ახალციხის საფეხბურთო გუნდი “მესხეთი” პირველ ლიგაში თამაშს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე განაგრძობს და ამჟამად მე-11 ადგილზეა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
ახალციხის საფეხბურთო გუნდმა “მესხეთმა” საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი მეთერთმეტე ადგილით დაასრულა. ჩემპიონატის მეორე წრე თებერვალში დაიწყო. “მესხეთმა” შავი ზღვის აკადემიის გუნდს უმასპინძლა და შეხვედრა მარცხით დაასრულა.
“1-0 წავაგეთ, დასანანი მარცხი იყო. მაგრამ პირველი თამაში იყო და ფეხბურთელებმა მაინც კარგად ითამაშეს”, - ამბობს ახალციხის საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი პაატა გოგოლაძე.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე ეტაპი “მესხეთმა” საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დაიწყო. გუნდის მთავარი მოთამაშე და ბომბარდირი ირაკლი ცნობილაძე სათამაშოდ ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა. პაატა გოგოლაძის თქმით, გუნდისთვის ეს სერიოზული დანაკლისია: “ცნობილაძე გუნდის მთავარი თავდამსხმელი იყო და პირველ წრეზე რვა გოლი გაიტანა”.
მისივე თქმით, გუნდის ძირითადი პრობლემა ახლა თავდასხმის ხაზის გაძლიერებაა. იმის გამო, რომ ჩემპიონატის მეორე წრე უკვე დაწყებულია, გუნდიდან გუნდში გადასვლა არ ხდება. ამიტომ “მესხეთმა” გუნდის გაძლიერებაზე საკუთარი ძალებით უნდა იზრუნოს. “ერთი თავმდამსხმელი ალბათ გაგვაძლიერებდა. მაგრამ, ისევ ჩვენ ბიჭებს უნდა დავეყრდნოთ და ნათამაშებ ფეხბურთელებზე გავაკეთოთ აქცენტი”.
ახალციხის საფეხბურთო გუნდი უმაღლესი ლიგიდან უსახსრობის გამო გამოირიცხა. “მესხეთი” პირველ ლიგაში ივლისში დააქვეითეს. ამიტომ გუნდმა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბრძოლა თავიდან, მინუს სამი ქულით დაიწყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გუნდს ფინანსური დახმარება არც წელს მიუღია. გუნდი ნიკა სარჯველაძის მფლობელობაშია და მთავარი დამფინანსებელიც ის არის.
“დამოუკიდებელი საფეხბურთო კლუბი ვართ და ეს კლუბი გამგეობას არ ეკუთვნის”, - ამბობს პაატა გოგოლაძე.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ახალციხის საფეხბურთო გუნდში არაფერი შეცვლილა, იმ ინვენტარს თუ არ ჩავთვლით, ახალციხელმა სპორტსმენებმა ფედერაციისგან იანვარში რომ მიიღეს.
სავალალო მდგომარეობაშია ახალციხის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის საფარიც. ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში ახალციხის საფეხბურთო გუნდს ხელოვნურსაფარიანი მოედანი ექნება.
საქართველოს ჩემპონატის პირველი ლიგის მეორე წრეზე “მესხეთს” 14 თამაში აქვს ჩასატარებელი. აქედან ერთი მატჩი საკუთარ მოედანზე უკვე გაიმართა. ხოლო მომდევნო 7 მარტს ოზურგეთის “მერცხალთან” არის დაგეგმილი.
“ამ წრეში შვიდი საკუთარ მოედანზე და შვიდი გასვლითი თამაში უნდა ვითამაშოთ”, - ამბობს პაატა გოგოლაძე და დასძენს, რომ გუნდის წევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და იმედოვნებენ, რომ უმაღლეს ლიგაში ისევ მალე გადავლენ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი