საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შეემატა - “სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის”. პარტიაში აცხადებენ, რომ ის საქართველოში არსებული სხვა პოლიტიკური პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
უსუპი ბიწაძე, თბილისი
პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარების მთავარი პრიორიტეტი თანასწორობისა და სოციალურად ორიენტირებული შერეული ეკონომიკის ჩამოყალიბება და დღეს არსებული ნეო-ლიბერალური პოლიტიკური კურსის ფუნდამენტურად შეცვლა უნდა იყოს. ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ერთ-ერთი რიგითი წევრი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილია, ამდროისთვის მოკლევადიანი მიზნები არ აქვს. მაისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია არ მონაწილეობს, რასაც მისი წევრები იმით ხსიან, რომ მზად არ არიან, არც ორგანიზაციულად და არც მობილიზაციის თვალსაზრისით.
პარტიის მოკლევადიანი მიზნები ძირითადად იმით შემოიფარგლება, რომ საქართველოში სოციალ-დემოკრატიული ღირებულებების სწორად გაგება და პოპულარიზაცია მოხდეს. ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები, მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, გამოიყენონ მე-20 საუკუნის ქართველი სოციალ-დემოკრატების გამოცდილება და მათი სახელით პარტიის რეიტინგის გაზრდას არ აპირებენ.
პარტიის პროგრამაში წერია, რომ მათი მიზანია, საბაზრო ეკონომიკიდან სოციალურად ორიენტირებულ კოორდინირებულ შერეულ ეკონომიკაზე გადასვლა. ხოლო საგარეო პოლიტიკის კუთხით, მიზნად ისახავენ ევროკავშირში ინტეგრაციას. მათი თქმით ის, რაც მათ პოლიტიკურ პროგრამაში წერია, ცალსახად თანხვედრაშია ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიასთან, ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.
პარტიის ლიდერების თქმით, მათ პროგრამაში მრავალი ისეთი საკითხია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დააინტერესებს, თუმცა გარკვეული მათგანის წაკითხვის შემთხვევაში, სწორი ანალიზის გამოტანაა საჭირო. კერძოდ, ეს ეხება შერეულ ეკონომიკაზე გადასვლას. მიუხედავად პირდაპირი მითითებისა, ისინი ამბობენ, რომ სოციალ- დემოკრატიული პარტია არ უარყოფს საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელობას, უბრალოდ, მათ სწორად მიაჩნიათ შეიცვალოს მიდგომები, რომელიც კაპიტალიზმის ველური ფორმების გატარებას შეეწინააღმდეგება. პარტიის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის თქმით, ეს ნიშნავს საბაზრო ეკონომიკის ისეთ ფუნქციონირებას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სოციალური საბაზრო ეკონომიკა, რაც გულისხმობს “საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელმისაწვდომობას”. მისი თქმით, ევროპული სოციალ დემოკრატიული სახელმწიფოები მსგავს პრინციპზე არიან აგებულები და ეს მოდელი ამართლებს: “სოციალური საბაზრო ეკონომიკა, ეს არის ცნება, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ლუდვი გეხარტის რეფორმების შედეგად ომის შემდგომ გერმანიაში. ანუ, ეკონომიკა იყო საბაზრო, მაგრამ ამავდროულად ორიენტირებული იყო სოციალურად. ეს ნიშნავს იმას, რომ “საზოგადოებრივი სიკეთეები” მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის”.
ახალი პარტიის შეხედულებები განსხვავებულია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მიმართ. ისინი ამ სფეროებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გადასახადების გაზრდასაც კი გამართლებულად მიიჩნევენ.
ასევე, ქართველი სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არ უნდა დაემგვანოს ქველმოქმედს, რადგან მსგავსი პოლიტიკის გატარებით საზოგადოება ეთიშება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და დამოკიდებული ხდება ხელისუფლებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მუდმივ ქველმოქმედებას გასწევს საზოგადოების გარკვეული ფენისთვის, ამით სოციალური პრობლემები არ გადაიჭრება და ამასთანავე შეფერხდება დემოკრატიული განვითარების პროცესი რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია უცხო არ არის საქართველოსთვის, რადგან 1918-1921 წლებში საქართველოს სოციალ დემოკრატები მართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოციან წლებში მსგავსი პარტია უკვე არსებობდა, ახალი სოციალ-დემოკრატები მათ მემკვიდრეებად თავს არ მიიჩნევენ. მათი თქმით, დღეს ძველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზის გაგრძელება გამართლებული არ იქნება, რადგან მე-20 საუკუნის და 21-ე საუკუნის პოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ქართველი სოციალ-დემოკრატების ხედვებიდან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი, უფრო ორიენტირდებიან ჩრდილოეთ ევროპის, სკანდინავიის ქვეყნების სოციალ-დემოკრატიულ მოდელზე. მიუხედავად ამისა, საქართველოში ექსპერტების ნაწილი სოციალ-დემოკრატიის აქტუალობას და მათ, როგორც განსხვავებულ იდეოლოგიურ მიმართულებას, სკეპტიკურად უყურებს. მათ მიაჩნიათ, რომ სოციალიზმის მოდელმა ევროპის ქვეყნებშიც დაკარგა აქტუალობა და ლიბერალური ელემენტები შეითვისა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი