პირველი აპრილიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა პენსიონერი პენსიას პლასტიკური ბარათით აიღებს.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ პენსიონერებმა პენსია პირადად უნდა აიღონ. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანხის აღება არ შეუძლიათ, მათ ნაცვლად ამას, მინდობილობის მეშვეობით, ნდობით აღჭურვილი პირი გააკეთებს.
პენსიონერებს შეუძლიათ ბარათიდან თანხა არ მოხსნან. მომსახურე ბანკს მათი კუთვნილი თანხის შენახვის უფლება ექვსი თვის განმავლობაში აქვს. ვადის გასვლის შემდეგ ბანკის თანამშრომლები ინფორმაციას გადასცემენ საპენსიო ფონდს, სადაც დაგროვილი პენსიის შემდგომში შენახვის საკითხი გადაწყდება.
ბანკი პენსიონერებს საბანკო დეპოზიტის გახსნის შესაძლებლობასაც აძლევს. დეპოზიტის მისაღებად პენსიონერსა და ბანკს შორის გარკვეული ვადის მქონე ხელშეკრულება ფორმდება.
“ჩვენ შეგვიძლია პენსია დეპოზიტის სახით შევინახოთ, რის შედეგადაც პენსიონერი ხუთი თვის განმავლობაში დამატებით 12 პროცენტს, ხოლო ხელშეკრულების 12 თვით გაფორმების შემთხვევაში 16 პროცენტს მიიღებს. პროცენტი საკმაოდ მაღალია, მაგრამ პენსიონერები დეპოზიტის გახსნაზე არ თანხმდებიან. მსუბუქად რომ ვთქვათ, პენსიონერთა უმრავლესობა მხოლოდ პენსიით ცხოვრობს, ამიტომაც მათთვის დეპოზიტის გახსნა მომგებიანი არ არის”, - ამბობს “სახალხო ბანკის” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფილიალის მმართველი ალექსანდრე ვახტანგიშვილი.
პენსიონერებს ანგარიშიდან სასურველი ოდენობით თანხის აღება “სახალხო ბანკის” ნებისმიერ სერვის-ცენტრში შეუძლიათ. პლასტიკური ბარათით “ვიზა ელექტრონი” პენსიონერს თანხის აღება სახელმწიფოს საზღვრებს გარეთაც შეეძლება, თუმცა, ამისათვის მას გარკვეული პროცენტის გადახდა მოუწევს. ეს უკანასკნელი პირობა საქართველოს ფარგლებს შიგნით განაღდებულ თანხებზე არ ვრცელდება. მომსახურების ახალ სისტემაზე გადასვლისა და ანგარიშიდან თანხის მოხსნისათვის პენსიონერი პროცენტებს არ იხდის.
სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსიის პლასტიკური ბარათით აღება ადგილზევე შეეძლებათ. ამისათვის ბანკზე მიმაგრებულ სოფლის მოლარე-ოპერატორებს თან პორტატიული აპარატები ექნებათ, რომლის მეშვეობითაც პენსიონერები თანხას თავიანთი პლასტიკური ბარათებიდან გაანაღდებენ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი