1 მარტს, “გაჭიანურებული” რეკონსტრუქციის შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი “ზემო ლარსი” გაიხსნა. მხარეთა განცხადებებიდან გამომდინარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა ყველაზე მომგებიანი მესამე მხარის - სომხეთისთვისაა.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ზემო ლარსის ხელახლა აშენებული, მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტი, სამწელიწადნახევრიანი “შესვენების” შემდეგ, 1 მარტის დილის 6 საათზე გაიხსნა. 2010 წლის 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე გამშვები პუნქტები “ყაზბეგი” (საქართველო) და “ზემო ლარსი” (რუსეთი) ყოველდღე, დილის 6:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს. 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე კი, დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. გარდა ამისა, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე ნაწილობრივ შეზღუდული იქნება გამშვები პუნქტის გავლით მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი სატვირთო ავტოტრანსპორტისა და იმ სამგზავრო საშუალებების მოძრაობა, რომლებშიც 30-ზე მეტი სამგზავრო ადგილია.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი პირდაპირი სახმელეთო გზის გახსნას მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრებნი მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნიდან პირველ საათებში იქ ერთ მანქანასაც არ გაუვლია.
“სავარაუდოდ, ინფორმაცია სათანადოდ ჯერ კიდევ არ გავრცელებულა. ეს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვიზების საკითხთანაც. როგორც მოგეხსენებათ, ვიზები მხოლოდ რუსეთის, საქართველოსა და შვეიცარიის საელჩოებში გაიცემა და არა პირდაპირ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საზღვარზე, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აქვთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის “ზემო ლარსის” ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნიკოლაი რუდინმა.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგზე” ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, ცხოველებისა და საქონლის გატარება ქართული კანონმდებლობის, ხოლო “ზემო ლარსზე” - რუსული კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ორგანიზებულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის 12 ზოლი: ექვსი შემომავალი, ექვსი კი – გამავალი მიმართულებით. არის ასევე მოძრაობის ორი სარეზერვო ზოლი. ამ პუნქტის გამშვები სიმძლავრე დღე-ღამეში შვიდი ათასი ადამიანი, 50-მდე ავტობუსი და 500-მდე ავტომანქანაა. გარდა ამისა, საპასპორტო კონტროლის სისტემა ახალი თაობის, ბიომეტრული ჩიპების მქონე დოკუმენტების შემოწმებასაც უზრუნველყოფს.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი “ზემო ლარსი” ვლადიკავკაზიდან 38 კილომეტრში მდებარეობს. ის 2006 წლის ივლისში რეკონსტრუქციის მიზნით დაიკეტა. როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ძალების ჩრდილო ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი დოროფეევი ამბობს, ახალი გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური შეიარაღება სახელმწიფო კონტროლის ყველა სახეობის განხორციელების საშუალებას იძლევა. მან დაამატა, რომ პუნქტის მშენებლობისას ადრე არსებული ყველა ნაკლოვანება აღმოიფხვრა.
თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი, როგორც ეს რეკონსტრუქციის დაწყებამდე იყო, აღარ იმუშავებს. ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს ყაზბეგის რაიონიდან არიან, ამ ტერიტორიაზე ახლო ნათესავები ჰყავთ და ზოგიერთს მეურნეობაც კი აქვს, სახელმწიფო საზღვრის მარტივად გადაკვეთის შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ. სულ ცოტა ხნის წინ ისინი, პასპორტებში სპეციალური სანიშნების მეშვეობით, საზღვრის უვიზოდ გადალახვის უფლებით სარგებლობდნენ.
დსთ-ის სახელმწიფოების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის გადალახვას შეძლებენ საზღვარგარეთის, სამსახურეობრივი ან დიპლომატიური პასპორტებით, მეზღვაურის დოკუმენტებით ან რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის მეშვეობით.
სახმელეთო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის 2006 წელს თბილისში, რუსი ოფიცრების ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრების შემდეგ დაიკეტა. მაშინ რუსეთმა მის ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის შეტანა აკრძალა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი “ზემო ლარსი” დახურა, რის მიზეზადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა დაასახელა. რუსეთმა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოს ჯერ კიდევ 2009 წლის მაისში შესთავაზა, როდესაც განაცხადა, რომ ყველა სარემონტო სამუშაო უკვე დასრულებული იყო. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის თაობაზე მოლაპარაკებების ჟენევაში, შვეიცარიის შუამდგომლობით ჩატარება მოითხოვა.
ამ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნით დაინტერესებული იყო ევროპაც. ევროკავშირის დელეგაცია, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის ხელმძღვანელობით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე “ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ეწვია. დელეგაცია საკონტროლო-გამშვები პუნქტისაკენ პირდაპირ თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრა, სადაც ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დილით ჩამოფრინდა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზღვარზე არსებული მდგომარეობა შევისწავლოთ და საკუთარი თვალით ვნახოთ, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა რამდენად შეუწყობს ხელს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებას”, - აღნიშნა საზღვარზე ჟურნალისტებთან საუბრისას მორატინოსმა (თრენდ Nეწს).
საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მართალია, პოზიტიურ პრეცედენტად აფასებენ, თუმცა, არა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობისაკენ გადადგმულ ნაბიჯად. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
“გამშვები პუნქტის გახსნა ძალზე პოზიტიური პრეცედენტია... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, კარგია, რომ მესამე მხარის (სომხეთის) ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმება შედგა... თუმცა ურთიერთობების დათბობაზე ვერ ვილაპარაკებთ, სანამ რუსეთი ქვეყანა-ოკუპანტი იქნება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ (“საქართველოს ახალი ამბები”).
საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება მიღწეულ იქნა ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრაზე ერევანში და ყაზბეგში, საქართველოს ტერიტორიაზე, შვეიცარიის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ის რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ნოტებით დადასტურდა.
სომხეთისათვის ტრანსკავკასიური მიმოსვლის აღდგენა საქართველოს სამხედრო გზით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სომხეთის მეწარმეთა და მწარმოებელთა (დამსაქმებელთა) კავშირის თავმჯდომარის არსენ კაზარიანის თქმით, თითოეული სატვირთო ავტომობილის ტრანსპორტირებისას შესაძლებელია ფასზე სერიოზული ეკონომიის გაწევა ბორანის მომსახურების თავიდან აცილების მეშვეობით, ასევე, გაიზრდება სატვირთო გადაზიდვების სიჩქარეც: “ტვირთის მოცულობისა და ზომიდან გამომდინარე, ეს თანხა 1,2-1,8 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. თითოეულ რეისზე დაახლოებით 2-2,5 ათასი დოლარის ეკონომიის გაწევაა შესაძლებელი, რაც, დამეთანხმებით, დიდი შეღავათი იქნება”.
საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნამ, შესაძლოა, ბორანით გადაზიდვის ტარიფებზეც იმოქმედოს. “ზემო ლარსის” გახსნა განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადაზიდვისთვისაა მნიშვნელოვანი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი