ინტერნეტი – ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბლოგერს დოდი ხარხელსსამხრეთის კარიბჭეინტერნეტ-მედიისა და სოციალური ქსელების შესახებ ესაუბრა.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

- გავრცელებულია მოსაზრება, რომ ინტერნეტ-მედიის პოპულარობა სწრაფი ტემპით იზრდება და ის მალე კონკურენციის მიღმაც აღმოჩნდება. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- ინფორმაციისადმი მოთხოვნები შეიცვალა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ტელეარხები კონტროლდება, ნაწილს სახელმწიფო აკონტროლებს, ნაწილს კიოპოზიცია. ნეიტრალური და ობიექტური ტელეარხი არ არსებობს. იგივე მდგომარეობაა მასობრივი ინფორმაციის სხვა ტიპის საშუალებებთან დაკავშირებითაც. ყველა პროპაგანდაზე მუშაობს. ინტერნეტი კი ისეთი სივრცეა, სადაც ყველა ადამიანს აქვს საშუალება, ის ინფორმაცია გაავრცელოს, რომელსაც საჭიროდ და საინტერესოდ მიიჩნევს.

ინტერნეტში ინფორმაციის ატვირთვასა და განთავსებას ბევრი არაფერი სჭირდება და ეს ინფორმაცია ყოველთვის სწრაფი და ახალი იქნება. ინტერნეტში შეიძლება განთავსდეს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სპორტული, არამედ ნებისმიერი სხვა ტიპის ინფორმაცია, მაგალითად, რაც ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და ადამიანებს შეეხება. რასაკვირველია, მასმედია ასეთ ინფორმაციას არ აჩვენებს და არ დაბეჭდავს. ინტერნეტში განთავსებულია ისეთი ინფორმაციები, რომლებიც საყოველთაო პოპულარობით შეიძლება არც სარგებლობდეს, მაგრამ მომხმარებელს მაინც პოულობს.

- ასეთი ღია შესაძლებლობების გათვალისწინებით, რამდენად სარწმუნოდ შეიძლება მივიჩნიოთ ინფორმაცია, რომლის გადაცემაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია?

- აქ ხარისხის კონტროლი თავად მომხმარებელზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი ტელევიზორს მხოლოდ იმიტომ უყურებს, რომ სხვა არჩევანი არ გააჩნია, ინტერნეტში არჩევანი დიდია. თუ რომელიმე საიტზე წაკითხულ ინფორმაციას პროპაგანდად მიიჩნევ, შეგიძლია სხვა საიტზე შეხვიდე. თუ რომელიმე საიტი პოპულარულია, ეს ნიშნავს, რომ იქ გამოქვეყნებულ ცნობებს ობიექტურად და ნეიტრალურად მიიჩნევენ.

- საქართველოში ყველაზე პოპულარული საიტები?

არსებობს ასეთი საიტი: alexa.com, რომელიც კვლევებს ატარებს და სტატისტიკის საფუძველზე ადგენს, რამდენად პოპულარულია ესა თუ ის საიტი ამა თუ იმ ქვეყანაში. გასულ წელს საქართველოში პირველ ადგილზე одноклассники იყო, მეორეზე კი – Google. მოხარული ვარ, რომ დღეისთვის სტატისტიკა შეიცვალა, პირველ ადგილზეა Google., მეორეზე - Facebook და მხოლოდ შემდეგ одноклассники, რადგან არ ვფიქრობ, რომ одноклассники ისეთი ადგილია, სადაც სანდო ინფორმაციის მიღება შეიძლება.

- არის თუ არა საქართველოში რეგიონი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტი ინტერნეტ-აქტივობით გამოირჩევა?

- ყველაზე დიდი აქტიურობა ქუთაისში შეიმჩნევა. ქუთაისელი ჟურნალისტები ძალიან აქტიურები არიან. ჩემი აზრით, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებმა გააცნობიერეს, რომ ეს ერთადერთი შანსი და ერთადერთი საუკეთესო მეთოდია, გამოაქვეყნონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც მუშაობენ.

ხალხის უმრავლესობას ყველა რეგიონში ნათესავები არ ჰყავს, რეგიონების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება, რეგიონული მასმედია კი სხვა რეგიონებისა და დედაქალაქის მცხოვრებლებამდე ვერ აღწევს. ერთადერთი უტყუარი საშუალება აქ ინტენეტია. უბრალო მოქალაქესაც შეუძლია ინტერნეტში შევიდეს და დაწეროს იმის შესახებ, რაც მისი აზრით მნიშვნელოვანია, ასევე მიიღოს ინფორმაცია არა მხოლოდ სადღაც პარკის გახსნის, შადრევანის დადგმის ან ძეგლის აღმართვის შესახებ, არამედ რეგიონების მცხოვრებთა რეალურ პრობლემებზე.

- რამდენი მომხმარებელი ჰყავს ინტერნეტს საქართველოში?

- ბოლო ცნობებით, საქართველოში დაახლოებით მილიონი ინტერნეტ მომხმარებელია. მათ რიცხვში მობილური ინტერნეტის აბონენტებიც შედიან. მობილური ტელეფონი თითქმის ყველას აქვს და მობილური კავშირის ოპერატორთა ინფორმაციით, ინტერნეტით თითქმის ყველა მათი აბონენტი სარგებლობს. სხვა საკითხია, რას აკეთებენ ისინი ინტერნეტში, ტვირთავენ მუსიკას და თამაშებს, თუ რაიმეს სხვას, ისევე, როგორც, გაზეთს ზოგი ინფორმაციის მისაღებად ყიდულობს, ზოგი კი კროსვორდების ამოსახსნელად.

- იყო დრო, როდესაც ინტერნეტი ძვირი სიამოვნება იყო. როგორია ახლა ინტერნეტის (არა მობილური) ხელმისაწვდომობა?

- ცოტა ხნის წინკავკასუსსატელეკომსშორის სერიოზული დაპირისპირება იყო, რის შედეგადაც ინტერნეტის ფასმა დაიწია. მაგალითად, თბილისში დღეს ხარისხიანი ინტერნეტის შეძენა თვეში შვიდ ევროდ შეიძლება. ეს ძვირი არაა, ეს ძალიან კარგია. ამ ეტაპზე საქართველოში რეგიონებში ყველაზე კარგი ინტერნეტი გვაქვს. აი, სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ საკითხში დიდი პრობლემებია და ინტერნეტიც ძალიან ძვირია. ჩვენთან ინტერნეტის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი