34 წლის ალექსანდრე მამუკაშვილი 10 წლიდან კოლექციონერია. მარკების, სიგარეტებისა და ფულის კუპიურებისა და მონეტების ასობით ნიმუში ოჯახის საგანძურია. ნათია პარუნაშვილი, ახალციხე
ახლციხეში, ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებმა ალექსანდრე მამუკაშვილმა კოლექციონერობა ბიძის დახმარებით დაიწყო. ახლა სხვადასხვა ქვეყნების ასობით მარკა რამდენიმე ალბომს ავსებს.
,,მარკების ინფორმაციული დანიშნულება მხიბლავს. მათზე გამოსახულ თითოეულ სურათს თავისი ახსნა-განმარტება აქვს”, - გვიხსნის კოლექციონერი და ამატებს, რომ კოლექციის ნაწილი ბიძამ რუსეთიდან ჩამოუტანა, ნაწილი კი საქართველოში შეიძინა. მარკების გამოშვება რომ არ შეწყვეტილიყო, რამდენიმე ალბომს კიდევ დაამატებდა.
მარკების შეგროვება მალე ჰობად გადაიქცა და მარკებს სხვა ნივთებიც დაემატა. 11 წლისამ სიგარეტების შეგროვებაც დაიწყო, აგროვებდა გაუხსნელ, როგორც უფილტრო, ასევე ფილტრიან სიგარეტებს: ,,1987 წელს პირველად თაროზე ინდური სიგარეტი ,,მადრასი” დავდე. მალე ბერძნული დასახელების სუფთა თუთუნიც შევმატე”.
სასტუმრო ოთახში, კედლის ავეჯზე, რომლის სიგრძე დაახლოებით სამი მეტრია, 500-მდე კოლოფი რამდენიმე რიგად აწყვია.
ალექსანდრეს გატაცების შესახებ უკვე ყველამ იცის და სხვადასხვა ქვეყნებიდან სიგარეტები ხშირად ჩამოაქვთ.
“ვურეკავ და ვეკითხები განსხვავებული სახელწოდების სიგარეტი რომ ვუყიდო”, - ამბობს დედა მანანა აფრიამაშვილი.
კოლექციონერი იხსენებს, რომ ერთ კოლოფ სიგარეტში ორმაგი ფასიც გადაუხდია: “ერთხელ ნასვამი ახლობელი გვესტუმრა და შემთხვევით კოლექციიდან ის სიგარეტი მოწია, რომელიც გაყიდვაში არ იყო. წლების შემდეგ იმავე მარკის სიგარეტი თბილისში ვნახე. არ ყიდიდნენ და ძლივს დავითანხმე”.
თაროზე სიგარეტები დასახელების მიხედვითაა დალაგებული. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მცირე გადაადგილებასაც ადვილად ამჩნევს.
,,ერთხელ გაწმენდისას ყუთები დამენგრა. კოლექციისთვის ვიდეო ჰქონდა გადაღებული, ვუყურებდი ჩანაწერს და იმის მიხედვით ვაწყობდი, თუმცა სახლში მოსვლისას მაშინვე შეამჩნია”, - გვითხრა მეუღლემ ინგა წალდაძემ.
სიგარეტები ალექსანდრე მამუკაშვილის კოლექციისთვის ყველაზე ძვირფასი საგანძურია. ყველაზე დიდი - ორმოცღერიანი ,,როსკეტი”, ყველაზე მცირე კი ათღერიანი ,,კარსტანია”. ამბობს, რომ განსაკუთრებით ძვირი მის კოლექციაში უფილტრო “ქემელია”, რომელშიც 10 დოლარი გადაიხადა. ცალში სოლიდური თანხის შეთავაზების მიუხედავად, არასოდეს არცერთი კოლოფი სიგარეტი არ გაუყიდია: ,,ათ დოლარად შეძენილ 22 წლის უფილტრო ,,ქემელში” 100 ლარს მთავაზობდნენ”.
ამბობს, რომ სამომავლოდ კოლექციას კიდევ ათეულობით სიგარეტს შესძენს. შემდეგ კი ინტერნეტში ფოტოებს განათავსებს და გაყიდის: ,,რაც უფრო დიდი ხნისაა კოლექცია, მით უფრო ძვირადღირებული იქნება”.
მარკებისა და სიგარეტების კოლექციონერის ხელში მრავალი ქვეყნის ფულსაც გაუვლია. იგი ერთდროულად ნუმიზმატიკის (მონეტების) და ბონისტიკის (ქაღალდის ფულის) შემგროვებელია.
კუპონი, ლირა, დრამი, მანათი, რუბლი, - მცირედი ჩამონათვალია მისი კოლექციიდან. მათი შეგროვების იდეა, 1898 წლის რუსული რუბლით დაიწყო. სურს, რომ მისი საქმიანობა შვილებმაც გააგრძელონ.
მარკები, სიგარეტებისა და ფულის კუპიურების გარდა კოლექციონერის ოჯახს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საგანძურიც აქვს - ივანე ჯავახიშვილის “საქართველოს საზღვრები”, 1919 წლის “ტფილისის” გამოცემა. წიგნში დეტალურადაა ასახული საქართველოს ყველა კუთხის საზღვრები, მათ შორის ისინი, რაც ახლა საქართველოს შემადგენლობში აღარ არის.
ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მზადაა ეს წიგნი სახელმწიფოს გადასცეს.
,,ჟურნალისტის დღიურის”ერთ-ერთ გადაცემაში საუბარი იყო, რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ძველ წიგნებს ეძებდნენ. მზად ვარ, გადავცე”,- ამბობს მანანა აფრიამაშვილი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი