არასაკმარისი ტექნიკა

დაუმუშავებელი სავარგულების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება

სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება. როგორ ამუშავებენ გლეხები მიწებს და რამდენად მიუწვდებათ ხელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაცემულ ტრაქტორებზე?  

 თამარ თოთაძე, ახალციხე.

 სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი რეგიონში 644 ათას 102 ჰექტარს შეადგენს. აქედან 60 პროცენტი კერძო საკუთრებაა, ხოლო 40 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

 2002 წლის მონაცემებით, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ასე ნაწილდება: ახალციხეში 49 ათასი ჰექტარი, ადიგენში 33 ათასი, ასპინძაში - 58 ათასი, ახალქალაქში - 95 ათასი, ნინოწმინდაში - 118 ათასი, ხოლო ბორჯომში 43 ათასი ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს მონაცემები დღემდე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

 მიუხედავად იმისა, რომ თბილი და უნალექო ზამთარი იყო და მიწების დამუშავებაც უკვე შესაძლებელია, გლეხები საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას მაინც არ ჩქარობენ. წლიდან-წლამდე დაუმუშავებელი სავარგულების ოდენობა კი მუდმივად იზრდება. ამიტომ, შესაბამისად მცირდება მოსავლიანობაც.

 მიწის ერთჯერადი დამუშავება მინიმუმ 150-დან 200 ლარამდე ჯდება, მერე კიდევ მეორედ დახვნა, დაფარცხვა, დაკვალვა სჭირდება. ამიტომ მიწებს ვეღარ ვამუშავებთ და გვინდა თუ არ გვინდა გავაბალახიანეთ და საქონელი მივუშვით”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ სმადაში მცხოვრები გიორგი ხარშილაძე.

 ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავალი ძირითადად ახალციხის ბაზარზეა გათვლილი. პროდუქციის მოყვანა-დაბინავება იმდენად ძვირი ჯდება, ხოლო გასაყიდი ფასი იმდენად მცირეა, რომ მისი რეგიონის ფარგლებს გარეთ გატანა არ ღირს.

 გასულ წელს ვაშლის დიდი მოსავალი იყო, მაგრამ გორში წაღება არ ღირდა, ოთხ თეთრად იბარებდნენ. ამიტომ ხალხმა აღარ მოკრიფა და ხეზე დალპა”, - ამბობს ამავე სოფელში მცხოვრები დათო გელაშვილი. 

 მთავარი პრობლემა გლეხებისთვის ტექნიკის უქონლობა. მათი თქმით, სასოფლო ინვენტარზე ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია, რის გამოც მიწის დამუშავება უგვიანდებათ. უმეტესობა ამბობს, რომ მიწებს ისევ ხარითა და ურემით, ზოგი კი ხელის ტრაქტორით ამუშავებს.

 ძირითადად ხარ-ურემით ვამუშავებთ, ზოგი ხელის ტრაქტორს იყენებს, ცოტას თუ მიუწვდება ხელი ნაჩუქარ ტრაქტორებზე, მათი დაქირავებაც ძალიან ძვირი ჯდება”, - ამბობს სოფელ დიდი სმადის მკვიდრი სევარიონ ძინძიბაძე.   

 2008 წელს რეგიონს საჩუქრად 27 ტრაქტორი გადაეცა. აქედან, ექვსი ახალქალაქს, ხუთი ნინოწმინდას, ოთხ-ოთხი კი ბორჯომს, ახალციხეს, ადიგენსა და ასპინძას ერგო. ტრაქტორებს სხვადასხვა მოწყობილობებიც აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამცხე-ჯავახეთისთვის ტექნიკის გადაცემის მიზანი ის იყო, რომ გლეხს მიწის ნაკვეთები დროულად დაეხნა და სოფლებში ხვნა-თესვის პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარებულიყო.

 ჩვენთან ერთი ტრაქტორი მოდის, ამიტომ მოსახლეობა მიწების დამუშავებას ვერ ასწრებს. ყველა ცდილობს პირველი თავისი მიწა მოხნას, გადაეკიდა ხალხი ერთმანეთს. ერთი ტრაქტორი ამხელა სოფელს როგორ ეყოფა?”- კითხულობს ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ იმერთუბანში მცხოვრები ჟირონ კუბლაშვილი.

 სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან სამსახურის უფროსი ივანე გელაშვილი ამბობს, რომ რეგიონისთვის აღნიშნული ტექნიკა საკმარისი არ არის, რადგან სახნავ-სათესი მიწებიც ბევრია. მაგრამ, თითქმის ყველა სოფელში ადგილობრივებს საკუთარი ტექნიკა აქვთ: არამგონია მიწის დამუშავება გლეხებისთვის პრობლემას წარმოადგენდეს”.

 მას შემდეგ, რაც რეგიონს ტექნიკა გადაეცა, მუნიციპალიტეტებში ამხანაგობები შეიქმნა, რომელსაც ტრაქტორების ეფექტურად გამოყენება უნდა უზრუნველეყო.

 ამხანაგობამომავალი” 2008 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ ოთხი ტრაქტორი და სხვადასხვა მცირე აგრეგატები გადაეცათ. ამხანაგობაში შვიდი თანამშრომელი ერთიანდება და ტექნიკა სოფელ არალში მათ მიერ დაქირავებულ ავტოფარეხშია გაჩერებული.

 სეზონურად ვმუშაობთ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე და მთელ მუნიციპალიტეტს ვემსახურებით”, - ამბობს ამხანაგობამომავლისდირექტორი როინ ქომოშვილი.

 არც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან და არც მუნიციპალიტეტის გამგეობებიდან ამხანაგობებს ხელფასი არ აქვთ. მათზეა დამოკიდებული, წლის განმავლობაში რა თანხას გამოიმუშავებენ, მოგებაც ამის მიხედვით რჩებათ. გლეხის მიერ ნაკვეთის დამუშავებაში გადახდილ ქირაში, გათვალისწინებულია საწვავის ფასიც, ამხანაგობის თანამშრომლების ხელფასიც და მოგებაც. ამხანაგობები საკუთარი სახსრებით აგვარებენ ტექნიკურ პრობლემებსაც.

 პირველ წელს, როცა ტრაქტორები ჩამოვიდა, გლეხებს საწვავის ვაუჩერები დაურიგდათ. ზოგმა დიზელში ბენზინი შეურია და ტექნიკას პრობლემა შეექმნა, რადგან ტრაქტორები დიზელზე მუშაობს”, - ამბობს როინ ქომოშვილი. 

საწვავის ფასის ცვლილების გამო ყოველწლიურად იცვლება ეგრეთ წოდებული ნაჩუქარი ტრაქტორებით მომსახურების ფასებიც: ბენზინგასამართ სადგურთან ხელშეკრულებას ვდებთ და ერთი და იგივე საწვავს ვასხამთ”.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მექანიზაციის პროგრამის ფარგლებში წელს საქართველოში ჩამოტანილია 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მანქანა. ახალი ტექნიკას განკარგავს შპსმექანიზატორი”, რომელსაც პირველ ეტაპზე ხუთი რეგიონული ოფისი ექნებაშიდა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ტექნიკა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ფერმერისათვის და განაწილდება რეგიონებში. 

ახალი ტექნიკა ჯერ განაწილების პროცესშია და ჩვენამდე არ ჩამოსულა. თუმცა არც ის ვიცით დაზუსტებით, რას მივიღებთ ან მივიღებთ თუ არა საერთოდ”, - ამბობს ივანე გელაშვილი.

 ხვნა-თესვა მალე აქტიურ ფაზაში შევა. დაემატება თუ არა რეგიონს ახალი ტექნიკა, რამდენად იქნება ის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, და მოიმატებს თუ არა დაუმუშავებელი სავარგულების რაოდენობა, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი