ვალის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ნინო მანველიშვილმა კონკურსში - “ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”, მეორე ადგილი დაიკავა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
კონკურსი, რომელშიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 30 იანვრიდან დაიწყო.
კონკურსი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას ეძღვნებოდა. რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნახატები უნდა შეექმნათ, ხოლო საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეებს თავისუფალი თემები უნდა დაეწერათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 10 000-მდე ლიტერატურული და ფერწერული ნამუშევარი შევიდა. კონკურსის ფინალისტები ცნობილი მწერლებისა და მხატვრებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
ნინო მანველიშვილმა თემა დღიურის სახით დაწერა: “საერთოდ დიდი ხანია, დღიურს ვწერ. ვიფიქრე, რომ ასეთი ფორმით დაწერილი ყველასგან განსხვავებული იქნებოდა და არც შევმცდარვარ”.
აგვისტოს მოვლენები რომ დაიწყო, ნინო ოჯახთან ერთად ურეკში ისვენებდა: “ფოთის პორტი რომ დაბომბეს, ჯერ ისევ იქ ვიყავით. გზაშიც ძალიან გვეშინოდა, ხაშურს რომ მოვუახლოვდით, ქალაქში ტანკები შემოდიოდა”.
თუმცა ნინოს საკონკურსო თემაში მის ახლოს აფეთქებული ბომბებისა და გზაში განცდილი შიშის შესახებ არ დაუწერია. დღიურში სიუჟეტი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ვითარდება: “ფეხმოტეხილი ვხვდები რეანიმაციაში, აქ ვგებულობ, რომ ომი დაიწყო, გორი დაბომბეს... შემოჰყავთ დაჭრილები. ეს ყველაფერი გამოვიგონე, აღვწერე როგორ განვიცადე”.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირველ ადგილზე გასული კონკურსანტები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა; მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კი 500 და 300 ლარის ოდენობით თანხა დიპლომებთან ერთად გადასცა.
ნინო მანველიშვილმა 500 ლარი მიიღო. “ჯერ არ ვიცი, ფულს რაში დავხარჯავ, თუმცა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს საჩუქრებს აუცილებად ვუყიდი”, - ამბობს ღიმილით.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. მისი მიზანია, ფართოO საზოგადოებისთვის ის ემოციები გახდეს ცნობილი, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართევლოს ომის დროს განიცადეს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი