“დამიწერეთ ინკოგნიტო”

რატომ ამბობს რესპონდენტი ვინაობის გამხელაზე უარს და რატომ დამკვიდრდა ბოლო დროს ეს ტენდენცია. ჩაკეტილი თუ შეშინებული მოსახლეობა.

 გულო კოხოძე, ახალციხე

 ,,სამხრეთის კარიბჭისწინა ნომერში დაბეჭდილი იყო სტატია ,,მოსახლეობა და მართლმსაჯულება”. სტატიაში იყო გამოკითხვა , - რამდენად ენდობა მოსახლეობა სასამართლოს. გამოკითხული რესპონდენტებიდან მხოლოდ ერთმა მოქალაქემ განაცხადა თანხმობა, სტატიაში მისი ვინაობა დამეფიქსირებინა. შესაძლოა, სასამართლო ისეთი თემაა, რომელზეც რიგით მოქალაქეს არ სურდეს კომენტარის გაკეთება, მაგრამ იყო უწყინარი საკითხებიც, სადაც  ვინაობის დაფიქსირებაზე მოსახლეობამ მაინც უარი განაცხადა.

 ,,რა შარს მოგიდებენ, არავინ იცის. ახლა, რომ გვარი და სახელი ვთქვა, შეიძლება მერე მოაგონდეთ, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში ვიყავი. ამიტომ სახელისა და გვარის ნაცვლად დამიწრეთ ინკოგნიტო”.

 ეს არაა პირველი შემთხვევა. ბოლო დროს სტატიებში მომრავლდა ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველთა რიცხვი, რაც სულაც არ მეტყველებს საზოგადოების ამა თუ იმ საკითხისადმი ინდეფერენტულ მიდგომაზე. მოსახლეობას სურს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თუმცა...

  - ,,ორი ვაჟიშვილის დედა ვარ, ისინიც უმუშევრები არიან და ქმარიც. ოჯახს ჩემი ხელფასით ვარჩენ. სიმართლე, რომ ვთქვა და ვინაობაც გავამხილო, სამსახურის გარეშე დავრჩები. ეს გადაჭარბებული ნათქვამი არაა, რადგან ერთხელ ვთქვი სათქმელი და ,,ცხვირიც წავარტყი”, სწორედ ამის შედეგია, რომ ქმარსAდა შვილებს ,,ვირულ სამუშაოზეცარ იღებენ”.

 - ,,სამსახური ვისაც აქვს, ის ვერასდროს მოგცემს კომენტარს. ორ გროშს არ დაკარგავს და იმიტომ”.

  - ,,შიშშია ყველა, განა ეს მდგომარეობა არ მთრგუნავს, მაგრამ რაა?!  რომ ვიყვირო, გვერდითაც არავინ დამიდგება”.

 - ,,ახლა ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ, რომ ვთქვა ხელფასი მაქვს დაბალი-თქო, ხვალ უფროსი დამიბარებს, შეიძლება იმ დღეს არ მომხსნას, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მაინც გამათავისუფლებს. სხვა უმუშევარი კი სიხარულით დაიკავებს ჩემს ადგილს და არც იკითხავს წინამორბედი რატომ გაათავისუფლეთო. რადგან შია შვილს, მამას და დედას ურჩევნიათდაყრუვდნენდა არაფერი დაინახონ”.

 

 - ,,მეც მეშინია, თუმცა სიმართლე გითხრათ არ ვიცი რისი, ან ვისი. ირგვლივ ყველა შიშის სინდრომზე ალაპარაკდა და შეიძლება ითქვას ამ მითქმა-მოთქმამ ჩემზე მოახდინა გავლენა”.

 ადგილობრივი მკვიდრის ხათუნა მაისურაძის თქმით, შესაძლოა პრობლემა იმაში მდგომარეობდეს, რომ რესპონდენტი არ ენდობა ჟურნალისტს: “ხშირად გამიგია მოქალაქეებისაგან, მე სხვა რამე ვუთხარი ჟურნალისტს, მან კი სხვა რამე დაწერაო. ჩემი აზრით ესეც გასათვალისწინებელია”.

 სტატიაში ვინაობის დაფიქსირება არ უნდა რიგით მოქალაქეს, მაშინაც, როცა კონკრეტულად მის ქუჩაზე, მის პრობლემაზე ვწერთ - ,,სხვასაც კითხეთ, ჩემი სახელი და გვარით არც დაწეროთ”.

 ვინაობას არ ასახელებენ ინდივიდუალური მეწარმეები, როცა კომენტარს საგადასახადო ცვლილებებზე ვთხოვთ - ,,ხვალვე მომადგება საგადასახადო, არ მინდა სტატიაში ჩემი ვინაობა დაფიქსირდეს”.

 ინკოგნიტოდ სურთ დარჩენა მშობლებსაც, რომლებსაც პედაგოგებთან პრობლემები აქვთ - ,,გადაეკიდება ჩემს შვილს და დამიჩაგრავს”.

 ვინაობის გამხელაზე თავს იკავებენ სტუდენტებიც, რომლებსაც გაყინულ აუდიტორიებში უწევთ ლექციების მოსმენა - ,,თუ ,,ბატარიასდააჯდები, შეიძლება შეთბე, თორემ ისე გამყინვარებაა. სახელი და გვარი არ დაწეროთ, მაინც იქ ვსწავლობ და არ მინდა”.

 ყველა ყვირის, თუმცა ამავდროულად ყველა ჩუმად არის. ტენდენცია ,,დამიწერეთ ინკოგნიტოაქტიურ ფაზაშია.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი