ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის სოციალურ პაკეტს ახალი პუნქტი დაემატა - “ფინანსური დახმარება ოჯახების კომუნალური პირობების გასაუმჯობესებლად”, ვის შეუძლია დახმარების მიღება, რა ოდენობით და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს თანხები საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
მატერიალური დახმარების ახალი ფორმა გასულ წელს მოსახლეობისგან შესული განაცხადებების საფუძველზე შეიქმნა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური სამსახურის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურისთვის გამოყოფილი თანხა შარშანდელთან შეადრებით წელს 15 000 ლარით შემცირდა და მხოლოდ 235 000 ლარს შეადგენს.
მთლიანი თანხის შემცირებამ და ახალი პუნქტის ჩამატებამ ერთჯერადი დახმარებებისთვის გამოყოფილი სახსრების შემცირება გამოიწვია. ერთჯერადი დახმარებების თანხა, შარშანდელი 100 000 ლარის ნაცვლად, წელს 70 000 ლარია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის რაფაელ თოკმაჯანიანის თქმით, ამ დახმარების შესახებ ბევრმა მოქალაქემ არ იცის: “თუ გამოვაცხადებთ, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი პირი მოგვმართავს, ყველას დახმარებას კი ვერ შევძლებთ, თანხა ხომ მხოლოდ 15 000 ლარია. ეს ძალიან ცოტაა”.
დახმარების მისაღებად საჭიროა განცხადების დაწერა და სოციალური მდგომარეობის ცნობის წარმოდგენა.
მიღებულ განცხადებებს კომისია განიხილავს და თუ მიიჩნევს, რომ განმცხადებელს დახმარება ნამდვილად სჭირდება, ადგილობრივი ბიუჯეტი რემონტისთვის საჭირო მთლიანი თანხის 10-20 პროცენტს დაფარავს.
“ჩვენ მთელ თანხას ვერ ავუნაზღაურებთ. გარდა ამისა, გავაკონტროლებთ, რომ მიღებული თანხა დანიშნულებისამებრ დაიხარჯოს”, - ამბობს თოკმაჯანიანი.
როზა აგვერდიანი 75 წლის მარტოხელა პენსიონერია. ნათესავები არ ჰყავს, შესაბამისად, არავინ ეხმარება. გასულ წელს როზა აგვერდიანმა საცხოვრებელი პიროებების გაუმჯობესების თხოვნით საკრებულოს არაერთხელ მიმართა, მაგრამ ბიუჯეტში ამ მიზნისთვის თანხის არარსებობის მიზეზით უარი უთხრეს. განცხადება წელსაც შეიტანა და იმედი ჰქონდა, რომ ხარჯთაღრიცხვის თანხას სრულად აუნაზღაურებდნენ. “თუ მხოლოდ 10-20 პროცენტს მომცემენ, დანარჩენი სად უნდა ვიშოვო. რა ვქნა, დახმარე არავინ მყავს, - ამბობს იგი და განმარტავს, რომ მის საცხოვრებელს კაპიტალური შეკეთება ესაჭიროება, - კანალიზაცია არ მუშაობს, ძველი მილები დასკდა და წყალი მეზობლების სახლებში შედის. მე შაქრიანი დიაბეტით ვარ ავად, პენსია 84 ლარი მაქვს და რემონტის გაკეთების საშუალება არ გამაჩნია”.
პენსიონერი სოფია გევენიანმაც დაწერა განცხადება დამარების მისაღებად. თუმცა, ამბობს, რომ თუ დახმარება მცირე იქნება თანხაზე უარს იტყვის: “ვიცი, რომ თანხას სრულად არ მომცემენ. ვნახოთ, რამდენი იქნება 10-20 პროცენტი. თუ ძალიან მცირე იქნება უარს ვიტყვი და იმას გავარემონტებ, რისი საშუალებაც მექნება”.
რამდენ ოჯახს გაწვდება 15 000 ლარი და რამდენი ბინა რა ხარსიხით შეკეთდება, რამდენიმე თვეში უკვე ცნობილი გახდება. ამ ეტაპზე ადგილობრივ ხელმძღვანელობას დახმარების მისაღებად მხოლოდ რვა მოქალაქემ მიმართა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი