რატომ გადაიდო 2 მარტს პროფკავშირების მიერ დაგეგმილი საგაფიცვო აქცია; როგორ ჩაიარა რეგიონების სკოლებში გამართულმა შეხვედრებმა და როგორია გადაწყვეტილებათა ოქმები; ნამდვილად მიმდინარეობს თუ არა დიალოგი ხელისუფლებასთან - ამ და სხვა კითხვებზე “სამხრეთის კარიბჭე”, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს მაია ლიპარტელიანს ესაუბრა. მანანა სარაშვილი, ახალციხე
_ რა შედეგებით დასრულდა შეხვედრები რეგიონებში და რა გადაწყვეტილება მიიღეთ?
_ გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი გაფიცვის ორგანიზების შესახებ სწორედ პედაგოგთა თხოვნით მივიღეთ. მაგრამ, სკოლებში გამართულ პროფკავშირულ კრებების ოქმების მიხედვით, პედაგოგები მოითხოვენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიდევ მივცეთ დრო იმისათვის, რომ შედგეს რეალური სოციალური დიალოგი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან.
_ განათლების სამინისტროს განცხადებით, პრემიერ_მინისტრის 2009 წლის ¹335 ბრძანების თანახმად დაიწყო სოციალური დიალოგი მთავრობასა და თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის და დიალოგის რეჟიმი დღემდე გრძელდება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა საკითხებზე ისაუბრეთ?
გააჩნია, დილოგს რას დავარქმევთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცდილობს, დიალოგი დაარქვას იმ პიარ-აქციებს, რაც გამოიხატება სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებით და იმის ჩვენებით, რომ აი, ჩვენ საზოგადოებას და მათ შორის, პროფესიულ გაერთიანებებს ვხვდებით და მათ აზრს ვითვალისწინებთო. ჯერჯერობით, არანაირი რეალური დიალოგი არ შემდგარა. უბრალოდ, მინისტრმა როგორც იქნა, გამოყო მომლაპარაკებელთა ჯგუფი.
ასევე, შეიქმნა კომისია პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში და შედგა მათი პირველი შეხვედრა. თუმცა, ჯერჯერობით რომელიმე კონკრეტულ საკითხზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა და ამ შეხვედრაზეც მორიგი დაპირებები მივიღეთ. მაგალითად, როგორიცაა: შემუშავდება გასაჩივრების პროცედურა; მასწავლებლებს ექნებათ მოტივაცია სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების; შემუშავდება სასერტიფიკაციო გამოცდებზე მონიტორინგის დეტალური მექანიზმი და ა.შ. უფრო მეტიც, განათლების სამინისტრომ ორ კვირაზე მეტია, ამ შეხვედრის ამსახველი ოქმიც კი ვერ მოგვაწოდა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ითხოვს არა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის კურსში ჩაყენებას, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას, რასაც სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ.
_ რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირების დებულებას, ხომ არ შეიცვალა ის საკითხები, რომელსაც პროფკავშირები და პედაგოგების დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდა?
_ ჯერჯერობით, დებულებაში არანაირი წერილობითი ცვლილების შეტანა არ მომხდარა. თუმცა, სამინისტრო სიტყვიერად აცხადებს, რომ შეიცვლება სერტიფიცირების დებულება და სერტიფიცირებულ მასწავლებლებს გაეზრდებათ ხელფასი.
მაგრამ ამ განცხადებებს ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი ფორმა აქვთ და არანაირ დოკუმენტში ეს არ ასახულა. ამიტომ მასწავლებელთა უმრავლესობა, ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს არ ენდობა, რადგანაც ისინი ბევრჯერ მოუტყუებიათ მსგავსი დაპირებებით.
ჯერ კიდევ 2008 წელს პრეზიდენტიც დაპირდა სიტყვიერად პედაგოგებს, რომ ისინი ყოველწლიურად მიიღებდნენ მეცამეტე ხელფასს, მაგრამ მთავრობამ პრეზიდენტის დანაპირები არ შეასრულა.
_ 2 მარტს დაგეგმილი საგაფიცვო აქცია გადაიდო. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება საგაფიცვო კომიტეტმა?
- გაფიცვის გამოცხადების შემდეგ, არაერთი ზეწოლა განხორცილედა პედაგოგებზე, სკოლის დირექტორებისა და რესურსცენტრების უფროსების მხრიდან. გვქონდა შემთხვევები, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება გაფიცვის შესახებ შეაცვლევინეს, სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ და ასე შემდეგ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც აუკრძალეს სამინისტროს პრეს-ცენტრთან შეთანხმების გარეშე ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
გვქონდა შემთხვევები, როცა მასწავლებლები დაიბარეს გამგეობებში და კატეგორიულად აუკრძალეს გაფიცვა და ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაც კი; დაახევინეს პროფკავშირის კრების ოქმები, დირექტორები ემუქრებოდნენ სამსახურიდან გაშვებით; თითქმის ყველა ჩვენს შეხვედრას პედაგოგებთან ესწრებოდნენ უშიშროების თანამშრომლები და ასევე უშიშროებაში იბარებდნენ ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს; შანტაჟის გზით ემუქრებოდნენ მათ და ა.შ.
ამიტომ, საგაფიცვო კომიტეტმა გაითვალისწინა მასწავლებელთა უმრავლესობის მოთხოვნა და გამოაცხადა გაფიცვის გადავადება მაისამდე. კერძოდ, თუ მანამდე არ მოხდება მასწავლებელთა მოთხოვნების რეალური გათვალისწინება, 1 მაისს დაიწყება შიმშილობის აქცია დიდ ქალაქებში, ხოლო 11 მაისს იქნება გამაფრთხილებელი გაფიცვა.
-რა არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები?
ყველაზე მტკივნეული პრობლემა რაც დღეს არის, გახლავთ ის, რომ განათლების რეფორმის პირველი ეტაპი, არც ისე წარმატებულად დასრულდა, როგორც ამას ტელეეთერის საშუალებით გვამცნობენ ხოლმე. გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ განათლების ხარისხის მიხედვით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და საშუალო მაჩვენებლებსაც კი ვერ უახლოვდება.
სისტემაში არსებული პრობლემები სხვა მიზეზებთან ერთად გამოწვეულია სათანადო დაფინანსების არარსებობით. განვითარებადი ქვეყნებისათვის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლების ხვედრითი წილი 5 პროცენტი მაინც უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში კი 2,5 პროცენტია.
განათლების სფეროს დაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის 15 პროცენტი მაინც უნდა იყოს, ამჟამად კი მხოლოდ 7-8 პროცენტია. პრობლემაა ის, რომ განათლების რეფორმის დაგეგმვის პროცესში ჩართული არ არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები და ა.შ.
სწორედ ამ და სხვა უამრავ პრობლემასთან დაკავშირებით ვითხოვთ სოციალურ დიალოგს სამინისტროსთან, რათა ერთად შევუწყოთ ხელი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ჩვენს ქვეყანაში.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი