15 თებერვლის ღამეს სოფელ განძის მცხოვრების არტიუშ აპგარიანის გომურს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარმა 40 სული შინაური მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და 20 ქათამი იმსხვერპლა.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
შვიდწევრიანი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობა იყო. ხანძარმა 11 მსხვილფეხა და 27 წვრილფეხა პირუტყვი, ერთი ცხენი, ერთი ღორი და ოცი ქათამი შეიწირა.
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელის სამველ მოსოანის თქმით, ხანძარი იმ ელექტროსადენზე მომხდარმა მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რომელიც თივით სავსე შენობაში გადიოდა. ნაპერწკალი გაცვეთილ ელექტროსადენს გაუჩნდა და შედეგად, დაახლოებით 500 კილოგრამი თივა დაიწვა. პირუტყვი მეზობელ შენობაში იყო დამწყვდეული და ისინი მხუთავმა აირმა დახოცა.
“როგორც ჩანს, ხანძარი ღამის პირველ საათზე გაჩნდა, ოჯახმა კი გვიან შენიშნა, სამ საათზე მივიღეთ გამოძახება. ხანძარი პირველი ხარისხით შეიძლება შეფასდეს, მიყენებული ზარალი კი რამდენიმე ათასი ლარისაა”, - ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელი სამველ მოსოიანი.
ზედაპირული გაანგარიშებით არტიუშ აპგარიანმა დაახლოებით 15 000 ლარი იზარალა.
ხანძრის მეორე დილას შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს შეაფასებს და დაზარალებული ოჯახისთვის შესაძლო მატერიალური დახმარების გამოყოფაზე იზრუნებს. შეგროვდა დოკუმენტაცია და ზარალის ხარისხის შესახებ აქტიც შედგა.
აპგარიანების ოჯახმა ადგილობრივი მთავრობისგან 1 600 ლარის ოდენობით დახმარება მიიღო.
“საკრებულოში დაზარალებული ოჯახისთვის 500 ლარის გამოყოფა გადაწყდა. დანარჩენი თანხა პარლამენტში ნინოწმინდის დეპუტატმა დაამატა”, - განმარტა მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა სამველ ირიციანმა.
აპგარიანის ოჯახს დახმარებას მეზობლები და ნაცნობებიც დაპირდნენ.
“ხანძრის დროს იქ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი და ნანახმა შემზარა. გადავწყვიტე, ოჯახს ძროხა ვაჩუქო. ყველა მეგობარს დაველაპარაკები, იქნებ მეურნეობის აღდგენაში დავეხმაროთ”, - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა სიმონ თუმასიანმა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი