ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 310 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გაზიფიკაციაში დახმარების იმედი აქვს, თუმცა, სახსრების მოძიებზაზე არც გაზგამანაწილებელი კომპანია ზრუნავს და არც ადგილობრივი ხელისუფლება. აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
გასული წლის შემოდგომით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და ინვალიდობის მქონე მოქალაქეების აღრიცხვა დაიწყო. მონაცემების შეგროვების საფუძველი მათთვის გაზიფიცირების პროცესში დახმარება იყო. მაგრამ, დღემდე ეს დახმარება არცერთ ოჯახს არ მიუღია.
2009 წლის 9 სექტემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
გაზგამანაწილებელი კომპანია “შჟ Gაზ ჩომპანყ”-საგან შემდეგი განცხადება შევიდა: “გთხოვთ, მოგვაწოდოთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შორის სოციალური დაცვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სია, მათთვის “შჟ Gაზ ჩომპანყ”-ის მიერ გაზიფიკაციის მომსახურების ლგოტურ საფუძველზე გაწევის აუცილებლობასთან დაკავშირებით”.
გაზგამანაწილებელ კომპანიას დეკემბერში გაეგზავნა პასუხი, რომელსაც “განსაკუთრებული სოციალური დაცვის საჭიროების” მქონეთა რვა გვერდიანი სია ერთვოდა. სიაში 310 მოქალაქე იყო შესული.
“ამ სიაში მოხვდა ყველა ვეტერანი, პირველი და მეორე კატეგორიის ინვალიდები, მარტოხელები - ანუ ყველა განსაკუთრებით გაჭირვებული პირი, ვინც ჩვენთან შესაბამისი განცხადება შემოიტანა”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი რაფაელ ტოკმაჯანიანი.
87 წლის ისკუი გეგიძე მარტოხელა პენსიონერია. საჭმლის მოსამზადებლად პატარა, სამკილოგრამიან ბალონს იყენებს, რომელიც მისი თქმით, მოხურხებელია და ხანძრის გაჩენის საფრთხეს შეიცავს. იმისათვის, რომ გაზით 10-კილოგრამიანი ბალონი აავსოს, პენსიიდან ფულის დაზოგვას ვერ ახერხებს: “მითხრეს, რომ გაზს უფასოდ შემომიყვანენ. ძალიან მიხარია, რადგან ბუნებრივი გაზით ყველაფერი გამიადვილდება. ვინმესთვის ბალონის გავსება არ მექნება სათხოვნელი და ფულსაც ნაკლებს დავხარჯავ”.
გაზგამანაწილებელ კომპანიაში კი ირკვევა, რომ გეგიძის მოლოდინი არ გამართლდება.
“მუშაობას მხოლოდ სახსრების არსებობის შემთხვევაში დავიწყებთ. სია ვითხოვეთ იმისათვის, რომ თუ შესაძლებლობა და სახსრები გვექნებოდა, ისინი სწორად გადაგვენაწილებინა. თუ გამგეობამ სია დაწერა, სახსრებიც მან ან ვინმე სხვამ უნდა მოიძიოს, მე არაფერი ვიცი”, - ამბობს კომპანია შჟ Gაზ ჩომპანყ-ის მთავარი ინჟინერი ლევონ ბიჩახჩიანი.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გაზიფიკაციაში დასახმარებლად სახსრების მოძიებას ადგილობრივი ხელისუფლებაც არ გეგმავს.
“არ ვაპირებთ დაფინანსების თხოვნით სხვადასხვა ორგანიზაციებს მივმართოთ. ჩვენ სიები გვთხოვეს და გადავეცით. არ ვიცი, რომელ ორგანიზაციას უნდა დაეფინანსებინა გაზის კომპანია”, - ამბობს რაფაელ ტოკმაჯანიანი.
ლევონ ბიჩახჩიანი ამბობს, რომ კონკრეტულად დაფინანსებაზე საუბარიც არ ყოფილა: “ასეთი დახმარების შესახებ გავიხსენეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან მუდმივად მოდიოდნენ ადამიანები და გვეუბნებოდნენ, რომ უჭირთ და იქნებ გაზიფიკაციაში დაგვეხმაროთო. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ სანამ სახსრები არ იქნება, სიების გაგზავნას აზრი არ აქვს”.
ვიდრე გაირკვევა ვინ უნდა დააფინანსოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაზიფიცირება, მოქალაქეები გამგეობის შენობიდან გაზგამანაწილებელ კომპანიაში და პირიქით, დადიან და დახმარების იმედს არ კარგავენ.
თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც დაპირების არ დაიჯერა და ოჯახში გაზის შეყვანა საკუთარი სახსრებით სცადა.
“თანხის ნახევარი ნათესავებმა მომცეს, ნახევარი კი ვისესხე და პენსიიდან ნელ-ნელა გადავიხდი. მითხრეს, რომ თუ დახმარება იქნება, ჩემი გადახდილი თანხა ანგარიშზე შემენახება და მის ფარგლებში გაზით სარგებლობას შევძლებ”, - ამბობს მეორე კატეგორიის ინვალიდი, 47 წლის მარტოხელა ქალბატონი ნინა გაბრიელიანი.
როგორც გაირკვა, სოციალურად დაუცველი ოჯახების ოპტიმიზმს საფუძველი არ აქვს. მუნიციპალიტეტში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია, არც სამთავრობო და არც არასამთავრობო, რომელიც შეჭირვებული ოჯახებისთვის სახსრებს გამოყოფს და აბონენტების გაზის ქსელში ჩართვას უზრუნველყოფს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი