22 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქარიშხალმა 15 სახლს სახურავი გადახადა, რვა ოჯახის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
ქარიშხალმა ყველაზე მეტად სოფლები - ფოკა და ვლადიმიროვკა დააზიანა.
“ბოლო წლების განმავლობაში ჩემმა ოჯახმა ბევრი უბედურება გადაიტანა, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოვჩნდით და სახლის სათანადოდ მიხედვა ვეღარც შევძელით. პენსია კვებისთვის ძლივს გვყოფნის. ახლა სახლის სახურავიც შესაკეთებელი გაგვიხდა”, - ამბობს ნაზან ავეტისიანი.
გადაუღებელმა წვიმებმა მდგომარეობა უფრო დაამძიმა.
“ჭერიდან წყალი ჩამოდის, ბათქაში ძვრება, კედლებიც გაიჟღინთა. იძულებული გავხდი, ყველა ოთახში ჭურჭელი დამელაგებინა. მარტოხელა ვარ, დამხმარე არავინ მყავს, ვერც კი წარმომიდგენია, რა იქნება, გაზაფხულის კოკისპირული წვიმები რომ დაიწყება”, - ჩივის სერან ჩოფანიანი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში არის მუხლი - “გაუთვალისწინებელი ხარჯები”, რომელიც სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს. ვინაიდან ზარალი დიდია, თანხა კი მცირე, ამიტომ მხოლოდ ყველაზე მეტად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი