26 თებერვალს ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის ნახატებისა და ამავე სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენას პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და სხვა დამთვალიერებლებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გამოეფინათ თავიანთი ნამუშევრები. ასევე, დაეთვალიერებინათ იმ მხატვრის ნახატები, რომლის ნამუშევრებმაც მთელს მსოფლიოში წარმატება მოიპოვა”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.
მიხეილ იაძის შემოქმედების ძირითადი თემა სამცხე-ჯავახეთია: ისტორიული ძეგლები, ისტორიული სოფლები, რეგიონის კულტურა, არქიტექტურა და ასე შემდეგ.
მესხ მხატვარს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა თვითნასწავლ მხატვართა გამოფენებში. მის ნამუშევრები ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა.
მხატვარის გარდაცვალების შემდეგ მისი ნახატები ვაჟის, ზვიად იაძის პასუხისმგებლობით, არაერთ ქვეყანაში მოხვდა. 1986 წელს მოსკოვის გამოფენისთვის, 16 რესპუბლიკიდან მხოლოდ რამდენიმე ნახატი შეარჩიეს, მათ შორის მიხეილ იაძის 10 ნახატი იყო.
“მამის ნამუშევრები თბილისში, ცისფერ გალერეაში იყო გამოფენილი და იქ შეარჩიეს მოსკოვისთვის. ნახატებმა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მიიღო”, - ამბობს ზურა იაძე.
მოსკოვის გამოფენიდან თვითნასწავლი მხატვრის ორი ნახატი - “ძველი მუსხი” და “ხარება” პარიზში წაიღეს. იქ მათ გრამპრი მიიღეს. მას შემდეგ კი, ნახატები 10 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში ინახებოდა.
“ორი წელია მუზეუმიდან წამოვიღე. თურქეთში მიმიწვიეს გამოფენაზე და იქ მქონდა წაღებული. იქაც დიდი წარმატებას მივაღწიეთ”, - ამბობს მხატვრის შვილი.
ნამუშევრების გაყიდვა მიხეილ იაძის ვაჟს ბევრჯერ შეთავაზეს, თუმცა ამის სურვილი არასოდეს გასჩენია: “ის ნამუშევრები, რომლებიც მოსკოვში იყო გამოფენილი, 50 ათას დოლარად შემიფასეს, მაგრამ გაყიდვა არ მიფიქრია”.
იაძის ნახატების პარალელურად, საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს პირველი სკოლის მოსწავლეებმა: ტიხრული მინანქარი, ფერწერა, გრაფიკა და ქვაზე ნაკვეთი სხვადასხვა ნივთები.
დამთვალიერებლის ყურადღება თვითნასწავლმა მექანიკოსმა მიიქცია. მეშვიდე კლასის მოსწავლე შალვა გიორგაძე გამოუსედეგარი ნივთებისგან სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების აწყობით 6 წლის ასაკში დაინტერესდა.
“ჯერ ნახაზებს ვაკეთებ და მერე ვაწყობ, მიყვარს რაღაცეების გამოგონება. გამოფენაზე წამოვიღე მექანიკური კარუსელი, საბაგირო, ჰაერბერი, ეს ყველაფერი პულტის მეშვეობით მოძრაობს”, - აგვიხსნა შალვა გიორგაძემ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი