2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 8 თებერვალს დაიწყო და 22 მარტს დასრულდა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 397-მა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. რამდენია მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
“იმ მონაცემებს, რამდენი ქართველია და რამდენი სხვა ეროვნების, შეფასების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო დემეტრაძე.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა რეგისტრაცია საკუთარ სკოლებში გაიარეს, სკოლადამთავრებულებმა კი საგანმანათლებლო რესურსცენტრში. სკოლებში და რესურსცენტრებში აბიტურიენტებმა მიიღეს ცნობარი, სადაც მოცემულია სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად საჭირო ყველა ინფორმაცია.
მეთორმეტეკლასელმა თეონა ზედგინიძემ რეგისრაცია 19 მარტს, სკოლაში გაიარა. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი განაცხადში პირველი ჩაწერა, რადგან აქ მოხვდრა ყველაზე მეტად უნდა. თუ არ გაუმართლა, იმედი აქვს, რომ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მაინც მოხვდება.
თამარ ტეფნაძის პრიორიტეტი ფსიქოლოგიის ფაკულტეტია. განსაკუთრებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იხიდავს: “პირველი სამი თბილისის უნივერსიტეტების ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ჩავწერე, ახალციხის უნივერსიტეტში იურიდიული და ტურისტული ფაკულტეტი ავირჩიე, რადგან აქ ბარდება ისტორიის გამოცდა”.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წელს ბაკალავრიატზე 460 აბიტურიენტის ადგილია გამოყოფილი. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; ბიზნესისა და მართვის; იურიდიულ; სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის ფაკულტეტზე მიღება უკვე გამოცხადდა.
არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე სიახლეა.
წელს აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩააბარებენ. ისინი საერთო კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ, ერთი წელი სახელმწიფო ენას შეისწავლიან, რის შემდეგაც უმაღლეს განათლებას ისინი ქართულ ენაზე მიიღებენ.
2009 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებული 274 აბიტურიენტიდან მხოლოდ 16 იყო არაქართველი, მათ შორის სომეხი ეროვნების - 5.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი