რატომ არ სურს მოსახლეობას ბუნებრივი გაზით გათბობა?

 მეორე წელია, ახალციხის გაზიფიცირება მიმდინარეობს. დაქსელვითი სამუშაოები თითქმის ყველა ქუჩაზე დასრულებულია. თუმცა ბუნებრივ აირს გასათბობად აბონენეტების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს.

მანანა სარაშვილი, ახალციხე


ახალციხეში ბუნებრივ გაზს 243 ოჯახი და 33 ორგანიზაცია მოიხმარს. ოჯახების უმრავლესობა მხოლოდ გაზქურასა და წყლის გამაცხელებელ მოწყობილობას იყენებს. გაზის გამათბობლის დამონტაჟებას კი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებენ.

კორპუსებში გაზის შეყვანა დაახლოებით 350-400 ლარი ჯდება, კერძო ბინებში კი თანხა 450-600 ლარს აღწევს. ამ თანხით ოჯახებში მხოლოდ ერთი წერტილი კეთდება. რაც შეეხება სახლში გათბობის სისტემის დამონტაჟებას, ბინის ფართის მიხედვით, დაახლოებით, 2000 ლარამდე ღირს.

ბინების გაზიფიცირება ინდივიდუალური მოთხოვნის შემდეგ ხდება. აბონენტმა კომპანია “ელ-ენს” განცხადებით უნდა მიმართოს, მათი დაკმაყოფილება კი მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ მოხდება.

“აბონენტი წინასწარ 200 ლარს იხდის. დამონტაჟების მთლიანი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალაა ჩართვისთვის საჭირო. კეთდება ხარჯთაღრიცხვა და აბონენტმა იცის, რა თანხა სჭირდება”,
- განმარტავს კომპანია “ელ-ენის” მთავარი ინჟინერი ზაზა ზაზაშვილი. 

კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას ინვენტარის შეძენა არ სჭირდება. იმ თანხით, რასაც აბონენტები იხდიან, სახლში გაზის ერთი წერტილი კეთდება და სადარბაზოებში ინდივიდუალური მრიცხველები მონტაჟდება. თუმცა, გაზის ონკანი იკეტება და მას მაშინ რთავენ, როცა განმცხადებელი მომსახურების საფასურს მთლიანდ დაფარავს. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გამათბობლის დამონტაჟებაც უნდა, რაც დამატებით წერტილის გაკეთებას საჭიროებს, ჩართვის ღირებულებაც იზრდება.

ქალაქის გაზიფიცირება თითქმის ზამთრის დადგომამდე დასრულდა. ვინაიდან გათბობის სისტემის დამონტაჟება სოლიდურ თანხებს უკავშირდებოდა, აბონენტთა უმრავლესობას არ უსარგებლია.

“გათბობა დამონტაჟებული მაქვს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გავთიშე. ერთ თვეში 300 ლარი მომივიდა გადასახადი და ვერ გადავიხადე. ისევ ღუმელი დავდგი, ასე უფრო იაფი მიჯდება”, - ამბობს ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი.

წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრები მაია ბერიძე ამბობს, რომ გაზით კმაყოფილია. თუმცა გათბობის სისტემის დამონტაჟებას არ აპირებს: “გაზი ნოემბრის თვეში შევიყვანეთ. მარტო გაზქურას და აბანოს ვამუშავებ. გათბობის სისტემას ვერ დავამონტაჟებ, დიდი სახლი მაქვს და მთლიანად რომ გავათბო, ძალიან ძვირი დამიჯდება”.

განსხვავებული მოსაზრება აქვს თინიკო გვირჯიშვილს: “გათბობა რამდენიმე კვირის წინ დავამონტაჟეთ, 2000 ლარზე მეტი დაგვიჯდა. ძვირია, მაგრამ კმაყოფილები ვართ, სახლი თანაბარ ტემპერატურაზე თბება. გადასახადი ჯერ არ მოგვსვლია, ვვარაუდობთ, რომ რამდენსაც დენში ვიხდიდით, იმაზე ნაკლები მოვა”.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა გათბობის სიტემის დამონტაჟებაზე უარს ამბობს, ქალაქში პროფესიონალი ხელოსნების არარსებობაა.

“რომც მოვინდომო გათბობის გაკეთება, ვის უნდა დავამონტაჟებინო?! ამას სპეციალისტი უნდა და არა მგონია ქალაქში ასეთი მოიძებნებოდეს. ძალიან მიჭირს ვინმეს ვენდო”, -
ამბობს მაია ბერიძე.  

მოსახლეობა რამდენიმე ინციდენტსაც იხსენებს. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხვილა, გვიამბო, რომ მისი ახლობლის ბინაში გაზმა დამონტაჟებიდან რამდენიმე დღეში გაჟონა: “მართალია, მილი ყოფილა უვარგისი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ასეთი შეცდომები არ უნდა ხდებოდეს”.

კომპანიაში ამბობენ, რომ გათბობის ან სხვა რაიმე მსგავსი სისტემის დამონტაჟება, მათ კომპეტენციაში არ შედის: “ჩვენ მხოლოდ სახლამდე მიგვყავს მილები, შემდეგ უკვე თვითონ აბონენტი ზრუნავს”.

აბონენტების ნაწილის უკმაყოფილება გაზის ტარიფმაც გამოიწვია. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ახალციხეში გაზის ტარიფი შედარებით ძვირია. ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის 54,3 თეთრი, ხოლო ორგანიზაციებისთვის 72,12 თეთრია.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი