გახშირებული მიწისძვრები; 8 სანტიმეტრით გადახრილი დედამიწის ღერძი და კატაკლიზმების მოლოდინი მოსახლეობაში; რას ამბობენ სპეციალისტები, როგორ აფასებენ ამ მოვლენებს და რამდენად რეალურია საფრთხე.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
ჰაიტიში, ჩილესა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, ხშირად კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ “მუდმივი მოლოდნის რეჟიმში” უნდა ვიყოთ და რომ დედამიწის ღერძის რვა სანტიმეტრით გადანაცვლება “სამყაროს აღსასრულის მომასწავებელია”.
“დედამიწის გავარვარებულ ლავაში ტექტონიკური, ლითოსფერული ფილები ცურავს. მათი მოძრაობის სიჩქარე უმნიშვნელოა, წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილდებიან. მაგრამ, ამ ფილებს უდიდესი მასა გააჩნიათ და ამიტომ ძალიან დიდი ენერგია გროვდება”, - გვიხსნის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მესხი და დასძენს, რომ ცუნამის, მიწისძვრებისა და ვულკანების სახით სწორედ ეს დაგროვილი ენერგია გამოთავისუფლდება.
მესხის განმარტებით, ყველაზე მშფოთვარე წყნარი ოკეანის ფილაა: “მისმა ტორტმანმა გამოიწვია სულ ახლახანს 8,8 მეათედი ბალი მიწისძვრა ჩილეში, ხუთი წლის წინ კი ინდონეზიის სანაპირო ზოლი წალეკა. მაშინ დედამიწის ღერძის წანაცვლება 7 სანტიმეტრით მოხდა”.
გიორგი მესხის განცხადებით, დედამიწის ღერძის რამდენიმე ერთეული სანტიმეტრით გადახრა უმნიშვნელოა. აქამდე ასეთი წანაცვლებები შეუმჩნეველი იყო, დღეს ტექნიკის განვითარებამ, განსაკუთრებით კი ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიც არის “ნასა”, შესაძლებელი გახადა ამ მცირე წანაცვლების დაფიქსირება: “ეს ფაქტი ჟურნალისტებმა გაამუქეს. რვა სანტიმეტრი ათასებით კილომეტრის ფონზე მემილიარდედი ნაწილი გამოდის”.
ღერძის წანაცვლების გამო კლიმატური სარტყელის შეცვლას კი იგი აბსურდულს უწოდებს, და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ჩრდილო პოლუსი ეკვატორთან მივა.
ასტრონომ გივი ქიმერიძის განცხადებით, მიწისძვრის გამო, დღე-ღამის 24-საათიანი ციკლის შემცირება არაა “რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებასთან დაკავშირებული”: “1900 წლიდან 1999 წლამდე საუკუნის ხანგრძლივობა 65 წამით გაიზარდა. საუკუნეში 3 მილიარდ ასი მილიონი წამია. ამ ხნის განმავლობაში 65 წამი ძალიან ცოტაა. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში კი დღე-ღამის ხანგრძლივობა მემილიარდედი წამით შემცირდა. ეს შეუმჩნეველია”.
გიორგი მესხის თქმით, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, დამანგრევლი მიწისძვრები 4-5 წელიწადში ერთხელ მეორდება: “უფრო მცირე მიწისძვრები, რომლებსაც შედარებით ნაკლები ზიანი მოაქვთ, შედარებით ხშირია. ძალიან მცირე რყევებს კი დედამიწა მუდმივად განიცდის”.
რაც შეეხება საქართევლოს და კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთს, აქ საფრთხეს საქართველოსთან ახლოს მდებარე ტექტონიკური, არაბეთის ფილა ქმნის:
“იგი ჩვენგან სამხრეთითაა განთავსებული და მოძრაობს ჩრდილოეთისკენ, ანუ ჩვენსკენ და შემდეგ დასავლეთით, ანტალიის გასწვრივ, ამდენად ხშირია მიწისძვრები ამ მიმართულებით”.
მისი განმარტებით, ანტალიაში ტექტონიკური ფილა წელიწადში 2-3 სანტიმეტრით გადაადგილდება. საქართველოში, უფრო ზუსტად სამცხე-ჯავახეთში კი წელიწადში მილიმიტრობით იცვლის მდებარეობას. ამდენად, საქართველოში დიდი მიწისძვრები არ ფიქსირდება: “დედამიწა შუახნისაა და 4 მილიარდი წელი კიდევ იარსებებს”.
ეს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე “მის სიცოცხლეს საფრთხე” ადამიანებმა თავად არ შეუქმნეს. დღეს გაცილებით რთული პრობლემა გლობალური დათბობაა, ვიდრე მიწისძვრებით გამოწვეული საფრთხეები: “ახლა თუ ნახევარი გრადუსათაა მომატებული ტემპერატურა, ორი ათეული წლის შემდეგ შესაძლოა 5-6 გრადუსით მოიმატოს”.
მისივე განმარტებით, ეს დამოკიდებულია მრეწველობის განვითარებასა და ეკოლოგიის გაფრთხილებაზე: “წინააღმდეგ შემთხვევაში ანტარქტიდაზე და ჩრდილო ყინულოვან ოკეანეზე ყინულები დნობას დაიწყებს და მოსახლეობის 90 პროცენტი წყლის ქვეშ აღმოჩნდება”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი