სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ სიახლეებსა და პრობლემებზე “სამხრეთის კარიბჭე” სააქციო საზოგადოება “ბორჯომის ცენტრალური პოლიკლინიკის” დირექტორს მიხეილ ხუციშვილს ესაუბრა,
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
- რა სიახლეებია ცენტრალურ პოლოკლინიკაში?
- მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო, რათა გარკვეული კატეგორიის დაავადების მქონე პაციენტებისთვის მკურნალობა უფასო გამხდარიყო. ეს შემდეგ დაავადებებს ეხება: გონებრივი ჩამორჩენილობა, დეპრესიული ნერვოზი ისტერიული რეაქციებით, ღრმა დებილობა, ეპილეფსია, შიზოფრენია, პარკინსონი, ონკოლოგიური დაავადებები. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ასეთი დაახლოებით ათასი პაციენტია.
ამ პროგრამის ფარგლებშია განმეორებითი ინვალიდობის საექიმო კომისიის გავლაც, რომელიც წელიწადში ერთხელ სჭირდებათ პაციენტებს. ადრე 30 ლარს იხდიდნენ, ამჟამად კი უფასოა.
ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველ თვე 4 000 ლარს გვირიცხავს, რათა 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების ამბულატორიული მკურნალობა უფასო იყოს. აღნიშნულ პროგრამაში შედის: იმუნიზაცია (აცრა), ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა, კლინიკური სიმპტომების კომპლექური გამოკვლევები, ოფთალმოსკოპია, ოთოსკოპია, სპიგონომეტრია, ლაბორატორია, ავადმყოფს შეუძლია უფასოდ გაიკეთოს შემდეგი ანალიზები: პერიფერიულ სისხლში შაქარი, შარდის ანალიზი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში და შარდში. ასევე უფასოა ექიმთან ვიზიტი ონკოლოგიური დაავადების და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სამ თვეში ერთხელ უსასყიდლოდ ეძლევათ ინსულინი. აღნიშნული პროგრამა 2009 წელს 3 თვე აღარ ფუნქციონირებდა. წელს კი შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მთელი წელი დაგვაფინანსებს.
- რამდენად მუშაობს ბორჯომში სადაზღვევო სისტემა?
- სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 5 500 ადამიანია დაზღვეული. ამდენად, ვფიქრობ, რომ მუშაობს.
- რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?
- გვაქვს ყველა კაბინეტი: თერაპიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ონკოლოგიური, სტომატოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტოლარინგოლოგიის, რენტგენის, გასტროფიბროსკოპიის, კანისა და ვენერიული დაავადებების. მუშაობს ლაბორატორია, გვყავს ნევროპათოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექოსკოპისტი და ასე შემდეგ.
სულ ახლახანს შევიძინეთ სისხლის გამწმენდი აპარატი, პროცედურების ჩატარების შემდგომ სისხლი იწმინდება ანტივირუსებისგან, აღნიშნული პროცედურა საჭიროა ინფექციური დაავადებისა და ცე ჰეპატიტის დროს…
- რა პრობლემებია პოლიკლინიკაში?
- ექიმებს ხელფასი გამომუშავებით აქვთ. ყოფილა შემთხვევა როცა ექიმს 28 ლარი აუღია. ზოგადი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო პაციენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუ მოიმატებს ცხოვრების დონე, ხალხიც უფრო მეტად მიხედავს ჯანმრთელობას და, შესაბამისად, ჩვენც გაგვეზრდება ხელფასები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს ექიმების ხელფასებმა მოიმატა, რადგან წელს პოლიკლინიკას ვალი აღარ აქვს.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ერთ თვეში შევიძენთ ბიოქიმიური ანალიზების აპარატურას. ვაპირებთ სპიდომეტრიის მეთოდის დანერგვას და მისი აპარატურის შეძენას. ფილტვის ფუნქციის დასადგენი სპიდომეტრი იმათთვისაა საჭირო, ვისაც ბრონქიალური ასთმა ან ქრონიკული პნევმონია აქვს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი