როგორც ცნობილია, წელიწადის ამ დროს სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემაში ერთგვარი ცვლილებები მიმდინარეობს. კანის რომელი დაავადებების გამწვავებას უნდა ველოდოთ, რა იწვევს მათ გავრცელებას და როგორ შეიძლება მკურნალობა. ამ და სხვა კითხვებით “სამხრეთის კარიბჭემ” დერმატოლოგ თამარ უძილაურს მიმართა. მანანა სარაშვილი, ახალციხე
- კანის რომელი დაავადებები მატულობს ადრეულ გაზაფხულზე და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
მზის აქტივობის მომატებასთან ერთად მატულობს ალერგიული დერმატიტი, რომელიც მცენარეზე შეხებითა და მისი მტვერის შესუნთქვით ვლინდება. ამ პერიოდში შესაძლებელია პოლინოზის გავრცელებაც, რომელიც ასევე ალერგიული დაავადებაა და ასევე მცენარესთან შეხებით ვრცელდება. ამ დაავადებებით ძირითადად სოფლის მოსახლეობა გვაკითხავს, რადგან მინდორში მუშაობენ და შესაბამისად ყველაზე ხშირი შეხება აქვთ მცენარეებთან.
ალერგიული დერმატიტის გამომწვევი ასევე შესაძლებელია იყოს საკვები, მაგალითად ნიგოზი, თხილი, ციტრუსი, მზესუმზირა, შოკოლადი, ყავა, კონსერვატები და სხვა.
პოლინოზი გამოიხატება სურდოთი, ცემინებით, თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით, ალერგიული კონიუნქტივიტით, სხეულზე გამონაყარით, რომელიც შეიძლება იყოს კვანძისებური ან ლაქების მსგავსი.
ალერგიული დერმატიტი ვლინდება კანის მკვეთრი სიწითლით, ერითემით, რომელსაც თან სდევს გამოხატული შეშუპება და ბუშტუკებით, რომლებიც იხსნება და ტოვებს სველ ეროზიას.
როგორც გაზაფხულისთვის, ასევე სხვა პერიოდისთვის დამახასიათებელია კანის სხვა დაავადებებიც, როგორიც არის ეგზემა და ფსორიაზი.
_ რა დაავადებაა ეგზემა და რა იწვევს მის გავრცელებას?
ეგზემა ლათინურად ნიშნავს “ვდუღვარ” და არის კანის ანთებით დაავადება. ეგზემის აღმოცენებასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლს ასრულებს როგორც ალერგიული რეაქციები, ისე ფსიქო-ემოციური მომენტებიც.
ასევე, დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს საკვები პროდუქტები, მცენარეები და მათი მტვერი.
- რა ასაკში გვხვდება ეგზემა და როგორია ამ დაავადების სიმპტომები?
ეგზემა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. გამონაყარი ჩნდება კანის ნებისმიერ უბანზე, უმეტესად-სახესა და კიდურებზე. დაავადება გამოხატულია სიწითლით, ძლიერი ქავილით, პატარა ბუშტუკების გაჩენით, რომელიც შემდეგ სკდება, ასველებს კანის დაზიანებულ ზედაპირს და წარმოიქმნება ეროზია. ამ ადგილას შემდეგ ჩნდება საკმაოდ ღრმა, მტკივნეული ნახეთქები. კანის დაავადებებიდან ასევე შესაძლებელია გამოვყოთ ფსორიაზიც.
_ რა დაავადება ფსორიაზი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?
ეს არის კანის ქრონიკული ანთებით დაავადება, რომელსაც თან ახლავს ანთებითი, აქერცვლადი გამონაყარი. ამ დაავადებით მსოფლიოს მოსახლეობის 3-5 პროცენტია დაავადებული.
ფაქტობრივად, ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ, თორმეტამდე თეორია არსებობს. ნაწილი ფიქრობს, რომ გამომწვევი მიზეზი ნერვიულობაა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ვირუსია. ასევე, არსებობს გენეტიკური ფაქტორები და კლიმატური ცვლილებები. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე კი შეიძლება ითქვას, რომ დაავადების მაპროვიცირებული არის სტრესი.
_ ჩვენი რეგიონის მცხოვრებლებისთვის კანის რა დაავადებებია დამხასიათებელი?
რეგიონში ძალიან ხშირია კანის კიბოს დაავადება. ძალიან ბევრი პაციენტი მოდის ამ დაავადებით.
კანის კიბო არის, კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმა. შედარებით ხშირად გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პირებში. დაავადება თავს იჩენს ჩვეულებრივ სხეულის ღია ნაწილებზე, როგორიც არის ცხვირი, ყური, სახე. კიბოს განვითარებას ხელს უწყობს ზედმეტი ინსოლაცია, სხივური დაზიანება.
ასევე, ძალიან ხშირია მუნის შემთხვევებიც. ეს არის პარაზიტული დაავადება, გამომწვევია ტკიპა, რომელსაც აქვს სპილოსავით ხორთუმი, ამ ხორთუმით ბურღავს კანსა და დაცოცავს კანქვეშ, რაც იწვევს ქავილს.
დასნებოვნება ხდება დაავადებული ადამიანიდან პირდაპირი კონტაქტით ან მისი საგნების გამოყენებით.
3 წლამდე ასაკში გამონაყარი შეიძლება სახეზეც ავიდეს, 3 წლის ზევით მარტო კისრის ქვევით ბინადრობს. განსაკუთრებით ხშირდება ქავილი ღამე, როცა სხეული თბება.
_ რამდენად მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის კვება?
კანის თითქმის ყველა დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, არასწორი და არაკომბინირებული კვებაა. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია.
ყოველთვის უნდა მივიღოთ ნატურალური საკვები, პროდუქტში არ უნდა იყოს კონსერვანტები. ასევე, უნდა მოვერიდოთ დიდი დოზით ალერგიული საკვების მიღებას, ესენია: თხილი, მზესუმზირა, შოკოლადი, ყავა და სხვა.
კანის დაავადებების მკურნალობა ექიმის დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია. ძალიან ბევრი პაციენტი მოდის, რომლებიც დამოუკიდებლად მკურნალობენ, რაც ძალიან ცუდ შედეგს გვაძლევს. ჩვენთან მოდიან უკვე გართულებული მდგომარეობით და გვიჭირს მკურნალობა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი