ერთწლიანი მუშაობის შედეგები


საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის მხარეში ლაშა ჭკადუას “სამხრეთის კარიბჭე” ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე ესაუბრა. 

მანანა სარაშვილი, ახალციხე  

_ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად 2008 წლის 18 დეკემბერს დაინიშნეთ. როგორი იყო რეგიონი ერთი წლის წინ

- სამცხე-ჯავახეთში ბევრი რამ იყო გაკეთებული, თუმცა ბევრი გასაკეთებლიც დამხვდა. პირველ რიგში აქტიურად დავიწყე ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება, კერძოდ, შიდა გზებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა ეს პრობლემები ქალაქში ჯერ კიდევ დგას. გარდა ამისა, მოსახლეობას სხვა ბევრი პრობლემაც აქვს, ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად ვმუშაობთ. 

_ რა მიგაჩნიათ მთავარ მიღწევად ამ ერთი წლის განმავლობაში?

- ისევ ვიმეორებ, მთავარი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და გზების რეაბილიტაციაა. მართალია, ეს პრობლემები არც ახლაა ბოლომდე მოგვარებული, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოხერხდა ქალაქის სასმელი წყლით მომარაგება. ამისთვის დამატებით რეზერვუარები დავდგით. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ მოხერხდა ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია და თითქმის ყველა ქუჩა განათდა.
   
_ “სამხრეთის კარიბჭესთან” პირველ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ სამცხე-ჯავახეთს იცნობდით, როგორც მძიმე რეგიონს ხე-ტყის უკანონო ჭრის კუთხით. რა მდგომარეობაა დღეს?

- ვიდრე პრეზიდენტის რწმუნებული გავხდებოდი, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, აქედან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთზე ინფორმაცია მქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ხე-ტყის უკანონო ჭრა შემცირდა. ზუსტად რა ხდება ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, ზამთარია და ხის როგორც უკანონო, ასევე კანონიერ მომპოვებლებს ტყეში მუშაობა უჭირთ, მაგრამ იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ეს პრობლემა, ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. სატყეო სამმართველო და გარემოს დაცვის ინსპექცია დღედაღამე მუშაობენ, რომ შეაჩერონ უკანონო ჭრა. 

ძალიან ბევრი ჯერ კიდევ  შეშით თბება, ამიტომ ხალხს უნდა ჰქონდეს ხე-ტყის თავისუფლად გამოყენების საშუალება, მაგრამ კანონის ფარგლებში. 

_ რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. რა გაკეთდა ამ მხრივ და რა იგეგმება სამომავლოდ?

- ტურიზმის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. გასულ წელს დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები და ჯერ არ დასრულებულა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასპინძა-ვარძიის გზის, კერძოდ ხერთვისის მონაკვეთისა და ახალციხე-ასპინძის გზის რეაბილიტაცია. ახალციხე-ასპინძის გზაზე მხოლოდ სოფელი რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაა დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

ასევე მიმდინარეობს გზის მშენებლობა წალკა-ახალქალაქი-კარწახის მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. ეს, ამავდრაულად, გახსნის თურქეთთან საბაჟოს, რაც კარგი იქნება როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.  

ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონში კერძო სასტუმროების არსებობაც. ჩვენი ინფორმაციით, ძალიან ბევრი ტურისტი მოდის რეგიონში, რომლებიც ბაკურიანში ათევენ ღამეს, რადგან აქ ამის საშუალება ნაკლებია. ადგილობრივ მოსახლეობას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ შეძლონ კერძო სასტუმროების მშენებლობა.

ასევე, იგეგმება სამცხე-ჯავახეთში არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენა-განახლება.

_ ამჟამად ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელია. რა იგეგმება ამ კუთხით?
 

- ამ პრობლემის მსხვერპლი მეც ვარ, რადგან მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ.
საკანალიზაციო სისტემა მთლიანადაა შესაცვლელი. ეს ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა გადავწყვიტეთ, პირველ ეტაპზე ქალაქის სასმელი წყლით მომარაგებაზე გვეზრუნა. ეს პრობლემა უკვე გადაიჭრა. ამ წლის დასაწყისში დავთვალეთ იმ პროექტის ღირებულება, რომელიც ქალაქში კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ძვირი პროექტია. ველოდებით დონორი ორგანიზაციიდან თანხმობას და დაფინანსებას, რომ შემდეგ დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა.  

_ რა არის სამცხე-ჯავახეთისთვის პრიორიტეტი?

ქალაქის განაშენიანება, ანუ უფრო მეტი ინვესტორის შემოყვანა და ქალაქის იერსახის გალამაზება. 

გაზაფხულიდან დაიწყება ცენტრალური პარკის განახლება. იგეგმება სასაზღვრო ტერიტორიების რეაბილიტაცია და ახალი უბნის მშენებლობა. 
ჯერჯერობით ეს ტერიტორია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაშია, თუმცა ახლო მომავალში ქალაქის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. ჯერ არ ვიცით, რა გაკეთდება - შეიძლება ახალი კორპუსები აშენდეს, ან რაიმე საწარმო. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ ამ ახალი მშენებლობით შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და მოხდება მოსახლეობის დასაქმება.  

საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, რომ ახალციხეში არ დარჩეს ქუჩა ასფალტის, წყლისა და განათების გარეშე; მოწესრიგდეს და გალამაზდეს ქალაქის იერსახე. ამის შემდეგ დაიწყება ფიქრი სამუშაო ადგილების შექმნაზე. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი