კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები

19 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში “საუკეთესო ხელნაწერში” გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადეცათ.

 სასკოლო კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში, ხელნაწერთა ეროვნული  ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია “წანისის” მხარდაჭერითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენაა.   

“პირველად კონკურსი მაღალი კლასების ბავშვებისთვის ჩატარდა, ტურნირში მეხუთე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი ნამუშევრები თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გადაიგზავნა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე. 

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი გამარჯვებული ნაშრომიდან 16 ნამუშევარი ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს ეკუთვნოდათ: “თბილისში ბავშვებმა კიდევ გაიარეს ანალოგიური კონკურსი მეორე ტურში გადასასვლელად, თუმცა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის”.

 16 მარტს კი ანალოგიური კონკურსი რაიონული მასშტაბით, დაწყებითი კლასის ბავშვებისთვისაც ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 100-მდე მოსწავლემ მიიღო, ჟიურიმ სამი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია.

 “ბევრი კარგი ნამუშევარი იყო, ძალიან გაგვიჭირდა საუკეთესოს შერჩევა, თუმცა ეს სამი ნაშრომი მაინც გამოირჩეოდა”, - ამბობს კულტურის სამსახურის სპეციალისტი, ჟიურის წევრი მარინა გოგოლაძე. 

პირველი ადგილი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლემ ანანო მოსეშვილმა დაიკავა. მეორე ადგილზე მისი თანაკლასელი ქეთევან ყავრელიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ სალომე კაჭკაჭიშვილმა დაიკავა. 

“მოთხრობა “ახტალა” დავწერე და მოეწონა ჟიურის. სიგელი, მსოფლიო ატლასი და სასურათე გადმომცეს”, - გვითხრა ქეთევან ყავრელიშვილმა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი