სამცხე-ჯავახეთში ჰესების მშენებლობით გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხეები და მრავალმილიონიანი პროექტების ეკონომიკური მნიშვნელობა. ადგილობრივებისათვის აქილევსის ქუსლად ქცეული დასაქმების პრობლემა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
საქართველოს მთავრობამ სულ ახლახანს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, “მტკვარიჰესის” კასკადის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. კონცეფცია ითვალისწინებს ერთი ან ორი დიდი რეზერვუარისა და სამი კაშხალის მშენებლობას - ნიალა, ხერთვისი და ასპინძა. აქედან ერთ-ერთი, სააკუმულაციო სადგური იქნება. კასკადის სიმძლავრე 138-218 მეგავატს შეადგენს.
“მტკვრის გასწვრივ, 59 კილომეტრზე, საკმაოდ დიდი კომლექსი გაშენდება”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერანტივას” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე.
მისი განმარტებით, კასკადის ასაგებად ორი ტიპის დიზაინი განიხილება. ერთი - დიდი სატუმბი რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს: “ანუ ჯერ მტკვარიდან რეზერვუარში წყალი აიქაჩება და საჭიროების მიხედვით შემდეგ გაუშვებენ გვირაბით. მეორე დიზაინით კი ორი, საკმაოდ მაღალი, 88-მეტრიანი კაშხალის მშენებლობა იგეგმება”.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დიდ ეკოლოგიურ საფრთხეებს შეიცავს. მით უფრო, რომ სამცხე-ჯავახეთში “მტკვარიჰესის” პარალელურად “ფარავანჰესის” მშენებლობაც მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი 78 მეგავატი სიმძლავრის იქნება.
“საფრთხე ექმნება ისტორიულ მემკვიდრეობას - ვარძია, ხერთვისი, ასევე ნიალას ველი, რომელიც საერთოდ არ არის შესწავლილი. შესაძლოა, ეს ველი მთლიანად დაიტბოროს”, - ამბობს მანანა ქოჩლაძე.
მისი განცხადებით, ჰესები მიკროკლიმატის ცვლილებასა და ტენიანობის ზრდასაც იწვევენ: “კაშხლები ქმნიან სარტყელს, ამიტომ ტენიანობა რეგიონის მთელ სიგრძეზე მოიმატებს, რაც ადამიანებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე საკმაოდ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს”.
“მტკვარიჰესის” მშენებლობისათვის 400-600 მილიონი ამერიკულ დოლარი, “ფარავანჰესისათვის” კი 80-85 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელს ეეჭვება, ქვეყანას ამ პროექტების განხორციელება ეკონომიკურად უღირდეს: “საქართველოში ზაფხულში წყალჭარბობაა, არ იციან სად წაიღონ ელექტროენერგია, რომელიც გამომუშავდება და ამიტომ ჰიდროელექტროსადგურები წყალს ღვრიან”.
მისი თქმით, ეს პრობლემა მთავრობის გათვლებით, ნაწილობრივ მაშინ გადაიჭრება, როდესაც “ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის” გავლით ელექტროგადამცემი ხაზი ენერგიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს: “თუ ყველა ჰესს მიეცა საშუალება, ელექტროენერგია გაყიდონ, რასაკვირველია, ეს კარგი იქნება. მაგრამ ელექტროგადამცემ ხაზებზე, რეალურად ახალი ქსელებისთვის ენერგიის გადასატანად კვოტა აღარ რჩება”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “მტკვარიჰესის” სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა განცხადებების რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” პროექტის მშენებლობისას ინდოელი და პაკისტანელი მუშები ჰყავდათ ჩამოყვანილი მიწის სათხრელად. იმავეს განმეორება მთავრობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა აღარ უნდა დაუშვან. ეს მოლაპარაკების საგანია, - ამბობს მანანა ქოჩლაძე და დასძენს, რომ საქართველოში ამას კანონი არ არეგულირებს, - კანონმდებლობა უცხოური კომპანიების მიერ მუშახელის ჩამოყვანას არ ზღუდავს. აქამდე არსებული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, ადგილობრივების დასაქმების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს”.
სანამ პროექტის განსახორციელებლად გარემოზე ზემოქმედებას შეისწავლიან, ან პროექტის დასრულების შედეგ ქვეყნისათვის მის ეკონომიკურ ღირებულებას გაზომავენ, ადგილობრივებისთვის “მტკვარიჰესის” მშენებლობის მნიშვნელობა მხოლოდ ერთი - დასაქმების საკითხის მოგვარებით განისაზღვრება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი