13 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერით გადაცემულ იმიტირებულ ქრონიკას პანიკა მოჰყვა სამცხე-ჯავახეთშიც. “სპეციალური რექპორტაჟის” შესახებ მოსახლეობის მოსაზრებები თითქმის ერთმნიშვნელოვანია.
თამუნა უჩიძე, ადიგენი-ახალციხე
რეპორტაჟში ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების ამსახველი კადრები იყო დამონტაჟებული. იმიტირებული ქრონიკის წამყვანი მაყურებელს აუწყებდა, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა, საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ სახალხო ხელისუფლება შექმნა, ოპოზიციის ლიდერებმა რუსეთთან კავშირი დაამყარეს, აჯანყდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა კი საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა. დაიბომბა აეროპორტი და საზღვაო პორტები, მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია და თბილისში რუსეთის ჯარები შემოვიდა.
“შვილი მყავს ჯარში, გულის შეტევა დამეწყო. ვერც დავურეკე, ხაზები გადატვირთული იყო. სოფელში წივილ-კივილი ატყდა, თითქმის ყოველი მეორე ოჯახიდან ჯარშია კაცი წასული”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სმადაში მცხოვრები მაყვალა ბარბაქაძე.
ჯარისკაცის დედა დარწმუნებულია, რომ სიუჟეტის შესახებ ტელევიზიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო: “ეს თავად არველაძისგანაც გამჟღავნდა. შესაძლოა, იმედის დახურვაც უნდათ და ეს სიუჟეტი მიზეზად გაიხადონ”.
სმადაში, ეგრეთ წოდებულ “ბირჟაზე” მდგომები პოლიტიკაზე ხშირად საუბრობენ. მათი საუბრის თემა არაერთხელ ყოფილა ტელევიზიების ობიექტურობა-მიუკერძოებულობის საკითხიც. ისინი ამბობენ, რომ ცენტრალური არხები სამთავრობოა და ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არცერთ არხზე არაფერი რომ არ გადის, ეს დიდი ხანია ცხადია. ამიტომ, არც ისაა საეჭვო, რომ ასეთი სიუჟეტის “მიშასთან შეუთანხმებლად” გაშვებას ვერავინ გაბედავდა. თუმცა, სოფელში იმასაც ამბებენ, რომ “ხელისუფლებას შეეშალა”.
“სწორად ვერ გათვალეს, მთავრობას უნდოდა, რომ ამით ოპოზიცია შეეჯავრებინა ხალხისთვის, მაგრამ შეცდომაში შევიდნენ, პირიქით მოუვიდათ”, - აცხადებს დავით გელაშვილი.
ლელოვანში მცხოვრებ მზია ბუაძეს ჯარში დისშვილი ჰყავს: “ჩემი და გორში ცხოვორობს, აგვისტოს მოვლენების დროს ისეც ბევრი გადაიტანა, იმ საღამოს დამირეკეს ფსიქიური აშლილობა დაემართა, გარეთ გავარდა და ყვირისო”.
“რომელი ჟურნალისტი გააკეთებდა ამას მთავრობას რომ არ სცოდნოდა?” - კითხულობს ბუაძის თანასოფლელი როზა აკოფაშვილი.
იმერთუბნელი ჯირონ კუბლაშვილი და ლეო სირბილაძე კი ფიქრობენ, რომ “ეს მტერმა გააკეთა”: “მტრის წისქვილზე დაასხეს წყალი, აბა ჩვენ ხელისუფლებას რაში აწყობდა ხალხის პანიკაში ჩაგდება?! მთავრობა არაფერ შუაშია, რუსეთს უნდოდა, რომ ხალხი მორალურად დაცემულიყო, ეს სცენარი მტრის მოსყიდულებს ეკუთვნით”.
ამავე სოფელში მცხოვრებთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იმიტირებული ქრონიკის გამო ტელევიზიის ხელმძღვანელობაც უნდა დაისაჯოს და ჟურნალისტებიც.
“სცენარი რომ დაკვეთილი იყო, ეს ფარულმა ჩანაწერებმაც დაადასტურა. არცერთი აღარაა მანდ გასაჩერებელი!” - ამბობს ნიკოლოზ კუბლაშივილი.
ახალციხის მოსახლეობის განწყობაც ისეთივეა, როგორიც ადიგენის. 13 მარტის საღამო განსაკუთრებით მძიმედ სოხუმიდან დევნილმა, ომგამოვლილმა ოჯახებმა გადაიტანეს.
“რა გახდა, ქრონიკის მიმდინარეობისას წარწერის გაკეთება, რომ ეს დადგმული სცენარი იყო?! მაგრამ ტელევიზია აქ არაფერ შუაშია, რაც უბრძანეს, ის გააკეთეს”, - ამობს სოხუმიდან დევნილი გურამ ლომიძე.
ნინო მელიქიძის მეუღლე სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობს: “რამდენიმე წუთის შემოსული იყო სახლში, რომ დაურეკეს განგაშია და სასწრაფოდ დაბრუნდიო. ხელახლა განვიცადე ის, რაც აგვისტოს ომის დროს მის ცხინვალში ყოფნისას გადავიტანე. საბედნიეროდ, გზიდან სწრაფადვე მობრუნდა, განგაში ცრუ აღმოჩნდა”.
ახალციხის სასწარფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 13 მარტს 20 გამოძახება დაფიქსირდა. ამათგან, 20:00 საათის შემდეგ, მხოლოდ ერთი იყო ნერვიული აშლილობით გამოწვეული. ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა ადიგენის სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც. მიუხედავად დამაიმედებელი მონაცემებისა, ფსიქოლოგის, გულიკო ბექაურის თქმით, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ამ გადაცემით ადამიანების ემოციურ სამყაროსა და მათ ჯანმრთელობაზე მოხდა, ხარისხი არ გააჩანია: “დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების არაერთი პროცესი, ნერვოზული მდგომარეობები, შიში და პანიკა. ხალხი სახლებიდან გამორბოდა, ეს იყო მძიმე ემოციური სტრესი, რომლის შემთხვევაშიც ცნობიერება და აზროვნება იბლოკება, ადამიანი არაადეკვატურად იქცევა”.
მისი განმარტებით, ისეთ არაპროგნოზირებად გარემოში, როგორშიც ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოც, სადაც დიდია რისკი ომიანობის და ეკოლოგიური კატასტროფების - ასეთი სცენარით ადამიანები იბლოკებიან: “მათ სოციალურ აქტივობას და სოციალურ ურთიერთობას ბლოკავ, ოპტიმისტურს ყველაფერს უნგრევ. ეს იყო უნიჭოდ და უგუნურად დადგმული სპექტაკლი, ერის წინაშე უპასუხისმეგბლო დამოკიდებულება!”
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი