წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის “სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხა გაორმაგდა, თუმცა სოფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი ესეც არ არის.
შუშან შირინიანი, ახალქალაქიახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ამ სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილმა თანხამ წელს 891 066 ლარი შეადგინა, შარშან კი იმავე პროგრამით მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი თანხა 381 000 ლარი იყო.
თანხა შემდეგი პრინციპით ნაწილდება: სოფელს, სადაც 200 ადამიანზე ნაკლები მცხოვრებია _ 4 000 ლარი; 200-დან 400-მდე – 5 000 ლარი; 400-დან 1000-მდე – 8 000 ლარი და 1 000-ზე მეტი – 12 000 ლარი. ამას გარდა, ყველა სოფელს ემატება 8,10 ლარი თითოეულ მოსახლეზე.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ თანხებით მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება. სერიოზული სამუშაოები იწყება, მაგრამ დაუსრულებელი რჩება.
სოფელ ზაკვში გასულ წელს წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეკეთება დაიწყო, თუმცა 4 500 ლარი სამუშაოების ნახევარსაც არ ეყო. წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფელს 11 880 ლარი ერგო. ახლა ის უნდა გაირკვეს, სამი მნიშვნელოვანი პრობლემიდან კონკრეტულად რომლის მოგვარებას შეუდგებიან.
“ჩვენს სოფელში სამი ძირითადი პრობლემაა: გვაქვს წისქვილი, რომელსაც წყალი არ მიეწოდება; მეორე – სოფლის ტერიტორიაზე დიდი საძოვარია, რომელზე მდინარიდან ჩამდინარე წყალი დგას, საჭიროა ტექნიკა, რათა ეს წყალი ამოიტუმბოს და საძოვარი საქონლისთვის გათავისუფლდეს და მესამე – გზები”, - ამბობს სოფელ ზაკვის მკვიდრი ვარაზდატ ხანახიანი,
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის ვაან ბატოიანის თქმით, ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს. პრობლემების ერთბაშად მოგვარება შეუძლებელია: “სოფლებში 30-40 წელიწადია, არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. რამხელა თანხაც უნდა იყოს გამოყოფილი, ამ ეტაპზე საკმარისი მაინც არ იქნება. ცხადია, პრობლემები ბევრია, მაგრამ სოფლებმა უნდა განსაზღვრონ, რომელია ყველაზე პირველადი და გადაცემული თანხაც მათი მოგვარებისთვის დახარჯონ”.
ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი სოფლებმა უკვე წარადგინეს. სამუშაოები მარტში დაიწყება. არის სოფლები, რომელთაც 4-5 პრიორიტეტული პრობლემა დაასახელეს.
ზოგ სოფელში უმთავრეს პრობლემად ისეთი საქმეები მიიჩნიეს, რომელთა განხორციელებაც ამ პროგრამის ფარგლებში ნებადართული არ არის. მაგალითად, სოფელ ბალხოს მცხოვრების ანაიტ კარაპეტიანის თქმით, აუცილებელია სკოლის კაპიტალური შეკეთება. თუმცა ამ პროგრამით გამოყოფილი თანხის სკოლების შეკეთებისთვის დახარჯვა არ შეიძლება. ზოგიერთმა სოფელმა გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა, რაც ასევე დაუშვებელია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
“ამ ფულის სკოლებისთვის ხარჯვა დაუშვებელია, რადგან სკოლები სხვა წყაროებიდან ფინანსდება. ზოგმა სოფელმა პრიორიტეტად გაზიფიცირება დაასახელა, მაგრამ სახლემწიფო არც ამაზეა თანახმა. ეს ავუხსენით მოსახლეობას და ხალხმაც გაიგო. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, რომელიც ჯავახეთის გაზიფიცირებას ახორციელებს, არსებობს შეთანხმება, რომ ისინი სოფლებში გაზს საკუთარი სახსრებით შეიყვანენ”, - ამბობს ვაან ბატოიანი.
ყველა სხვა შემთხვევაში, თუ მოცემული სამუშაოს შესრულებას რომელიმე სხვა პროექტი არ ითვალისწინებს, სოფელი წყვეტს, რას მოხმარდეს სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხა. რწმუნებულმა უნდა ჩაატაროს სოფლის კრება, სადაც ერთობლივად გადაწყვეტენ, როგორ გაანაწილონ თანხა.
თუმცა, პრიორიტეტის განსაზღვრა ყველა სოფელში მარტივად არ ხდება. სოფელ ოკამის მცხოვრები სოსო ბალახაძე უკმაყოფილოა, რადგან გადაწყვეტილება კრების გარეშე მიიღეს. ამ პროგრამით ოკამს 12 374 ლარი ეკუთვნის: “ვიცი, რომ პროექტი უკვე დაწერილია და გადაწყდა რა სამუშაოები ჩატარდება სოფელში. კრება არ ჩატარებულა, შესაძლოა, გადაწყვეტილება ოცმა ადამიანმა მიიღო, მაგრამ ეს მთელი სოფელი არ არის. წერილობითი ფორმით საჩივარს შევიტან, მინდა, რომ მთელმა სოფელმა ერთად გადაწყვიტოს, როგორ დაიხარჯება თანხა. ამ გადაწყვეტილების გამო სოფელი სამ ნაწილადაა გაყოფილი, მოსაზრებები გაიყო. ნაწილს წყლის გაყვანა უნდა, ნაწილს გზის გარემონტება, ნაწილს – სამედიცინო პუნქტის გახსნა, ნაწილს კი რიტუალების სახლის გარემონტება”.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობაში პრიორიტეტები ერთნაირია: აუზების აშენება, ხიდებისა და გზების შეკეთება, წყლის გაყვანა, რიტუალების სახლებისა და კლუბების შეკეთება...
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი