სომეხი ერის გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ ამერიკულ-თურქული ურთიერთობა გაუარესდა.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
4 მარტს აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ, 23 ხმით 22-ის წინააღმდეგ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ერის გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას, სადაც 1915 წელს სომხების გენოციდის შესახებ 252-ე რეზოლუციას განიხილავდნენ, ამ დღეს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.
კონგრესში გამართულ მსჯელობას სამი სომეხი და რვა თურქი ეროვნების დეპუტატი ესწრებოდა. სომეხი ეროვნების მოქალაქეები კი კომიტეტის სხდომას პირდაპირ ეთერში უყურებდნენ.
ამ საკითხის განსახილველად გამოტანის წინადადება აშშ-ის კონგრესის საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს ჰოვარდ ბერმანს ეკუთვნის.
რეზოლუციის განხილვამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთმა აშშ-დან ელჩი გამოიწვია, თუმცა, თურქული მხარე არ აღიარებს, რომ ელჩის გამოწვევის მიზეზი სწორედ ეს განხილვები გახდა.
ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში თურქეთის ელჩმა, ნამიგ ტანმა, ესენბოგის აეროპორტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ანკარაში მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდა:
“მოლაპარაკებების გასამართად ჩამოვედი და ჯერჯერობით, არ ვიცი, ისინი რამდენ ხანს გაგრძელდება”. (CNN Turk).
აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მიერ “სომხების გენოციდის” აღიარება ელჩმა მცდარ ნაბიჯად შეაფასა.
საერთაშორისო მასმედია ამ დღეებში 252-ე რეზოლუციას აქტიურად განიხილავდა.
მართალია, კონგრესის მიერ რეზოლუციის მიღება აშშ-ის მიერ აღიარებისკენ გადადგმული მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია, თუმცა, ამ ფაქტმაც საკმაო ხმაური გამოიწვია. ქვეყნის მიერ რეზოლუციის საბოლოო მიღებას კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლა სჭირდება.
აშშ-ის კონგრესში “სომხების გენოციდის” შესახებ რეზოლუცია 2000, 2007 და 2009 წლებში განიხილეს.
“აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით დაინტერესებულია და კონგრესის მიერ “სომხების გენოციდის” რეზოლუციის მიღების შესაჩერებლად თავის გავლენას გამოიყენებს. აშშ-ის კონგრესის დღის წესრიგში “სომხების გენოციდის” რეზოლუციის აღიარების საკითხის შეტანის აუცილებლობა არ არის” (Armenia Today). ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ “სომხების გენოციდის” რეზოლუციის აღიარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ისაუბრა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტიც რეზოლუციის მიღების წინააღმდეგია.
სომხეთში აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილება დადებითად მიიღეს და რეზოლუციის შესაძლო მომავლის შესახებ მსჯელობაც დაიწყეს. სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატი ლარისა ალავერდიანი აშშ-ის კონგრესის მიერ სომეხი ერის გენოციდის აღიარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მიუხედავად ობამას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგობისა.
“თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი (ნენსი პელოუსი) ადრე ამ საკითხზე თავის პოზიციას მკვეთრად აფიქსირებდა, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ შანსები 50/50-ზეა. რეზოლუციის მომხრე კონგრესმენთა გადაწყვეტილება აიხსნება, ერთი მხრივ, სამომავლოდ მსგავსი მოვლენების აღკვეთის სწრაფვითა და მეორე მხრივ, გავლენის მოხდენის სურვილით თურქეთზე, რომელიც რეგიონში სულ უფრო მეტად დამოუკიდებელი პოზიციის დაკავებას ცდილობს. კონგრესის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღების შესახებ შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც, კერძოდ, კომიტეტის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თურქეთის ნერვულმა რეაქციამ და თურქულ პრესაში “სომხების გენოციდის” რეზოლუციის მიღების მომხრე ამერიკელი კონგრესმენებისადმი გამოქვეყნებულმა შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თურქეთი კონგრესის მიერ რეზოლუციის აღიარებისთვის თავადვე ყველაფერს აკეთებს. ის კონგრესმენებიც კი, ვინც რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირა, გენოციდის ფაქტს აღიარებენ და თავის გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით განმარტავენ”, - ამბობს ლარისა ალავერდიანი (ახალი ამბები - სომხეთი).
აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს რეზოლუცია კომიტეტს ვერ გაცდება, ანუ მას წარმომადგენლობითი პალატა არ მიიღებს.
“ანკარას ვაშინგტონთან 45 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების შეძენის ხელშეკრულება აქვს დადებული. ამიტომ შტატების სამხედრო სფეროს მწარმოებლები თავიანთ ბერკეტებს აამოქმედებენ, რათა “სომხების გენოციდი” არ აღიარონ და მომავლისთვის დაგეგმილი კონტრაქტების დადება ეჭვქვეშ არ აღმოჩნდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს კარგად ესმით, ასევე აშშ-ისთვის თურქეთის მნიშვნელობასაც სერიოზულად აფასებენ. ამიტომ ვფიქრობ, თეთრი სახლისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ზეწოლის შედეგად “სომხების გენოციდს” არ აღიარებენ”, - აღნიშნა მილლი მეჯლისის დეპუტატმა დუნიამინ ხალილოვმა (Day.A).
თურქეთმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ “სომხების გენოციდის” რეზოლუციის მიღების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავა.
პირველ რიგში, თურქეთი გეგმავს, გააუქმოს თურქ ჩინოსანთა ვიზიტები ყველგან, სადაც მათ შესაძლოა, შეხება ჰქონდეთ აშშ-სთან. კერძოდ, საუბარია ბირთვული უსაფრთხოების სამიტში თურქეთის მონაწილეობაზე მისი პრემიერ-მინისტრის ერდოგანის სახით, ასევე, აშშ-ში სახელმწიფო მინისტრის ზაფერ ჩაგლაიანის ვიზიტზე. გარდა ამისა, ანკარა ვაშინგტონთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების გადახედვასაც აპირებს.
და ბოლოს, როგორც თურქულ მასმედიაში წერენ, ამერიკელებს რუსებთან დაახლოებითაც შეუძლიათ დაემუქრონ. ადრე თურქეთის პრეზიდენტმა აბდულლა გიულიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილება “სომხების გენოციდის” შესახებ, სომხეთთან მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტას გამოიწვევს და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას დაემუქრება.
თურქები აშშ-ის ამ ნაბიჯის გადადგმას არ ურჩევენ, რადგან, მათი მტკიცებით, თურქეთი, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ისა და დასავლეთის უმთავრესი მოკავშირეა; მეორე, ის გასაღების უზარმაზარი ბაზარია და მესამე, თურქეთი მეტნაკლებად გადახდისუნარიანი მყიდველია, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანებისათვის ძვირადღირებული, ძირითადად, სამხედრო დანიშნულების პროდუქციის დაკვეთა შეუძლია.
გარდა ამისა, ანკარაში ზედმეტად მიიჩნევენ იმის შეხსენებას, რომ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზა მოქმედებს, რომელიც ტერორიზმთან მრავალრიცხოვან დაპირისპირებებში შეუცვლელია.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი