

გასული წლის 24 დეკემბერს სომხეთში “ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებათა დაცვის კავშირი” დაარსდა. ასოციაცია რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა: ანალიტიკური ცენტრი “მიტკი”, თანამემამულეთა კავშირი “ჯავახკი” და კავშირი “ერკირი”. ამ ორგანიზაციებს ერთად მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვთ. ისინი ერთად აწყობდნენ მიტინგებს ერევანში საქართველოს საელჩოსთან და როდესაც შირაქ ტოროსიანს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა აუკრძალეს, ერთობლივი განცხადებითაც გამოვიდნენ.

- ორი თვეა, რაც “ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებათა დაცვის კავშირი” ოფიციალურად არსებობს. რა მიზანს ისახავს ორგანიზაციის შექმნა? 

- კავშირის ძირითადი მიზანია ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის აქტუალური პრობლემების მოგვარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ მიზნით ჩვენ ჯავახეთში არსებული ვითარების შესახებ სომხური და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების სტრატეგია ავირჩიეთ. გარდა ამისა, ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების უფლებათა დაცვის საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვასაც შევეცდებით.  

ანალიტიკური ცენტრი “მიტკი” ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ჩვენ მოვახერხეთ ურთიერთობის დამყარება ადამიანის უფლებათა დამცველ რიგ დასავლურ ორგანიზაციებთან, მათ შორისაა ცნობილი ბრიტანული ორგანიზაცია “ამნესთი ინტერნეიშენალი”. მათ ზოგიერთი მონაცემი უკვე წარვუდგინეთ. გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო სამართლის ასპარეზზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისათვის, აუცილებელია შექმნილიყო ერთი მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც საერთაშორისო, ჯავახეთში მოქმედ ორგანიზაციებსა და სომხეთის საზოგადოებას შორის კავშირს უზრუნველყოფდა. კავშირი სწორედ საკოორდინაციო ორგანო იქნება.

- თქვენ ბრძანეთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გარკვეული მონაცემები გადაეცით. რა მონაცემებზეა საუბარი? 

-
ამ ორგანიზაციებს მივაწოდეთ ზოგიერთი ინფორმაცია ჯავახეთისათვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, საგანმანათლებლო და სასულიერო-კულტურული პრობლემები. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ადგილობრივი სომეხი ეროვნების აქტივისტების პოლიტიკური დევნის პრობლემაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ თემამ საკმაო ინტერესი გამოიწვია. 

- რას საქმიანობს კავშირი ამ ეტაპზე? 

- ამჟამად სერიოზული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ეხება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისა და მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს.

გარდა ამისა, ჩვენი პირველადი ამოცანაა სომხეთის საზოგადოება უფრო მეტად ჩავრთოთ ჯავახეთის პრობლემებში. 18 თებერვალს გამართული კონფერენცია, სადაც სომხეთის პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემები განიხილეს ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებების ჩატარება ეთნიკური სომხების კონსოლიდაციისათვის მათი ჯავახეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებათა დაცვის საქმეში აუცილებელია. 

ასევე, გვინდა ორგანიზება გავუკეთოთ საქართველოს, სომხეთისა და კონკრეტულად ჯავახეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგს, რომელიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მფარველობით ან მათი უშუალო მონაწილეობით გაიმართება. ვფიქრობ, ეს დიალოგი გარკვეულ დადებით შედეგებს მოგვიტანს. 

- იციან თუ არა ამ კავშირის არსებობის შესახებ საქართველოში, ვგულისხმობ ჯავახეთში მცხოვრება სომეხი ეროვნების ადამიანებმა? 

- თუ პრესას კითხულობენ, ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რადგან ყველაფერს ძალიან ღიად ვაკეთებთ და ჩვენი საქმიანობა მთლიანად შუქდება. თავადაც დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს ყოველ ნაბიჯს ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვს. 

ჯავახეთის ძალებთან მუდმივად გვაქვს კავშირი, ერთად განვიხილავთ ყველა საკითხს და ვცდილობთ, მათ სასარგებლოდ ვიმოქმედოთ. 

- კონკრეტულად რომელ ძალებს გულისხმობთ? 

- აქტიური კავშირი გვაქვს ჯავახეთის სომხური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. ასევე, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ კავშირის წევრები არიან არარეგისტრირებული პარტია “ვირქი” და სახალხო მოძრაობა “ჯავახკი”. 

- ამ ორი ორგანიზაციის გარდა ჯავახეთში სხვა ბევრი ორგანიზაციაა, მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობა და სხვები, რომლებიც ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობენ. ფიქრობთ რომ მათი საქმიანობა არაეფექტურია? და მაშინ, რა უპირატესობა აქვს ამ მიმართულებით თქვენს კავშირს?

- ვერ ვიტყოდი, რომ ადგილზე მოქმედ ორგანიზაციებთან შედარებით რაიმე უპირატესობა გვაქვს. პირიქით, გარკვეული თვალსაზრისით, ისინი უფრო მომგებიან მდგომარეობაში არიან, რადგან ჯავახეთის სინამდვილეში უშუალო მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ. თუმცა ადგილობრივი ორგანიზაციების პრობლემა მათი უსაფრთხოებაა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება სომეხი ეროვნების აქტივისტების დევნის პოლიტიკაზე ჯერჯერობით უარს არ ამბობს. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ორგანიზაციებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან დასმულ ამოცანას – აჩვენონ, თითქოსდა ჯავახეთში ყველაფერი მშვენივრადაა და ადგილობრივ ეთნიკურ სომხებს პრობლემები არ გააჩნიათ. 

- რა არის უმთავრესი პრობლემა ჯავახეთში? 

- ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ბევრი პრობლემა აქვთ, თუმცა, მათ შორის უმთავრესი სომხების შენარჩუნების საკითხია. ანუ მათ სამშობლოში სომხობის შენარჩუნების პრობლემა. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ხანებში მიგრაცია ძალიან გაიზარდა და ეს რიგი ფაქტორების, მათ შორის, უფლებათა დარღვევის ფაქტორის შედეგია. რასაკვირველია, გარდა ამისა, არსებობს ენის, კულტურული, ეკლესიის, სოციალური და სხვა პრობლემები, რომლებიც თანმიმდევრულ, სამართლიან გადაწყვეტას მოითხოვს.

- საკმაოდ დიდი ხანია ჯავახეთის პრობლემებზე მუშაობთ. რა გააკეთეთ ჯავახეთისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის? 

- ჩემი აზრით, მთავარი შედეგი ისაა, რომ ჯავახეთის ფაქტორი დღის წესრიგში დადგა. ბოლო ხანებში სომხეთის პრეზიდენტმაც კი დააყენა ეს საკითხი. ანუ ჯავახეთი სომხურ-ქართული ურთიერთობის პოლიტიკური კომპონენტი გახდა. ადრე ასე არ იყო, ეს საკითხი დავიწყებული და ბედის ანაბარა მიგდებული გახლდათ. 

მინდა, რომ ჯავახეთში ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს. ჩემი აზრით, ჩვენს მონათესავე ქართველ ხალხთან კეთილმეზობლური და საუკუნოვანი ძმური ურთიერთობების შენარჩუნებას მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვახერხებთ. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი